ფსალმუნები
711 სოლომონისთვის. ღმერთო, შენი სამართალი მიეცი მეფეს, და შენი სიმართლე – მეფის ძეს. 2 რათა მან გაასამართლოს შენი ერი სიმართლით, და შენი ღატაკნი – სამართლიანად. 3 მოუტანონ მთებმა მშვიდობა ერს, და ბორცვებმა – სამართლიანობა. 4 გაასამართლოს ერის ღატაკნი, იხსნას შვილი ღარიბისა და დაჩაგროს მჩაგვრელი. 5 შენი შიში ექნებათ, ვიდრე მზე და მთვარეა, თაობიდან თაობამდე. 6 იგი ჩამოვა, როგორც წვიმა შიშველ ველზე, როგორც წვეთები, მიწას რომ ალბობენ. 7 მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს. 8 და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე. 9 მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი, და მისი მტრები მიწა-მტვერს ალოკავენ. 10 თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; შებასა და სებას მეფენი ძღვენს მოართმევენ. 11 და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა წარმართი დაემორჩილება. 12 რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს, და ღატაკს, რომელსაც არა ჰყავს შემწე. 13 შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. 14 ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, და ძვირფასი იქნებაა მათი სისხლი მის თვალში. 15 და იცოცხლებს, და მისცემენ შებას ოქროს, და ილოცებენ მისთვის მუდამ, ყოველდღე აკურთხებენ მას. 16 იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, ლიბანივით ამაღლდეს ნაყოფი მისი;. და აყვავილდებიან ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე. 17 მისი სახელი იქნება უკუნისამდე, ვიდრე მზე არსებობს, იბრწყინებს მისი სახელი, და იკურთხებიან მის მიერ ქვეყნიერების ყოველი ტომი, ყოველი ხალხი შენატრებს მას. 18 კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, მარტოდ მოქმედი სასწაულისა! 19 და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით ქვეყნიერება! ამინ, ამინ! 20 დამთავრდა ლოცვანი დავითისა, იესეს ძისა.