1 ამის შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და ავიდა იესო იერუსალიმში. 2 იერუსალიმში, ცხვრის კარიბჭესთან, არის საბანელი, რომელსაც ებრაულად ბეთზათა ეწოდება, და მას აქვს ხუთი სტოა. 3 ისხდა იქ მრავალი სნეული: ბრმა, ხეიბარი და ჩამომხმარი, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ, 4 რადგან უფლის ანგელოზი გადმოდიოდა დროდადრო და ამღვრევდა წყალს. ხოლო ვინც პირველი ჩადიოდა წყლის ამღვრევის შემდეგ, იკურნებოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი. 5 იყო იქ კაცი, რომელსაც 38 წელი გაეტარებინა სნეულებაში. 6 იესომ იხილა იგი მწოლარე და შეატყო, რომ უკვე დიდი ხნის სნეულია და უთხრა: „გსურს, განიკურნო?“ 7 მიუგო მას სნეულმა: „უფალო, კაცი არა მყავს, წყლის ამღვრევისას რომ ჩამიშვას აუზში. სანამ მე მივალ, სხვა მასწრებს.“ 8 ეუბნება მას იესო: „ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი!“ 9 და მაშინვე განიკურნა ის კაცი. აიღო თავისი საწოლი და გაიარა. ხოლო ის დღე შაბათი იყო.