იგავნი სოლომონისა 31:10-31

By
იანვარი 24, 2014
10 მარჯვე ცოლს ვინ ჰპოვებს? მარგალიტებზე მაღალია მისი ფასი. 11 ერწმუნება მას მისი მეუღლის გული და შემოსავალი არ დააკლდება. 12 ის სიკეთეს მიუზღავს მას და არა სიბოროტეს მთელი მისი ცხოვრების დღეებში. 13 მატყლს და სელს შოულობს იგი და ბეჯითად შრომობს საკუთარი ხელებით. 14 სავაჭრო ხომალდების მსგავსია იგი და შორიდან მოაქვს თავისი პური. 15 დგება ჯერ კიდევ ღამიანად და საკვებს ურიგებს თავის სახლს და ულუფას – თავის მხევალთ. 16 გაიფიქრებს მინდორზე და იძენს მას, თავის ხელთა ნაყოფით გააშენებს ვენახს. 17 ძალას შემოირტყამს წელზე და იმაგრებს მკლავებს. 18 ხვდება, რომ კარგია მისი ჭირნახული, ღამით არ ქრება მისი სანთელი. 19 იწვდენს ხელს სართავი ჯარისაკენ და მის ხელებს უპყრიათ თითისტარი. 20 თავის ხელისგულს უშლის ღარიბს და ხელებს უწვდენს უპოვარს. 21 არ შიშობს იგი თავის სახლზე თოვლიანობისას, რადგან მთელი მისი სახლი შემოსილია ძოწისფერი ქსოვილით. 22 ის ფარდაგებს იკეთებს თავისთვის, ბისონი და მეწამულია მისი სამოსელი. 23 ცნობილია მისი ქმარი ქალაქის კარიბჭეებთან, ქვეყნის უხუცესებთან ჯდომისას. 24 ტილოს ტანსაცმელს კერავს და ყიდის, და სარტყლებს აძლევს ვაჭარს. 25 ძალა და ღირსება მისი სამოსელია და უღიმის იგი მომავალ დღეს. 26 პირს ხსნის იგი სიბრძნით და წყალობის რჯულია მის ენაზე. 27 თვალყურს ადევნებს თავისი სახლის გზებს და სიზარმაცის პურს არ ჭამს. 28 დგებიან მისი შვილები ლოცავენ მას, მისი ქმარიც და – აქებს მას: 29 ‘მრავალმა ასულმა მიაღწია წარმატებას, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე!’ 30 მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია. 31 მიეცით მას მის ხელთა ნაყოფისაგან და მისი საქმეები განადიდებენ მას კარიბჭეებთან.

კომენტარის დატოვება

Close
Close