1 ამ ყოველივეს დასასრულს, მომეახლნენ მთავარნი და მითხრეს: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანნი არ გამოეყვნენ სხვა ქვეყნების – ქანაანის, ხეთის, ფერიზის, იებუსის, ყამონის, მოაბის, ეგვიპტისა და ამორის ხალხებსა და მათ სისაძაგლეებს, 2 ვინაიდან მათი ასულნი ჰყავთ ცოლებად თავისთვის და თავისი ძეებისთვისაც, წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებში აღრიეს; უფრო მეტად მთავრებისა და მმართველების ხელი ურევია ამ ორგულობაში”. 3 ეს სიტყვები რომ მოვისმინე, შემოვიხიე სამოსი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და ვიჯექი გაოგნებული. 4 შემოიკრიბა ყველა, ვინც თრთოდა ისრაელის ღმერთის სიტყვაზე განდევნილობიდან დაბრუნებულთა შორის მომხდარ ამ უმართლობის გამო; მე კი საღამოს მსხვერპლშეწირვის დაწყებამდე გაოგნებული ვიჯექი.