გამოსვლა
141 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „ელაპარაკე ისრაელის ძეთ, რათა დაბრუნდნენ ისინი და დაიბანაკონ ფი-ჰახიროთის წინ, მიგდოლსა და ზღვას შორის, ბაყალ-ცეფონის წინ. მის გასწვრივ დაიბანაკეთ ზღვასთან. 3 და იტყვის ფარაონი ისრაელის ძეებზე: ‘გზა აებნათ ამ ქვეყანაში, მოიმწყვდია ისინი უდაბნომ.’ 4 და გავამძვინვარებ ფარაონის გულს და უკან დაედევნება მათ, და გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე და მთელ მის ჯარზე. და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი. ასე გააკეთე.” 5 და ეუწყა ეგვიპტის მეფეს, რომ გაიქცა ხალხი, და შეეცვალათ გული ფარაონსა და მის მსახურებს ხალხის მიმართ, და თქვეს: „ეს რა ვქენით? რატომ გავუშვით ისრაელი ჩვენი მონობიდან?” 6 და შეაბა ფარაონმა ცხენი თავის ეტლში და თან გაიყოლა თავისი ხალხი. 7 წაიყვანა ექვსასი რჩეული ეტლი და ეგვიპტის ყველა ეტლი, და მათი მეთაურები ყველა მათგანზე. 8 და გაამძვინვარა უფალმა გული ფარაონისა, ეგვიპტის მეფისა, და დაედევნა იგი ისრაელის ძეთ; და გამოდიოდნენ ისრაელის ძენი მაღალი ხელით. 9 და დაედევნენ ეგვიპტელნი მათ უკან, და წამოეწივნენ დაბანაკებულთ ზღვასთან ფარაონის ყველა ცხენი და ეტლი, მისი მხედრები და მისი ჯარი, ფი-ჰახიროთთან, ბაყალ-ცეფონის წინ. 10 ფარაონი მიუახლოვდა, გაიხედეს ისრაელის ძეთ და დაინახეს, ეგვიპტელნი მოსდევენ უკან, და შეეშინდათ ძალზე და შეღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს. 11 და უთხრეს მოსეს: „ნუთუ არ იყო სამარხები ეგვიპტეში, დასახოცად უდაბნოში რომ წამოგვიყვანე? ეს რა გვიყავი ჩვენი გამოყვანით ეგვიპტიდან! 12 განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: ‘დაგვეხსენი ჩვენ, რომ ვემსახუროთ ეგვიპტელებს?’ რადგან გვირჩევნია ეგვიპტელებს ვემსახუროთ, ვიდრე უდაბნოში დავიხოცოთ.” 13 და უთხრა მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, დადექით და იხილავთ უფლის ხსნას, რომელსაც ის მოიმოქმედებს დღეს თქვენთვის. რადგან ეგვიპტელებს, რომლებსაც თქვენ ხედავთ დღეს, კვლავ აღარ იხილავთ უკუნისამდე. 14 უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ კი დადუმდით.” 15 და უთხრა უფალმა მოსეს: „რას შემღაღადებ? უთხარი ისრაელის ძეთ, რომ აიყარონ. 16 აღმართე შენი კვერთხი და გაიწოდე ხელი ზღვაზე, და გააპე იგი, და გავლენ ისრაელის ძენი ზღვაში მშრალით 17 და მე გავამძვინვარებ ეგვიპტელთა გულს, და ისინი გაჰყვებიან მათ უკან, და გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე და მთელ მის ჯარზე, მის ეტლებზე და მის მხედრებზე. 18 და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ უფალი ვარ, როცა გამოვუჩენ მათ ჩემს დიდებას ფარაონზე, მის ეტლებზე და მის მხედრებზე.” 19 და დაიძრა ღვთის ანგელოზი, წინამძღოლი ისრაელის ბანაკისა, და გაჰყვა უკან. და დაიძრა ღრუბლის სვეტი წინიდან, და შეუდგა მათ უკან. 20 და ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკთა შორის – და იყო ღრუბელი და სიბნელე – და გაანათა ღამე, და არ მიახლოვებიან ერთმანეთს მთელ იმ ღამეს. 21 და გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე და ხვეტავდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით მთელ იმ ღამეს, და აქცია ზღვა ხმელეთად. და განიპნენ წყალნი. 22 და შევიდნენ ისრაელის ძენი შუაგულ ზღვაში ხმელზე. და წყალი კედლად აღემართათ მათ მარჯვნივ და მარცხნივ. 23 და დაედევნენ ეგვიპტელნი და მიჰყვნენ უკან – ფარაონის ყველა ცხენი, მისი ეტლები და მისი მხედრები შუაგულ ზღვაში. 24 და იყო, დილის სახმილავზე მოხედა უფალმა ეგვიპტელთა ბანაკს ცეცხლის და ღრუბლის სვეტიდან, და შეაძრწუნა ეგვიპტელთა ბანაკი. 25 და მოაცილა თვლები მათ ეტლებს და მართავდნენ ისინი გაჭირვებით. და თქვეს ეგვიპტელებმა: „გავერიდოთ ისრაელს, რადგან უფალი მათი გულისათვის იბრძვის ეგვიპტელების წინააღმდეგ.” 26 და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი ზღვაზე და მოიქცევიან წყლები ეგვიპტელებზე, მათ ეტლებზე და მათ მხედრებზე” 27 და გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე, და მოიქცა ზღვა გამთენიისას თავის ადგილზე და გარბოდნენ ეგვიპტელნი მისკენ. და ჩაყარა უფალმა ეგვიპტელნი შუაგულ ზღვაში. 28 და მოიქცა წყალი, და დაფარა ეტლები და მხედრები, და ფარაონი და მთელი ჯარი, რომლებიც კვალდაკვალ მიჰყვნენ ზღვაში. არ გადარჩენილა მათგან არც ერთი. 29 ისრაელის ძენი მიდიოდნენ ხმელზე შუაგულ ზღვაში და წყალი კედლად ედგა მათ მარჯვნივ და მარცხნივ. 30 და იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი ეგვიპტელთა ხელიდან და იხილა ისრაელმა დახოცილი ეგვიპტელები ზღვის პირას. 31 და იხილა ისრაელმა ძლიერი ხელი, რომელიც მოავლინა უფალმა ეგვიპტელებზე, და შეეშინდა ხალხს უფლისა და ერწმუნნენ უფალსა და მოსეს, მის მსახურს.