2 კორინთელთა 4:16-18
ამიტომ არ ვცხრებით, მაგრამ თუ გარეგანი კაცი იხრწნება, ჩვენი შინაგანი მაინც განახლდება დღითი დღე. ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის, როცა ვუყურებთ არა ხილულს, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი – საუკუნო.
ფსალმუნები 106:20
მოუვლინა სიტყვა თავისი და განკურნა ისინი, იხსნა ისინი საფლავებიდან.
ესაია 40:31
ხოლო უფლის მოსავნი ძალას განიახლებენ; ფრთებს გაშლიან ორბებივით, მორბენალნი არ დაიქანცებიან, მავალნი არ დაიღლებიან.
მეორე რჯული 31:6
გამაგრდით და განმტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, თქვენი ღმერთი, მოდის თქვენთან ერთად. ის არ დაგაგდებთ და არ მიგატოვებთ.“
მათეს 11:28-29
მოდით ჩემთან, ყველა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. დაიდეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით მდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.
ფსალმუნები 17:7
გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და მოვუწოდებდი ჩემს ღმერთს. ისმინა ჩემი ხმა თავისი ტაძრიდან და მის ყურს მისწვდა ჩემი ღაღადი
იერემია 29:11
რადგან მე კარგად ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენთვის, – ამბობს უფალი, – სამშვიდობო ზრახვები, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.
იოანეს 14:1-4
„ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით: მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ თქვენ. და როდესაც წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და წაგიყვანთ ჩემთან, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ. სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით გზა.“
რომაელთა 8:16-18
სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღმერთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები – მაშინ მემკვიდრენიც, ღმერთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად განვდიდნეთ კიდეც. რადგან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ.
რომაელთა 8:24-25
რადგან სასოებით ვართ გამოხსნილნი. ხილული სასოება აღარ არის სასოება, რადგან, თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს? ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.
2 კორინთელთა 1:3-6
კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფალი იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ყოველი ნუგეშის ღმერთი, ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი. რადგან, როგორც ქრისტეს ტანჯვანი მრავლობს ჩვენში, ასევე მრავლობს ჩვენი ნუგეშისცემა ქრისტეს მიერ. თუ გვიჭირს, თქვენი ნუგეშისა და ხსნისათვის გვიჭირს; თუ ნუგეშცემულნი ვართ, თქვენს გასამხნევებლად ვართ ნუგეშცემულნი, რათა შესძლოთ დაითმინოთ იგივე სატანჯველნი, რომლებითაც ჩვენც ვიტანჯებით.