მარკოზის 4:30
თქვა: „რას მივამსგავსო ღმერთის სამეფო? რომელი იგავით წარმოგისახოთ იგი?
ლუკას 13:20
კვლავ თქვა: „რას მივამსგავსო ღმერთის სამეფო?
მათეს 13:19
ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სამეფოზე და გონებით არ ჩასწვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის გზის პირას დათესილი თესლი.
მარკოზის 4:26
და თქვა: „ღმერთის სამეფო ჰგავს კაცს, რომელიც თესლს აგდებს მიწაში.
მათეს 13:31
სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა მათ: „ცათა სამეფო წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში.
ლუკას 13:18-19
მან თქვა: „რისი მსგავსია ღმერთის სამეფო და რას მივამსგავსო იგი? მდოგვის მარცვალს ჰგავს იგი, რომელიც აიღო კაცმა და თავის ბაღში დათესა; გაიზარდა, იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს”.
მათეს 18:23
ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან.
მათეს 20:1
„რადგან ცათა სამეფო წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, დილაადრიანად რომ გავიდა თავისი ვენახისთვის მუშაკთა დასაქირავებლად.
მათეს 22:2
„ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გაუმართა.
მათეს 25:1
მაშინ ცათა სამეფო დაემსგავსება იმ ათ ქალწულს, თავიანთი ლამპრები რომ აიღეს და ნეფის შესახვედრად გამოვიდნენ.
მათეს 13:45
კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძიებს;
მათეს 13:47
კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი ჯიშის თევზს იჭერენ.
მარკოზის 4:26-29
და თქვა: „ღმერთის სამეფო ჰგავს კაცს, რომელიც თესლს აგდებს მიწაში. ღამით სძინავს, დღისით დგება, მაგრამ არ იცის, როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი. რადგან მიწას თვითონ გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ჯეჯილი, შემდეგ თავთავი, მერე კი სავსე მარცვალი თავთავში. რაჟამს მომწიფდება ნაყოფი, მაშინვე წარგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია მკამ”.
მათეს 13:44-46
ცათა სამეფო წააგავს მინდორში დაფარულ საუნჯეს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია და ყიდულობს იმ მინდორს. კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძიებს; როგორც კი ძვირფას მარგალიტს იპოვის, წავა, გაყიდის ყოველივეს, რაც აბადია და მას იყიდის.
მარკოზის 4:30-34
თქვა: „რას მივამსგავსო ღმერთის სამეფო? რომელი იგავით წარმოგისახოთ იგი? იგი ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველაზე მცირეა არსებულ თესლთა შორის. დათესვის შემდეგ კი ამოდის და ყველაზე დიდ მცენარედ გადაიქცევა ბოსტნეულს შორის. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ”. მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა იგი სიტყვას, რამდენის მოსმენაც შეეძლოთ. იგავების გარეშე არ ესაუბრებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს.
მათეს 13:47-52
კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი ჯიშის თევზს იჭერენ. როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გადაყრიან. ასევე იქნება წუთისოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და გამოაცალკევებენ ბოროტებს მართლებისგან. ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა. „თუ გაიგეთ ყოველივე ეს?” კიო, მიუგეს მას. იესომ კი უთხრა მათ: „ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სამეფოს მოწაფე გახდა, წააგავს სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი”.
მათეს 25:14-30
„ვინაიდან ეს ისე მოხდება, კაცმა რომ გამგზავრებამდე მოუხმო თავის მონებს და თავისი ქონება ჩააბარა. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს – ორი და სხვას – ერთი; თითოეულს მისი შეძლების მიხედვით, და წავიდა. ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, იშრომა და დამატებით ხუთი მოიგო. ორის მიმღებმაც ორი სხვა მოიგო. ხოლო ერთის მიმღები, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ. მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: ბატონო, ხუთი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა სხვა ხუთი ტალანტიც მოვიგე. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მივიდა ორი ტალანტის მიმღები და უთხრა: ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტიც მოვიგე. უთხრა მას ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ; შედი შენი ბატონის სიხარულში. მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ მკაცრი კაცი ხარ – იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს. მაშინ მიუგო ბატონმა პასუხად: ბოროტო და უქნარა მონავ! იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია; ამიტომ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას სარგებლითურთ მივიღებდი ჩემსას. ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. ვინაიდან ყოველ მქონებელს მიეცემა და ჭარბად ექნება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს. ეს უსარგებლო მონა კი გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
მათეს 25:1-13
მაშინ ცათა სამეფო დაემსგავსება იმ ათ ქალწულს, თავიანთი ლამპრები რომ აიღეს და ნეფის შესახვედრად გამოვიდნენ. ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი – გონიერი. ლამპრები კი აიღეს უგუნურებმა, მაგრამ ზეთი არ გაიყოლეს თან. ხოლო გონიერებმა ლამპრებთან ერთად ზეთიც თან გაიყოლეს ჭურჭლებით. ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველამ ჩათვლიმა, და დაეძინათ. შუაღამისას დაიძახეს: აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად! წამოდგნენ ქალწულები და გამართეს თავიანთი ლამპრები. სთხოვეს გონიერებს უგუნურებმა: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, რადგან გვიქრება ლამპრები. გონიერებმა კი მიუგეს პასუხად: ჩვენც და თქვენც რომ არ დაგვაკლდეს, უმჯობესია ვაჭრებთან წახვიდეთ და თქვენთვის იყიდოთო. ვიდრე საყიდლად იყვნენ წასულნი, მოვიდა ნეფე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიკეტა. მოგვიანებით მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. ხოლო მან მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ! ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა”.
მათეს 22:1-14
იესო კვლავ იგავებით ელაპარაკობდა მათ და ეუბნებოდა: „ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გაუმართა. გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ არ ისურვეს მოსვლა. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და დააბარა: უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ნადიმი, ხბორები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში! მაგრამ მათ ყურად არ იღეს შემოთვლილი და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგიც თავის სავაჭრო საქმეზე. სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა. მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ქორწილის სუფრა მზად არის, მაგრამ მოწვეულები უღირსნი აღმოჩნდნენ. ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა შემხვედრი მოიწვიეთ ქორწილში. გავიდნენ მონები გზებზე და ყველა შეკრიბეს, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი; და სტუმრებით აივსო საქორწინო დარბაზი. შევიდა მეფე სტუმრების სანახავად და ნახა იქ კაცი, რომელსაც საქორწინო სამოსელი არ ეცვა. უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ საქორწინო სამოსელის გარეშე? ის კი დუმდა. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: გაუკარით მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა. რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი – ცოტა”.
მათეს 20:1-16
„რადგან ცათა სამეფო წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, დილაადრიანად რომ გავიდა თავისი ვენახისთვის მუშაკთა დასაქირავებლად. მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში. მესამე საათი იქნებოდა, რომ კვლავ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში რომ იდგნენ უქმად. უთხრა მათ: თქვენც წადით ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო; და ისინიც წავიდნენ. კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა. გავიდა თერთმეტ საათზეც, კიდევ ნახა უქმად მდგარნი და უთხრა მათ: რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად? უპასუხეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა. უთხრა მათ: წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო. რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მნეს: დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე. მივიდნენ თერთმეტ საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი. პირველად მისულებმა იფიქრეს, მეტს მოგვცემენო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს. როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს. ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა, მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე ავიტანეთო. მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ, განა დინარად არ მოგირიგდი? აიღე შენი გასამრჯელო და წადი; მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. ნუთუ არა მაქვს უფლება, რაც მე მეკუთვნის ჩემი ნებისამებრ მოვიხმარო? იქნებ შენს თვალს შურს, რომ კეთილი ვარ? ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი – უკანასკნელნი, რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი ცოტა”.