ლევიანნი
211 და უთხრა უფალმა მოსეს: „განუცხადე მღვდლებს, აარონის ძეთ, და უთხარი მათ: ‘არც ერთი მათგანი არ გაუწმიდურდეს მკვდართან შეხებით თავის ხალხში. 2 მხოლოდ თავისი ხორციელი ნათესავის გამო: თავისი დედის და თავისი მამის, თავისი ვაჟის და თავისი ასულის, და თავისი ძმის, 3 და თავისი დის, თავისი ახლობელი ქალწულისა, რომელიც არ იყო გათხოვილი, შეუძლია შეხება, არ გაუწმიდურება. 4 ნუ გაიუწმიდურებს თავს კაცი თავის ხალხში, რათა არ წაიბილწოს იგი. 5 „‘არ გადაიპარსონ თავი და წვერის კიდეები არ შეიჭრან და სხეულზე არ გაიკეთონ ნაჭდევი. 6 წმიდები უნდა იყვნენ ისინი თავიანთი ღმერთისათვის და არ შებღალონ სახელი თავიანთი ღმერთისა, რადგან უფლის საცეცხლო შესაწირავს, თავიანთი ღმერთის პურსა სწირავენ ისინი, და ამიტომ უნდა იყვნენ ისინი წმიდები. 7 „‘ქალი მეძავი და წაბილწული არ შეირთონ მათ, ასევე ქალი განქორწინებული თავისი ქმრისაგან არ შეირთონ მათ, რადგან წმიდები არიან თავისი ღმერთისათვის. 8 შენ აკურთხე ის, რადგან შენს ღმერთს სწირავს იგი პურს. წმიდა იყოს ის შენთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი გამწმედელი. 9 „‘თუ მღვდლის ასული წაიბილწავს თავს მრუშობით, თავისი მამის წამბილწველია – ცეცხლში დაიწვას იგი. 10 „‘მთავარი მღვდელი თავის ძმათაგან, რომლის თავზე დასხმულ იქნა საცხებელი ზეთი და რომელსაც აუვსეს ხელი, რომ შეიმოსოს წმიდა შესამოსლით, თავს ნუ გაიშიშვლებს, სამოსელს ნუ დაიხევს. 11 მკვდართან არავისთან არ უნდა შევიდეს იგი. თავისი მამისა და თავისი დედის გვამითაც კი არ წაიბილწოს თავი. 12 საწმიდარს არ უნდა მოცილდეს, რათა არ წაბილწოს საწმიდარი თავისი ღმერთისა, რადგან მისი ღმერთის საცხებელი ზეთის გვირგვინია მასზე. მე ვარ უფალი. 13 „‘ცოლად ქალწული შეირთოს. 14 ქვრივი, ან ქმარგაყრილი, ან წაბილწული მეძავი არ შეირთოს. მხოლოდ ქალწული შეირთოს ცოლად თავისი ხალხიდან. 15 არ წაბილწოს თავისი თესლი თავის ხალხში, რადგან მე ვარ უფალი, მისი განმწმედელი.’” 16 და უთხრა უფალმა მოსეს: 17 „ასე უთხარი აარონს: ‘არავინ შენი თესლიდან თავიანთ თაობებში, რომელსაც ექნება ხინჯი სხეულზე, არ მივიდეს თავისი ღმერთისთვის პურის შესაწირად. 18 არავინ, ვისაც ხინჯი აქვს ტანზე, არ მივიდეს: არც ბრმა არც კოჭლი, ან მახინჯი, 19 ან კაცი, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი ან ხელი აქვს მოტეხილი, 20 ან კუზიანია, ან ქონდრისკაცია, ან რომელსაც ლიბრი აქვს თვალზე, ან ქეცი, ან დაზიანებული აქვს კვერცხები. 21 ყოველი კაცი, რომელსაც ხინჯი აქვს აარონ მღვდლის თესლიდან, არ მიეახლოს უფლის საცეცხლო შესაწირავთა შესაწირად, ხინჯიანია ის, არ მიეახლოს თავისი ღმერთისთვის პურის შესაწირად. 22 პური თავისი ღმერთისა ყოვლად წმიდისაგან და წმიდისაგან შეუძლია ჭამოს. 23 მაგრამ ფარდასთან არ მივიდეს და სამსხვერპლოს არ მიეახლოს, რადგან ხინჯი აქვს. არ წაბილწოს ჩემი საკურთხეველი, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი’”. 24 და ეს გამოუცხადა მოსემ აარონს და მის ძეთ და ყველა ისრაელის ძეს.