ნეემია 5:4-13

By
სექტემბერი 12, 2014
4 და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ: „ჩვენი მიწებისა და ჩვენი ვენახების დაგირავებით ფულს ვშოულობთ მეფისთვის ხარკის გადასახდელად. 5 და ჩვენი ხორციც ისეთივეა, როგორც ჩვენი მოძმეებისა. და ჩვენი ძენი ისეთივენი არიან, როგორიც მათი ძენი, მაგრამ ჩვენ გვიხდება ჩვენი ძეებისა და ასულების მონებად მიცემა და ზოგიერთი ჩვენი ასულთაგანი უკვე დამონებულია. ხელში ძალა გამოგვეცალა და ჩვენი ყანები და ვენახები სხვებს რჩებათ.“ 6 ძალიან გავცეცხლდი, როდესაც მათი დრტვინვა და ეს სიტყვები მოვისმინე. 7 მაგრამ გულმა მიკარნახა და ვეჩხუბე დიდებულებს, მოხელეებს და ვუთხარი მათ: „თქვენი მოძმეებისაგან ვახშს იღებთ.“ და მოვიწვიე მათ წინააღმდეგ დიდი კრებული. 8 და ვუთხარი მათ: „ჩვენ გამოვისყიდეთ სხვა ხალხებს მიყიდული ჩვენი იუდაელი ძმები, როგორც შეგვეძლო, თქვენ კი საკუთარ ძმებს ჰყიდით, რომლებიც მერე ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ.“ და დუმდნენ ისინი და სიტყვას ვეღარ პოულობდნენ. 9 და ვთქვი: „არ არის კარგი ეს საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ! განა ღვთის შიშით არ უნდა დადიოდეთ, რათა ხალხებისგან და მტრებისგან დაცინვა აიცილოთ? 10 მე, ჩემი ძმები და ჩემი მსახურნი სესხად ვაძლევთ ვერცხლს და ხორბალს. მოდით, ვაპატიოთ მათ ეს ვალი. 11 დღესვე დაუბრუნეთ მათ მათი ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, და სარგებელი ვერცხლის, ხორბლის, ღვინის და ზეთის, რასაც მათგან ითხოვდით.“ 12 და თქვეს: „დავუბრუნებთ და აღარ მოვთხოვთ; ისე მოვიქცევით, როგორც შენ ამბობ.“ და მღვდლებს დავუძახე და დავაფიცე ისინი, რომ იმ სიტყვისამებრ მოქცეულიყვნენ. 13 და დავიბერტყე მოსასხამის კალთა და ვთქვი: „ასე გაიბერტყოს ყოველი ის კაცი თავისი სახლიდან და თავისი მონაგარიდან, ვინც არ შეასრულებს ამ სიტყვას, და ასე იყოს გაბერტყილი და გამოცარიელებული.“ და თქვა მთელმა კრებულმა: „ამინ!“ და ხოტბა შეასხა უფალს და შეასრულა ხალხმა ეს სიტყვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close