ლევიანნი 23

By
აპრილი 27, 2015
ძველი აღთქმა
ლევიანნი

231 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ უფლის დღესასწაულებზე: ‘რომლებსაც თქვენ უნდა უწოდოთ წმიდა შეკრებილებანი, ესენია ჩემი დღესასწაულები 3 „‘ექვსი დღე აკეთე საქმე და მეშვიდე დღეს შაბათია დასვენებისა, წმიდა შეკრებილობაა. არავითარი საქმე არ აკეთოთ. ეს შაბათია უფლისა ყოველი თქვენგანის სადგომში. 4 „‘ესენია უფლის დღესასწაულნი, წმიდა შეკრებილობანი, რომელნიც უნდა მოიწვიოთ მათთვის დანიშნულ დროს: 5 პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს, დაბინდებისას, პასექია უფლისათვის. 6 და ამ თვის მეთხუთმეტე დღეს უფუარობის დღესასწაულია უფლისათვის. შვიდი დღე ჭამდეთ უფუარს. 7 პირველ დღეს წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. 8 შეწირეთ საცეცხლო შესაწირავი უფალს შვიდ დღეს. მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებილობაა, არავითარი საქმე არ გააკეთოთ.’” 9 და უთხრა უფალმა მოსეს; 10 „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ თქვენ, და მომკით მის სამკალს, მიართვით პირველი ძნა თქვენი სამკალისა მღვდელს. 11 და შეარხევს იგი ძნას უფლის წინაშე თქვენი წყალობისათვის. 12 და შესწირეთ თქვენს მიერ ძნის შერხევის დღეს უმანკო ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად უფლისათვის, 13 და მასთან ძღვენი პურეულისა: ეფის ორი მეათედი ნაწილი წმიდა პურის ფქვილიდან, ზეთში შერეული, საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის, კეთილსურნელებად, და მისი საღვრელი ჰინის მეოთხედი ღვინო. 14 არც პური, არც გამომშრალი მარცვლეული და ახალი თავთავი არ ჭამოთ თვით იმ დღემდე, ვიდრე არ შესწირავთ ამ მსხვერპლს თქვენს ღმერთს. ეს არის საუკუნო წესი თქვენს თაობებში, ყოველ თქვენს სადგომში. 15 „‘გადაითვალეთ დღესასწაულის მეორე დღიდან, თქვენს მიერ შესარხეველი ძნის შეწირვის დღიდან, შვიდი სრული კვირა. 16 მეშვიდე კვირის პირველ დღემდე გადაითვალეთ ორმოცდაათი დღე და შესწირეთ პურეული ძღვენი უფალს. 17 თქვენი სადგომებიდან მიიტანეთ ორი პური შესარხევად. წმიდა პურის ფქვილის ორი მეათედი ნაწილი ეფისა უნდა იყოს და ცომოვანი საფუარით გაფუებული გამოცხვეს, როგორც პირველნაყოფი უფლისათვის. 18 და შესწირეთ პურის გარდა შვიდი წელგამოვლილი კრავი, უმანკო, და ერთი მოზვერი, და ორი ვერძი. იქნებიან ესენი სრულადდასაწველნი უფლისათვის, და ძღვენი პურეულისა, და მათი საღვრელი საცეცხლო შესაწირავად, კეთილსურნელებად უფლისათვის. 19 და მოამზადეთ ერთი თიკანი, ცოდვის მსხვერპლად და ორი ერთწლიანი კრავი სამშვიდობო მსხვერპლად. 20 მღვდელმა უნდა შეარხიოს უფლის წინაშე ეს ორი კრავი პირველნაყოფთა პურთან ერთად უფლისათვის ძღვნად. ეს წმიდაა უფლისათვის, მღვდელს ეკუთვნის. 21 და მოიწვიეთ ხალხი ამ დღეს. წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. ეს არის საუკუნო წესი თქვენს ყოველ სადგომში თქვენს თაობებში. 22 „‘და როცა მომკით სამკალს თქვენი მიწისას, არ მოათაოთ სამკალი თქვენი ყანისა კიდემდე, და ჩაბნეული თქვენი ნამკალისა არ აკრიფოთ: ღარიბს და ხიზანს დაუტოვეთ. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.’” 23 და უთხრა უფალმა მოსეს: 24 „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘მეშვიდე თვეს, თვის პირველ დღეს, იყოს თქვენთვის დასვენება, გახსენება ბუკის ცემისა, წმიდა შეკრებილობა. 25 არავითარი საქმე არ გააკეთოთ და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს.’” 26 და უთხრა უფალმა მოსეს: 27 „მეშვიდე თვის მეათე დღეს, შენდობის დღეს, წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. დაიმდაბლეთ სული მარხვით, და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. 28 და არავითარი საქმე არ გააკეთოთ თვის ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა თქვენს შესანდობად უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე. 29 ხოლო ყოველი სული, რომელიც არ დაიმდაბლებს თავს ამ დღეს, მოისპობა თავისი ხალხიდან. 30 და ყოველი სული, რომელიც გააკეთებს რამე საქმეს ამ დღეს, გავანადგურებ ამ სულს მისი ხალხის გარემოდან. 31 არავითარი საქმე არ გააკეთოთ. საუკუნო წესია თქვენს თაობებში, თქვენს ყოველ სადგომში. 32 ეს არის დასვენების შაბათი თქვენთვის და დაიმდაბლეთ თქვენი სული. თვის მეცხრე დღეს საღამოზე. საღამოდან საღამომდე იშაბათეთ თქვენი შაბათი.” 33 და უთხრა უფალმა მოსეს: 34 „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘ამავე მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს კარვობის დღესასწაულია, შვიდი დღეა უფლისათვის. 35 პირველ დღეს წმიდა შეკრებილობაა. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. 36 შვიდი დღე შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს; მერვე დღეს წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. დღესასწაულის წარგზავნაა, არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს. 37 („‘ესენია უფლის დღესასწაულები, რომლებსაც თქვენ დანიშნავთ წმიდა შეკრებილობისათვის, რათა მსხვერპლად მიართვათ უფალს სრულადდასაწველი, პურეულის ძღვენი, დასაკლავი მსხვერპლები და საღვრელი, –თითოეულის თავის დღეს, 38 გარდა უფლის შაბათებისა და გარდა თქვენს შემოწირულობათა, გარდა ყოველი თქვენი აღთქმულისა და გარდა თქვენს ძღვენთა, რომელთაც თქვენ მისცემთ უფალს.) 39 „‘მაგრამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, როცა თქვენ შეკრებთ ქვეყნის მოსავალს, იდღესასწაულეთ უფლის დღესასწაული შვიდ დღეს. პირველ დღეს დასვენებაა და მერვე დღესაც დასვენებაა. 40 და აიღეთ თქვენთვის პირველ დღეს ნაყოფი მშვენიერი ხისა, რტოები პალმისა და შტო ბრტყელფოთოლა ხისა და ძეწნისა, და იხარეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე შვიდი დღე. 41 და იდღესასწაულეთ ეს დღესასწაული უფლისათვის შვიდ დღეს წელიწადში. ეს საუკუნო წესია თქვენს თაობებში. მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი. 42 კარვებში იცხოვრეთ შვიდი დღე. ყოველმა მკვიდრმა ისრაელში იცხოვროს კარავში, 43 რათა იცოდნენ თქვენმა თაობებმა, რომ კარვებში დავამკვიდრე ისრაელის ძენი, როცა გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.’” 44 და ელაპარაკა მოსე უფლის დღესასწაულებზე ისრაელის ძეთ.

თავი ოცდამეორე                                                                                                                              თავი ოცდამეოთხე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close