ისრაელი დიდ გასაჭირში ბიბლიის მუხლები

იერემია 30:7
ვაი, ვინაიდან დიდია ეს დღე; არასოდეს ყოფილა მისი მსგავსი; გასაჭირის ჟამია იგი იაკობისთვის, მაგრამ გამოხსნილ იქნება მისგან.

ზაქარია 13:8-9
მთელ ქვეყანაზე – ამბობს უფალი – ორი მესამედი მოისპობა და დაიღუპება, ერთი მესამედი კი გადარჩება. ცეცხლში გავატარებ ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება და გამოვცდი, როგორც ოქრო გამოიცდება; მოუხმობენ ჩემს სახელს და მე ვუპასუხებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ხალხი! იტყვიან: უფალია ჩემი ღმერთი.

გამოცხადება 12:14-17
და მიეცა დედაკაცს დიდი არწივის ორი ფრთა უდაბნოში, თავისი ადგილისკენ გასაფრენად, სადაც იკვებებოდა დროის, დროთა და ნახევარი დროის განმავლობაში, გველისგან მიფარებული. ამოასხა გველმა პირიდან წყალი მდინარესავით დედაკაცის კვალდაკვალ, რათა მდინარეს წაელეკა იგი. მაგრამ მიწა დაეხმარა დედაკაცს, და დააღო პირი და შთანთქა მდინარე, გველეშაპმა რომ ამოასხა პირიდან. განრისხდა დედაკაცზე გველეშაპი და წავიდა, დანარჩენებს რომ შებრძოლებოდა მისი თესლიდან, რომლებიც ღვთის მცნებებს იცავენ და იესოს მოწმობა აქვთ. და დადგა ზღვის ქვიშაზე.

გამოცხადება 7:4-17
და გავიგონე ბეჭედდასმულთა რიცხვი: ასორმოცდაოთხი ათასი ბეჭედდასმული ისრაელიანთა ყველა ტომიდან; იუდას ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული; რეუბენის ტომიდან თორმეტი ათასი; გადის ტომიდან თორმეტი ათასი; აშერის ტომიდან თორმეტი ათასი; მენაშეს ტომიდან თორმეტი ათასი; სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი; ლევის ტომიდან თორმეტი ათასი; ისაქარის ტომიდან თორმეტი ათასი; ზებულონის ტომიდან თორმეტი ათასი; იოსების ტომიდან თორმეტი ათასი; ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული. ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, უამრავი ხალხი, დათვლა რომ არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან; სპეტაკი სამოსელით შემოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინ და ხელთ პალმის რტოები ეჭირა. დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხსნა ეკუთვნის ჩვენს ღმერთს, ტახტზე რომ ზის, და კრავს!” ყველა ანგელოზი, ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ რომ იდგა, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე. მათ თაყვანი სცეს ღმერთს და ამბობდნენ: „ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე, ამინ!” შემდეგ მომიგო ერთმა უხუცესთაგანმა და მკითხა: „ვინ არიან ეს თეთრი სამოსით შემოსილები ან საიდან მოვიდნენ?” ვუპასუხე: „უფალო, შენ იცი”. მან მითხრა: „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები; რომელთაც გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს კრავის სისხლით. ამიტომაც არიან ღმერთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში; და ტახტზე მჯდომი გაშლის თავის კარავს მათზე. აღარ მოშივდებათ და არც მოსწყურდებათ, არც მზე დასწვავთ და არც არავითარი პაპანაქება. ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროსკენ გაუძღვება; და ღმერთი მოსწმენდს ცრემლს მათ თვალთაგან”.

გამოცხადება 13:5-7
და მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა და დაეგმო ღმერთი; და მიეცა მას ხელმწიფება ორმოცდაორ თვეს სამოქმედოდ. გახსნა მან პირი ღვთის საგმობად და დაგმო მისი სახელი, მისი სავანე და ცაში დავანებულნი. და მიეცა მას, რომ ეომა წმიდებთან და გაემარჯვა მათზე, და მიეცა მას ძალაუფლება ყველა ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე;

დანიელი 9:27
იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო შვიდეულის ნახევარში შეაჩერებს მსხვერპლსა და ძღვენს; სიბილწე და უკიდურესი გატიალება იქნება იმ ადგილზე, სანამ დადგენილი განადგურება არ ეწევა ამაოხრებელს.