გამოსვლა 15

By
აპრილი 15, 2015
ძველი აღთქმა
გამოსვლა

151 მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელის ძეთ ეს საგა­ლო­ბელი უფალს: „ვუგალობ უფ­ალს, რადგან იგი ძლიერ განდიდდა. ცხენი და მხე­დარი ზღვაში ჩა­ყარა. 2 ჩემი ძალა და გალობაა უფალი. ის მყავდა მხსნე­ლად, იგია ჩემი ღმერთი, და განვადიდებ მას; ჩემი მამის ღმერთია და ავამაღლებ მას. 3 უფალი მეომარია, უფალია სახელი მისი. 4 ეტლები ფარაონისა და მისი ჯარი ზღვაში ჩა­ყარა და მისი რჩეული მხედართმთავარნი ჩაიძირნენ მეწამულ ზღვაში. 5 დაფარა ისინი სიღრმემ, ჩაიძირენ ისინი სიღ­რმეში ლოდივით. 6 მარჯვენა შენი, უფალო, განთქმულია ძალით, მარ­ჯვენა შენი, უფალო, მტერს მუსრავს. 7 და შენი დიდებულების სიდიადით ამხობ შენს წინააღმდეგ ამხედრებულებს. გზავნი შენს მძვინვა­რებას და ნამჯასავით გადაბუგავს მათ. 8 და შენი ნესტოების სუნთქვაზე დაგროვდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ღვარები, მორევები გამ­ყარდა ზღვის გულში. 9 თქვა მტერმა: ‘დავედევნები, დავეწევი, გავი­ყოფ ნადავლს. ამით აივსება ჩემი სული, ვიშიშ­ვლებ მახვილს, მოსრავს მათ ჩემი ხელი.’ 10 შენ შეუბერე შენი სულით და ისინი ზღვამ და­ფარა: ტყვიასავით ჩაიძირნენ ადიდებულ წყალ­ში. 11 ვინაა შენი სადარი ღმერთთა შორის, უფა­ლო? ვინაა, შენი სადარი, სიწმინდით დიდებულო. საკვირველო ხოტბებით, მოქმედო სასწაულებისა? 12 შენ გაიწოდე მარჯვენა შენი: პირი უყო მათ მიწამ. 13 შენ წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, შენ რომ იხსენი. წინ გაუძეხი შენი ძალით შენი წმიდა სამყო­ფელისკენ. 14 ისმინეს ხალხებმა და თრთიან, ძრწოლამ მო­იც­ვა ფილისტიმის მცხოვრებნი. 15 მაშინ შეძრწუნდნენ მთავრები ედომისა, მოა­ბის მთავრები აიტანა კანკალმა. შეკრთა ყველა მცხოვ­­რები ქანაანისა. 16 დაეცათ მათ შიში და ძრწოლა. შენი მკლავის სი­დიადემ დაადუმა ისინი, როგორც ლოდი, სანამ გა­ივ­­ლიდეს შენი ხალხი, უფალო, სანამ გაივლიდეს ეს ხალხი, რომელიც შენ გამოისყიდე. 17 მიიყვანე ის და დანერგე იგი შენს სამკვიდ­რებელ მთაზე, იმ ადგილზე, რომელიც შექმენ შენს დასავანებლად, უფალო, საწმიდარში, მეუფეო, რო­მელიც განამზადეს შენმა ხელებმა. 18 უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.” 19 როცა შევიდა ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ ზღვაში, მოაქცია უფალმა მათზე ზღვის წყალნი, ხოლო ისრაელის ძეთ გაიარეს მშრალზე შუაგულ ზღვაში. 20 და აიღო მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, დაფდაფი ხელში და მიჰყვა ყველა ქალი უკან დაფდაფებითა და ფერხულით. 21 და მიუგო მირიამმა: „უგალობეთ უფალს, რადგან ძალზე განდიდდა იგი. ცხენი და მხედარი ზღვაში ჩაყარა.” 22 აჰყარა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან, და გავიდნენ ისინი შურის უდაბნოსაკენ. და იარეს სამი დღე უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი. 23 და მივიდნენ მარას, და ვერ დალიეს წყალი მარაში, რადგან მწარე იყო ის. ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა. 24 და დრტვინავდა ხალხი მოსეზე ასე: „რა დავლიოთ?” 25 და შეღაღადა მოსემ უფალს, და უჩვენა მას უფალმა ძელი. და მან ჩააგდო იგი წყალში, და გაამტკნარა წყალი. იქ დაუდგინა ღმერთმა მას წესი და სამართალი, და იქ გამოსცადა იგი. 26 და თქვა: „თუ გაგონებით გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში და ყურად იღებ მის მცნებებს, დაიცავ მის ყოველ წესს,არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მე მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი. 27 და მივიდნენ ელიმში, და იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი პალმის ხე, და დაიბანაკეს იქ, წყლის პირას.

თავი მეთოთხმეტე                                                                                                                            თავი მეთექვსმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close