მსაჯული 3:20-24
და შევიდა ეჰუდი მასთან; და იგი მარტო იჯდა ზემო საგრილებელ ოთახში, და უთხრა ეჰუდმა: „ღვთის სიტყვა მაქვს შენთან სათქმელი.” და წამოდგა მეფე სავარძლიდან. და გაიკრა ეჰუდმა მარცხენა ხელი, იძრო მარჯვენა თეძოსთან შებმული მახვილი და მუცელში აძგერა. და წვერიან-ვადიანად ჩაიფლო მახვილი და გადაფარა ქონმა მახვილი, რადგან არ გამოუძვრია უკან მახვილი მუცლიდან, და განავალი გარეთ გამოუვიდა. და მერე გამოვიდა ტალანში ეჰუდი, გამოიხურა და გამოიკეტა კარი. და როგორც კი გავიდა, მოვიდნენ მეფის მონები და აჰა, ჩაკეტილი დახვდათ ზემო ოთახის კარი. თქვეს: „მოსასაქმებლად ჩაიკეტებოდა საგრილებელ ოთახში.”
მსაჯული 4:17-21
და გაიქცა სისარა ფეხით იაყელის, ხებერ კენიელის ცოლის, კარვისაკენ, რადგან ხაცორის მეფის, იაბინისა და კენიელი ხებერის სახლს შორის მშვიდობა სუფევდა. და გამოვიდა იაყელი სისარას შესახვედრად, და უთხრა მას: „მობრძანდი, ბატონო ჩემო, შემობრძანდი ჩემთან, ნუ გეშინია.” და შევიდა სისარა მასთან კარავში, და დამალა იგი ფარდაგის ქვეშ. და უთხრა მას სისარამ: „გეთაყვა, ცოტა წყალი დამალევინე, რადგან მწყურია.” და მოხსნა იაყელმა რძის ტიკს თავი და დაალევინა, და დამალა ისევ სისარა. და სისარამ უთხრა მას: „დადექი კარვის კართან, თუ ვინმემ ჩამოიაროს და გკითხოს, ვინმე ხომ არ არის მანდო, უთხარი: არა-თქო.” და იაყელმა, ხებერის ცოლმა, აიღო კარვის პალო, ხელში ურო დაიჭირა და მას ფეხაკრეფით მიეპარა, მას კი დაღლილს ეძინა; და ჩაურჭო პალო საფეთქელში, და მიწას დააჭედა, და მოკვდა.
2 მეფეთა 3:27
და როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, ვითომც განმარტოვებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჩასცა მახვილი. და მოკვდა ყასაელის, იოაბის ძმის, სისხლის საზღაურად.
2 მეფეთა 4:5-8
და წავიდნენ რიმონ ბეეროთელის ვაჟები – რეხაბი და ბაყანა და დღის ხვატში მიადგნენ იშბოშეთის სახლს. ის კი საწოლზე იწვა და ეძინა შუადღის ძილით. და აჰა, რეხაბი და ბაყანა, მისი ძმა შევიდნენ შიგ სახლში, ვითომდა ხორბლის საყიდლად, და მეხუთე ნეკნთან ჩასცეს მახვილი. და მიიმალნენ. როცა ისინი შევიდნენ სახლში, [იშბოშეთს] თავის საწოლზე ეძინა, საწოლ ოთახში, და მახვილი ჩასცეს, მოკლეს და თავი მოაჭრეს. და წამოიღეს მისი თავი და მთელი ღამე იარეს ყარაბას გზით. და მიუტანეს იშბოშეთის თავი დავითს ხებრონში და უთხრეს მეფეს: „აჰა, იშბოშეთის თავი, საულის, შენი მტრის, ძისა, რომელსაც შენი მოკვლა უნდოდა, შური უძია უფალმა ჩემს მეფე-ბატონს საულისგან და მისი ნაშიერისგან.
2 მეფეთა 13:28
და უბრძანა აბესალომმა თავის მსახურ ბიჭებს: „ყური უგდეთ, როცა ღვინისგან გამხიარულდება ყამნონი და მე გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ყამნონს, თქვენც მოკალით იგი, ნუ შეგეშინდებათ, რადგან მე გიბრძანებთ ამას! აბა, გამაგრდით და მამაცურად მოიქეცით.”
2 მეფეთა 18:14
და უთხრა იოაბმა: „ტყუილად ვკარგავ დროს შენთან!” და ხელთ იპყრა სამი ისარი და შიგ გულში გაუყარა აბესალომს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა მუხაზე.
2 მეფეთა 20:10
და ვერ დაიცვა თავი ყამასამ მახვილისაგან, იოაბს რომ ეჭირა ხელში, და ჩასცა იოაბმა ფერდში და ნაწლავები გადმოაყრევინა მიწაზე. მეორედ აღარ ჩაუცია. მკვდარი იყო. და დაედევნენ იოაბი და მისი ძმა აბიშაი შებაყ ბიქრის ძეს.