ფსალმუნები 48

By
ივნისი 26, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

481 გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა. ფსალმუნი. ისმინეთ ესე, ყოველო ხალხო, ყური მოაპყარით, ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო: 2 უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად. 3 ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს, და ჩემი გულის ფიქრი -– გონიერებას. 4 ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას. 5 რად შემეშინდება უბედურების ჟამს, როცა ჩემი მოდავეების ბოროტება გარს შემომეხვევა, 6 რომელნიც თავიანთი ძალით იმედეულობენ და უხვით სიმდიდრით მოჰკვეხენ? 7 ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს. 8 ძვირია მათი სულის გამოხსნა, და არ ეგების უკუნისამდე. 9 რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ და არ იხილოს საფლავი. 10 რადგან ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, როგორც იღუპებიან ბრიყვნი და სულელნი და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ. 11 საფლავი არის მათი სამუდამო სახლი, მათი საცხოვრებელი – თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს. 12 ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება დიდხანს; იგი ჰგავს დასაკლავ პირუტყვს. 13 ეს მათი გზა, მათი უგუნურებაა, თუმცა შემდგომნი მათნი იწონებენ მათს სიტყვებს 14 ცხვრებივით მიეცნენ ჯოჯოხეთს; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი; 15 ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს, ჯოჯოხეთიდან როცა ამომიყვანს. 16 არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება. 17 რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება. 18 თუმცა თავიანთ სულს სიცოცხლეშივე აკურთხებენ, და გადიდებენ შენ იმისათვის, რომ კეთილს იზამ. 19 მივა მამების თაობასთან, რომელნიც ვერასოდეს ვერ იხილავენ სინათლეს. 20 ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება, დასაკლავ პირუტყვს ჰგავს.

ფსალმუნი 47                                                                                                                                             ფსალმუნი 49

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close