Homeბიბლიაახალი აღთქმა

გამოცხადება 16

ახალი აღთქმა
იოანე მოციქულის გამოცხადება
ბაბილონის დაცემა

181 ამის შემდეგ ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ციდან ჩამოდიოდა და დიდი ხელმწიფება ჰქონდა. მიწა განათდა მისი დიდებით. 2 დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა: „დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, გახდა ეშმაკთა სამკვიდროდ და ყოველი არაწმიდა სულის თავშესაფრად, და ყოველი არაწმიდა და ბილწი ფრინველის თავშესაფრად. ვინაიდან მისი გარყვნილების მძვინვარე ღვინისაგან შესვა ყველა ერმა. მიწის მეფეები მეძაობდნენ მასთან და მიწის ვაჭრები მისი ფუფუნების ძალისაგან გამდიდრდნენ“.
4 გავიგონე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: „გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ მიიღო მისი წყლულებისაგან, ვინაიდან მისმა ცოდვებმა ცას უწია და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი. მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ და ორმაგად მიაგეთ მისი საქმეების მიხედვით. სასმისში, რომელშიც აზავებდა ღვინოს, ორმაგად შეუზავეთ მას. რაზომადაც განდიდდებოდა და ნებივრობდა, იმზომად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა. ვინაიდან ამბობდა თავის გულში: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას ვიხილავო. ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები და სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, რადგან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.
9 „იტირებენ და იგლოვებენ მას მიწის მეფეები, რომლებიც მეძაობდნენ და ნებივრობდნენ მასთან, როცა დაინახავენ მისი ხანძრის კვამლს. 10 მისი ტანჯვის შიშის გამო შორს მდგომარენი იტყვიან: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რადგან ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა.’
11 მიწის ვაჭრები იტირებენ და იგლოვებენ მას, ვინაიდან აღარავინ იყიდის მათ საქონელს. 12 ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებსა და მარგალიტებს, ბისონსა და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, ყოველგვარ სურნელოვან ხეს და სპილოსძვლის ყოველგვარ ჭურჭელს, ასევე ძვირფასი ხის, სპილენძის, რკინის და მარმარილოს ყოველგვარ ჭურჭელს, 13 დარიჩინსა და სურნელს, საკმეველსა და ნელსაცხელებს, გუნდრუკს, ღვინოსა და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, ნახირსა და ცხვრებს, ცხენებსა და ეტლებს, ადამიანთა სხეულებსა და სულებს. 14 შენი სულის სასურველი ხილის ნაყოფი წავიდა შენგან, ყოველი პოხიერი და ბრწყინვალე გაქრა შენგან და ვეღარავინ იპოვის მათ. 15 ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომლებიც მისგან გამდიდრდნენ, შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და იგლოვებენ. 16 იტყვიან: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირით და ძოწეულთ შემოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტით შემკულო, 17 რადგან ერთ საათში დაიღუპა ესოდენ დიდი სიმდიდრე’. და ყოველი მესაჭე და ყველანი, ვინც ცურავს, და მეზღვაურები, ყოველი ზღვაზე მოსაქმე, შორს დადგა. 18 რომ დაინახეს მისი ხანძრის კვამლი, შეჰყვირეს და თქვეს: ‘რომელი ქალაქი ჰგავს ამ დიდი ქალაქს?’ 19 გადაიყარეს მტვერი თავზე და გაჰკიოდნენ ტირილით და მოთქმით: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობებით გამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა ზღვაზე! რადგან ერთ საათში გაპარტახდა. 20 გაიხარეთ მასზე, ცაო და წმიდანო, მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგან თქვენი სამართალი მოჰკითხა მათ ღმერთმა.’“
21 ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა და გადააგდო ზღვაში და თქვა: „ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იქნება. 22 ქნარზე დამკვრელთა და მომღერალთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ გაისმება შენში. აღარ იქნება შენში არავითარი ხელოსანი და ხელოსნობა, და დოლაბის ხმა აღარ გაისმება შენში. 23 სასანთლის ნათელი აღარ გაგინათებს. აღარ გაისმება შენში მეფე–დედოფლის ხმა, რადგან შენი ვაჭრები იყვნენ მიწის დიდებულები და შენი გრძნეულება აცდუნებდა ხალხს. 24 მასშია ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდათა და მიწაზე ყველა მოკლულის სისხლი“.

თავი მეჩვიდმეტე                                                                                                                          თავი მეცხრამეტე

COMMENTS