რიცხვნი 6:1-8
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: განუცხადე ისრაელიანთ და უთხარი: თუ კაცი ან ქალი დადებს მოწმიდარობის აღთქმას, მან თავი წმიდად უნდა მიუძღვნას უფალს; ღვინისა და თაფლუჭისაგან თავი უნდა შეიკავოს; ღვინის და თაფლუჭის ძმარი არ იხმაროს, არც ყურძნის წვენი დალიოს, და არ ჭამოს არც ახალი ყურძენი და არც ჩამიჩი. მთელი თავისი მოწმიდარობის დღეებში არაფერი არ ჭამოს, რაც კეთდება ყურძნისაგან, წიპწიდან ჩენჩომდე. თავისი მოწმიდარობის აღთქმის მთელ დროს სამართებელმა არ გადაიაროს მის თავზე; ვიდრე არ გაუვა უფლის მოწმიდარობის ვადა. წმიდაა იგი და თმა მოიზარდოს თავზე. უფლის მოწმიდარობის დღეებში მკვდარს არ მიეკაროს. თავისი მამის და დედის, ძმისა და დის გამოც არ შეიბილწოს მათი სიკვდილის შემთხვევაში, რადგან მის კისერზეა ღმერთის მოწმიდარობა. მთელი თავისი მოწმიდარობის დღეებში იგი წმიდაა უფლისათვის.
ფსალმუნები 118:106
დავიფიცე და ავასრულე, მივდევ შენს მართალ განსჯებს.
იესო ნავეს ძე 22:5
ოღონდ გულმოდგინედ შეასრულეთ მცნება და რჯული, რომელიც გამცნოთ მოსემ, უფლის მსახურმა, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და იაროთ ყველა მის გზაზე და დაიცვათ მისი მცნებანი, მიეწებოთ მას და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით.“
რიცხვნი 18:6
აჰა, მე გამოვირჩიე შენი ძმები, ლევიანები, ისრაელიანთაგან, და მოგეცით თქვენ, ძღვნად უფლისა, რათა აღასრულონ საკრებულო კარვის სამსახური.
3 მეფეთა 7:51
და მოთავდა ყოველი სამუშაო, რაც უფლის სახლში შეასრულა მეფე სოლომონმა; და მოიტანა სოლომონმა მამამისის, დავითის შემოწირულობა: ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი და დააწყო უფლის ტაძრის საგანძურებში.
2 მეფეთა 8:11-12
ეს ჭურჭელიც უფალს შესწირა მეფე დავითმა იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს რომ წაართვა: არამელთ, მოაბელთ, ყამონიანებს, ფილისტიმელთ, ყამალეკს, აგრეთვე ცობას მეფე ჰადადყეზერს, რეხობის ძეს.