27 გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’ 28 მე კი გეუბნებით, რომ ყველამ, ვინც ქალს გულისთქმით შეხედა, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. 29 თუ შენი მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია შენთვის, რომ შენს ასოთაგან ერთი დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. 30 თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, რადგან უმჯობესია შენთვის, რომ შენს ასოთაგან ერთი დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. 31 ნათქვამი იყო: ‘ვინც ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრის მოწმობა.’ 32 მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე, მრუშად აქცევს მას. და ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს. 33 კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისათვის: ‘არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.’ 34 მე კი გეუბნებით თქვენ: სრულებით არ დაიფიცოთ! არც ცა, რადგან ღმერთის ტახტია იგი. 35 არც დედამიწა, რადგან მის ფეხთა კვარცხლბეკია. არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია. 36 არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან თმის ერთი ღერის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია. 37 არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო, არა, არა, ხოლო რაც ამაზე მეტია, ბოროტისგანაა. 38 გსმენიათ, რომ თქმულა: ‘თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.’ 39 მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგარტყამს, მეორე ლოყაც მიუშვირე.