იერემია 32:36-40
ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ამ ქალაქზე, რომელზეც თქვენ ამბობთ: მახვილის, შიმშილისა და შავი ჭირის გამო გადაეცა ხელში ბაბილონის მეფესო! „აჰა, მე შევკრებ მათ ყოველი ქვეყნიდან, რომლებშიც ჩემი რისხვით, გულისწყრომითა და დიდი მრისხანებით გავაძევე ისინი, დავაბრუნებ ამ ადგილზე და უსაფრთხოდ დავასახლებ. ჩემი ერი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები. ერთ გულს და ერთ გზას მივცემ მათ, რომ თავიანთ სასიკეთოდ და მათ შემდგომ, თავიანთი შვილების სასიკეთოდ, მუდამ ეშინოდეთ ჩემი. სამარადისო აღთქმას დავდებ მათთან, რომ ზურგს აღარ ვაქცევ და სიკეთით მოვექცევი; ჩემს შიშს ჩავუნერგავ გულებში, რომ აღარ განმიდგნენ.
ფსალმუნები 118:17
კეთილი უყავ შენს მსახურს, რათა ვიცოცხლო და დავიცვა შენი სიტყვა.
ფსალმუნები 124:1-4
სიონის მთასავითაა უფალზე დანდობილი – არ შეირყევა, მარადიულად იდგება. როგორც მთებია იერუსალიმის გარშემო, ასევეა უფალი თავისი ხალხის გარშემო – ახლა და უკუნისამდე. რადგან ვერ დარჩება ბოროტის კვერთხი მართალთა წილხვედრზე, რათა უკეთურებისკენ არ გაიწოდონ ხელი მართლებმა. სიკეთე გაუკეთე უფალო კეთილთ და მათ, ვინც გულით მართალია.
იერემია 32:41
მათთვის სიკეთის ქმნაში გავიხარებ და ერთგულებით დავრგავ მათ ამ ქვეყანაში მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით,
მიქა 2:7
ასე არ ამბობენ იაკობის სახლო! განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმენი? განა სიკეთე არ მოაქვს ჩემს სიტყვებს მათთვის, ვინც წრფელად იქცევა?
საქმეები 10:37-38
თქვენ იცით, რა მოხდა გალილეიდან დაწყებული მთელ იუდეაში, იმ ნათლისღების შემდეგ, იოანე რომ ქადაგებდა; როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ეშმაკისგან ყველა გატანჯულს, რადგან ღმერთი იყო მასთან.
ფსალმუნები 13:1-3
თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი”. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინაა სიკეთის მქმნელი. გადმოხედა უფალმა ზეციდან ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე გონიერი, ღმერთს რომ ეძიებს, ყველამ გადაუხვია გზიდან, ერთიანად გაბინძურდნენ; არ არის მქმნელი სიკეთისა, ერთიც არ არის.
ესაია 59:7-8
ბოროტისკენ გაურბით ფეხები, უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად მიისწრაფიან. მათი ფიქრები უმართლო ფიქრებია, ძალადობა და განადგურებაა მათ გზებზე. მშვიდობის გზები არ უწყიან, სამართალი არ არის მათ მისვლა-მოსვლაში, გაიმრუდეს ბილიკები, ვინც მათზე გაივლის, არ იცის მშვიდობა.
რომაელთა 3:9-18
მაშ, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე განვსაჯეთ, რომ იუდევლებიც და წარმართებიც ცოდვის ქვეშ არიან. როგორც წერია: „არავინ არის მართალი. არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს. ყველამ გადაუხვია, უსარგებლონი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ. მათი ხორხი ღია სამარეა; ენებით ცრუობენ; მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია. მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე. მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად. ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე და არ იციან მშვიდობის გზა. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ”.
რომაელთა 7:13-23
ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც! მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი გამხდარიყო მცნების მეშვეობით. რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვისადმი მიყიდული. ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ კეთილია იგი. მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ მკვიდრობს კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა! ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში ცხოვრობს. ამრიგად, ვპოულობ ამ რჯულს: კეთილის გაკეთება მსურს და ბოროტი მეტმასნება. რადგან შინაგანი კაცის მიხედვით ღვთის რჯულით ვხარობ. მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულს ვხედავ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ.
გალატელთა 6:9-10
სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით! მაშასადამე, სანამ დრო გვაქვს, ყველასთვის კეთილი ვაკეთოთ; განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მორწმუნეა.
ფსალმუნები 36:3
მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დამკვიდრდი ქვეყანაზე და შეინარჩუნე ერთგულება.
მათეს 5:38-48
გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ. მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს და შენი სამოსლის წართმევას მოისურვებს, მოსასხამიც თან გაატანე. ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი. ვინც გთხოვოს – მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს. გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც. რადგან თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან? და თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან? მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი”.
1 პეტრეს 3:8-13
და ბოლოს, იყავით ყველანი ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათამოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი, ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც ლანძღვას ლანძღვის წილ; პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ. რადგან ვისაც უყვარს სიცოცხლე და კეთილდღეობის ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან მზაკვრულს. ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, მშვიდობას ეძიებდეს და მისკენ ისწრაფოდეს, რადგან უფლის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი – მათი ვედრების მიმართ; ხოლო მისი სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა. ბოროტს ვინ გაგიკეთებთ, თუ კეთილის მოშურნე იქნებით?
ფსალმუნები 33:12-16
ვინ არის კაცი, რომელსაც სიცოცხლე სურს და უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად? შეიკავე შენი ენა ბოროტებისგან და ბაგენი – მზაკვრული სიტყვებისგან. ერიდე ბოროტებას და აკეთე სიკეთე; ეძიე მშვიდობა და მას მისდიე. უფლის თვალები მართლებისკენაა მიპყრობილი და მისი ყურები – მათი ღაღადისკენ. უფლის სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა, რათა დედამიწიდან წარხოცოს მათი სახსენებელი.
1 პეტრეს 4:19
ამიტომ, ღვთის ნების მიხედვით ტანჯულებმა, ჭეშმარიტ გამჩენს მიანდონ თავიანთი თავები, სიკეთის ქმნით.
ებრაელთა 13:16
არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და მოზიარეობა, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღმერთისთვის.
1 პეტრეს 2:20
რადგან რა სარგებელია თუ დანაშაულისთვის გცემენ და ითმენთ? მაგრამ თუ კეთილის ქმედებისთვის ითმენთ ტანჯვას, ეს არის მადლი ღვთის წინაშე!
1 პეტრეს 3:17
რადგან, თუ ღმერთს ნებავს, უმჯობესია კარგი საქმეების გამო იტანჯოთ, ვიდრე ბოროტ საქმეთა გამო.
იოანეს 5:28-29
ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან დგება ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მოისმენენ მის ხმას. კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი – განკითხვის აღდგომისთვის.
რომაელთა 2:5-11
ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენთვისვე იხვეჭ რისხვას, იმ დღისთვის, როცა გამოცხადდება რისხვა და მართლმსაჯულება ღვთისა, რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას – საუკუნო სიცოცხლეს; ხოლო მათ, ვინც ანგარია და არ ემორჩილება ჭეშმარიტებას, არამედ უმართლობას გადაეცა – რისხვასა და გულისწყრომას. ჭირი და შევიწროება ყოველ ადამიანზე, ვინც ბოროტს სჩადის – ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენსაც. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა სიკეთის ყოველ მქნელს – იუდეველს ჯერ, და ბერძენსაც. რადგან ღმერთთან არ არსებობს პირმოთნეობა.
1 ტიმოთეს 6:17-19
მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ – ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად, ქველმოქმედებისა და კეთილი საქმეებით გამდიდრებისთვის, რათა გულუხვნი იყვნენ და გამზიარებელნი. დაიუნჯებენ რა მტკიცე საძირკვლად მომავლისთვის, რათა მიიღონ ჭეშმარიტი სიცოცხლე.
ფსალმუნები 33:14
ერიდე ბოროტებას და აკეთე სიკეთე; ეძიე მშვიდობა და მას მისდიე.
ფსალმუნები 36:27
მოერიდე ბოროტს, სიკეთე აკეთე და სამუდამოდ დამკვიდრდები.
2 ტიმოთეს 2:20-21
დიდ სახლში მხოლოდ ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი არ არის, ასევეა ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიოდ სახმარი, ზოგიც – არასაპატიოდ. ამრიგად, ვინც ამათგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისთვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისთვის.
იაკობის 2:14-21
ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? ასეთ რწმენას არ ძალუძს მისი ხსნა! თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას, მშვიდობით წადი, გათბი და ისაზრდოვეო, სხეულისთვის საჭიროს კი არას მისცემს, რა სარგებელია? ასევეა რწმენაც – თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია. მაგრამ ვინმე იტყვის: „შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი”. მაჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და გაჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან. შენ კი, ფუჭო ადამიანო, გსურს გაიგო, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია? განა მამაჩვენი აბრაჰამი, საქმით არ გამართლდა, როცა თავის ძეს ისაკს სამსხვერპლოზე სწირავდა?
იაკობის 3:13
ვინ არის თქვენს შორის ბრძენი და განსწავლული? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმეები, ბრძნული თავმდაბლობით.
2 კორინთელთა 9:8
ღმერთს კი ძალუძს სიუხვე მოგცეთ ყოველგვარ მადლში, რათა ყველაფერში ყოველივეს საკმარისად მქონენი, უხვნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისთვის.
ფილიპელთა 2:12-13
ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის, იყავით მორჩილნი, არა მარტო მაშინ, როცა მანდ ვარ, არამედ უფრო მეტად ახლა, როცა მანდ არა ვარ. შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად, რადგან ღმერთი ბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც მისი სათნოებისამებრ.
კოლოსელთა 1:10-12
რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ასიამოვნოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის მოტანით და ღვთის შემეცნებაში ზრდით; მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების ძლიერებისამებრ, ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელობაში, სიხარულით. ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდათა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა სინათლეში,
ეფესელთა 2:10
ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი, კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებში ვიაროთ.
2 ტიმოთეს 3:16-17
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის.
1 პეტრეს 2:13-15
დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი, თუ გამგებლები, მისგან წარმოგზავნილები ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად. რადგან ასეთია ნება ღვთისა, რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება.
მათეს 12:9-14
წამოვიდა იქიდან იესო და მათ სინაგოგაში შევიდა. და აჰა, ხელი ჰქონდა კაცს გამხმარი. ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: ნებადართულია თუ არა განკურნება შაბათს? მან კი უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს? ადამიანი კი რამდენად აღმატებულია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება”. და უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე. ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.