მათეს 22:1-14

By
იანვარი 26, 2014
1 და მიუგო იესომ ისევ იგავით და უთხრა მათ: 2 „ცათა სასუფეველი ჰგავს მეფეკაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა. 3 გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსვლა. 4 კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: ‘უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ჩემი სერობა, ჩემი ხარები და ნასუქალი პირუტყვი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!’ 5 მაგრამ მათ ყური არ უგდეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე. 6 სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. 7 ეს რომ მეფემ გაიგო, განრისხდა, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა. 8 მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ‘ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი. 9 ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში.’ 10 და გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი, და საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით. 11 როცა მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და დაინახა იქ კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ ეცვა, 12 უთხრა მას: ‘მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია?’ ის კი დუმდა. 13 მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: ‘გაუკარით მაგას ხელ-ფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’ 14 ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა.”

კომენტარის დატოვება

Close
Close