მარკოზის 5:1-20

By
იანვარი 14, 2015
1 და გავიდნენ ზღვის გადაღმა, გერასენელთა მხარეში. 2 ნავიდან რომ გადმოვიდა, შემოხვდა კაცი სამარხებიდან, უწმიდური სულით შეპყრობილი. 3 მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შეკვრა. 4 რადგან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება. 5 დღისით და ღამით მუდამ სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ეხეთქებოდა ლოდებს. 6 და როდესაც დაინახა შორიდან იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა. 7 ხმამაღლა იყვირა და უთხრა: „რა გინდა ჩემგან, იესო, უზენაესი ღმერთის ძევ? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!“ 8 რადგან უთხრა მას: „გადი ამ კაცისაგან, უწმიდურო სულო!“ 9 და ჰკითხა მას: „რა არის შენი სახელი?“ და უპასუხა მას: „ლეგიონია ჩემი სახელი, რადგან ბევრნი ვართ.“ 10 და ბევრს ევედრებოდნენ, რომ ამ არე-მარედან არ გაეძევებინა ისინი. 11 იქ კი, მთასთან, ღორების დიდი კოლტი ძოვდა. 12 და შეევედრნენ მას და უთხრეს: „გაგვზავნე ღორებთან, რომ შევიდეთ მათში.“ 13 და დართო მათ ნება და გამოსული უწმიდური სულები შევიდნენ ღორებში. და გადაეშვა კოლტი კბოდედან ზღვაში, 2 ათასამდე იყვნენ, და ჩაიხრჩო ზღვაში. 14 ხოლო მათი მწყემსები გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს, და გამოვიდა ხალხი, რომ ენახათ, რა მოხდა. 15 მივიდნენ იესოსთან და ხედავენ, რომ ეშმაკეული, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა, ზის, შემოსილი და გონსმოსული, და შეშინდნენ. 16 და უამბეს მათ მხილველებმა, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს. 17 და შეევედრნენ, გასცლოდა მათ საზღვრებს. 18 ნავში ასვლისას, შეევედრა მას ყოფილი ეშმაკეული, შენთან დავრჩებიო. 19 მაგრამ არ დართო ნება, არამედ უთხრა: „წადი შენს სახლში შენიანებთან და უამბე მათ, რა გაგიკეთა ღმერთმა და როგორ შეგიწყალა.“ 20 წავიდა და გამოაცხადა ათქალაქში, რაც გაუკეთა მას იესომ, და ყველას უკვირდა.

კომენტარის დატოვება

Close
Close