4 სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება, 5 ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი? 6 რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი, 7 როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები, და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ?8 ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან? 9 როცა ღრუბელი მივეცი მას სამოსად და წყვდიადი – სახვევად? 10 როცა დავუდგინე მას ჩემი წესი და დავუტანე ურდული და ბჭენი? 11 და ვუთხარი: ‘აქამდე მოხვალ და მეტს არა. აქ უნდა შედგნენ შენი ზვიადი ზვირთები?’ 12 ოდესმე თუ გიბრძანებია დილისათვის და გიუწყებია ცისკრისთვის მისი ადგილი, 13 რომ მოეცვა ქვეყნის კიდეები და უკეთურნი ჩამოებერტყა მისგან? 14 იგი იცვლება, როგორც თიხა საბეჭდავის ქვეშ, და ისინი დგანან, როგორც სამოსელი. 15 და წაერთმევათ უკეთურთ ნათელი, შემართული მკლავი შეიმუსრება. 16 თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე, და თუ გივლია უფსკრულის ფსკერზე? 17 თუ გახსნილან შენს წინაშე სიკვდილის ბჭენი, და ბნელეთის ბჭენი თუ გინახავს? 18 თუ გამოგიკვლევია დედამიწის სიგრძე-სიგანე? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი?