კურნავს – ბიბლიური ციტატები

იობი 5:17-18
აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი! ამიტომ ყოვლადძლიერის შეგონებას ნუ უკუაგდებ! რამეთუ, თვითონ ლახვრავს და თვითონვე ახვევს, წყლავს, მაგრამ მისივე ხელები კურნავენ.

ფსალმუნები 29:2
უფალო, ღმერთო ჩემო, მოგიხმე და შენ განმკურნე მე.

ფსალმუნები 102:2-5
ადიდე, სულო ჩემო, უფალი, და ნუ დაივიწყებ რაც კეთილი გიყო! ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა. საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით; სიკეთით აღმვსები შენი სიცოცხლისა, ორბივით განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა.

იერემია 33:6
აჰა, მე მოვუტან მათ მორჩენასა და განკურნებას, და მე განვკურნავ მათ და გავუხსნი მათ მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიუხვეს,

ფსალმუნები 146:2-5
ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს. განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ. იგი თვლის ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს. დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია.

მათეს 11:4-6
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „წადით და მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები აღდგებიან და ღატაკებს ეხარებათ. და ნეტარია, ვინც არ დაეჭვდება ჩემში.“

ესაია 35:5-6
მაშინ აეხილებათ თვალი ბრმებს და ყრუთ ყურები გაეღებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება; რადგან უდაბნოში წყლები ამოხეთქავენ და მწყურვალ მიწაზე – ნაკადები.

მათეს 15:22-28
და, აჰა, ქანაანელი ქალი მოვიდა მასთან იმ ადგილებიდან, შეჰღაღადა მას და უთხრა: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა! ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია.“ მაგრამ მან სიტყვაც არ უპასუხა. მოწაფეები მივიდნენ მასთან და სთხოვეს: „გაუშვი იგი, რადგან უკან მოგვყვირის ჩვენ.“ მან მიუგო და უთხრა: „მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან.“ ქალი კი მივიდა, დაემხო მის წინ და უთხრა: „მიშველე მე, უფალო!“ მან მიუგო და უთხრა: „არ არის კარგი, რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო.“ ქალმა უთხრა: „დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, რომლებიც მათი ბატონების სუფრიდან ცვივა.“ მაშინ მიუგო იესომ და უთხრა: „ო, ქალო! დიდია შენი რწმენა. დაე მოგეცეს შენ შენი სურვილისამებრ.“ და იმავე ჟამს განიკურნა მისი ქალიშვილი.

მარკოზის 5:1-20
და გავიდნენ ზღვის გადაღმა, გერასენელთა მხარეში. ნავიდან რომ გადმოვიდა, შემოხვდა კაცი სამარხებიდან, უწმიდური სულით შეპყრობილი. მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შეკვრა. რადგან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება. დღისით და ღამით მუდამ სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ეხეთქებოდა ლოდებს. და როდესაც დაინახა შორიდან იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა. ხმამაღლა იყვირა და უთხრა: „რა გინდა ჩემგან, იესო, უზენაესი ღმერთის ძევ? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!“ რადგან უთხრა მას: „გადი ამ კაცისაგან, უწმიდურო სულო!“ და ჰკითხა მას: „რა არის შენი სახელი?“ და უპასუხა მას: „ლეგიონია ჩემი სახელი, რადგან ბევრნი ვართ.“ და ბევრს ევედრებოდნენ, რომ ამ არე-მარედან არ გაეძევებინა ისინი. იქ კი, მთასთან, ღორების დიდი კოლტი ძოვდა. და შეევედრნენ მას და უთხრეს: „გაგვზავნე ღორებთან, რომ შევიდეთ მათში.“ და დართო მათ ნება და გამოსული უწმიდური სულები შევიდნენ ღორებში. და გადაეშვა კოლტი კბოდედან ზღვაში, 2 ათასამდე იყვნენ, და ჩაიხრჩო ზღვაში. ხოლო მათი მწყემსები გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს, და გამოვიდა ხალხი, რომ ენახათ, რა მოხდა. მივიდნენ იესოსთან და ხედავენ, რომ ეშმაკეული, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა, ზის, შემოსილი და გონსმოსული, და შეშინდნენ.  და უამბეს მათ მხილველებმა, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს. და შეევედრნენ, გასცლოდა მათ საზღვრებს. ნავში ასვლისას, შეევედრა მას ყოფილი ეშმაკეული, შენთან დავრჩებიო. მაგრამ არ დართო ნება, არამედ უთხრა: „წადი შენს სახლში შენიანებთან და უამბე მათ, რა გაგიკეთა ღმერთმა და როგორ შეგიწყალა.“ წავიდა და გამოაცხადა ათქალაქში, რაც გაუკეთა მას იესომ, და ყველას უკვირდა.

მათეს 11:22
მაშინ მოიყვანეს მასთან ეშმაკეული ბრმა და მუნჯი და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯმა დაინახა და ალაპარაკდა.

მარკოზის 7:31-37
და როდესაც კვლავ გაბრუნდა ტვიროსის საზღვრებიდან და მივიდა სიდონის გზით გალილეის ზღვასთან, ათქალაქის საზღვრებს შორის, მიუყვანეს მას ყრუ-მუნჯი და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის. გაიყვანა იგი ცალკე, ხალხისაგან მოშორებით, თითებით ყური დაუცო, დაანერწყვა და შეეხო მის ენას,  ახედა ცას, ამოისუნთქა და ეუბნება მას: „ეფფათა,“ რაც ნიშნავს: „განიხსენ.“ და მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის ბორკილიც აეხსნა და გამართულად ალაპარაკდა. და უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, მაგრამ, რაც უფრო მეტად უკრძალავდა, მით უფრო აცხადებდნენ. უკვირდათ მეტისმეტად და ამბობდნენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს: ყრუებს სმენას უბოძებს და მუნჯებს ალაპარაკებს.“

მარკოზის 2:3-12
და მოვიდნენ და მოიყვანეს დამბლადაცემული, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა. და რომ ვერ შეძლეს მასთან მიყვანა ხალხის გამო, გადახადეს სახლს სახურავი და ჩაუშვეს საწოლი, რომელზეც დამბლადაცემული იწვა, იქ, სადაც ის იყო. დაინახა იესომ მათი რწმენა და ეუბნება დამბლადაცემულს: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!“ ისხდნენ იქ ზოგიერთნი მწიგნობართაგან და გულში ფიქრობდნენ: „რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთს გმობს. ვის შეუძლია ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?“ მაშინვე მიხვდა იესო თავისი სულით, რასაც თავისთვის ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა მათ: „რად ფიქრობთ გულში ასე? რა უფრო ადვილია – თქმა დამბლადაცემულისთვის: ‘შენი ცოდვები მოგეტევა,’ თუ თქმა: ‘ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარე’? ხოლო, რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს დედამიწაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება“ – ეუბნება დამბლადაცემულს: „გეუბნები შენ, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!“ და ადგა იგი, მყისვე აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას თვალწინ. ყველა განცვიფრდა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ.“

იოანეს 5:1-14
ამის შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და ავიდა იესო იერუსალიმში. იერუსალიმში, ცხვრის კარიბჭესთან, არის საბანელი, რომელსაც ებრაულად ბეთზათა ეწოდება, და მას აქვს ხუთი სტოა. ისხდა იქ მრავალი სნეული: ბრმა, ხეიბარი და ჩამომხმარი, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ, რადგან უფლის ანგელოზი გადმოდიოდა დროდადრო და ამღვრევდა წყალს. ხოლო ვინც პირველი ჩადიოდა წყლის ამღვრევის შემდეგ, იკურნებოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი. იყო იქ კაცი, რომელსაც 38 წელი გაეტარებინა სნეულებაში. იესომ იხილა იგი მწოლარე და შეატყო, რომ უკვე დიდი ხნის სნეულია და უთხრა: „გსურს, განიკურნო?“ მიუგო მას სნეულმა: „უფალო, კაცი არა მყავს, წყლის ამღვრევისას რომ ჩამიშვას აუზში. სანამ მე მივალ, სხვა მასწრებს.“ ეუბნება მას იესო: „ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი!“ და მაშინვე განიკურნა ის კაცი. აიღო თავისი საწოლი და გაიარა. ხოლო ის დღე შაბათი იყო. უთხრეს იუდეველებმა განკურნებულს: „დღეს შაბათია, ნება არა გაქვს საწოლის აღებისა.“ მან მიუგო მათ: ვინც განმკურნა, მითხრა: „აიღე შენი საწოლი და წადი.“ ჰკითხეს მას: „ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე და წადი?“ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იქ მყოფ ხალხში გაუჩინარდა. ამის შემდეგ იესომ ტაძარში ნახა ის და უთხრა: „აჰა, შენ განიკურნე, ნუღარ შესცოდავ, რათა უარესი რამ არ დაგემართოს.“ ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა: „იესოა, ვინც მე განმკურნა.“

Close
Close