ეზეკიელი 43

By
აგვისტო 25, 2015
ძველი აღთქმა
ეზეკიელი

431 წამიყვანა მან ჭიშკართან, რომელიც აღმოსავლეთით იყო მოქცეული. 2 და აჰა, ისრაელის ღმერთის დიდება მოვიდა აღმოსავლეთის გზიდან და მომესმა მისი ხმა, როგორც ხმა მრავალი წყლისა. და ქვეყანა განათდა მისი დიდებით. 3 და ეს ჩვენება ისეთივე ჩვენება იყო, რომელიც მე ვიხილე, ისეთივე ჩვენება, რომელიც ვიხილე, როდესაც მოვედი ამ ქალაქის დასაღუპავად, და ჩვენებანი მსგავსი იმ ჩვენებისა, რომელიც მე ვიხილე მდინარე ქებართან. და პირქვე დავემხე. 4 და უფლის დიდება შემოვიდა სახლში კარიბჭის გზით, რომელიც აღმოსავლეთით იყო მიქცეული. 5 და ამიყვანა სულმა და შემიყვანა შიგნითა ეზოში. და აავსო უფლის დიდებამ სახლი 6 და გავიგონე ვიღააც რომ მელაპარაკებოდა სახლიდან, კაცი კი ჩემს გვერდით იდგა. 7 და მითხრა: „ძეო კაცისავ! აჰა, ადგილი ჩემი ტახტისა და ადგილი ჩემი ტერფებისა, როდესაც მე დავივანებ ისრაელის ძეთა შორის საუკუნოდ, და აღარ შებილწავს ისრაელის სახლი ჩემს წმიდა სახელს, ისინი და მათი მეფენი თავიანთი სიძვითა და თავიანთ მეფეთა გვამებით, თავიანთი გორაკებით, 8 თავიანთი ზღურბლის ჩემს ზღურბლთან და თავიანთი წირთხლის ჩემს წირთხლთან გათანასწორებით, და კედლის აღმართვით ჩემსა და მათ შორის. ბილწავდნენ ჩემს წმიდა სახელს თავიანთი სისაძაგლით, რომელსაც სჩადიოდნენ ისინი და მოვსპე მე ისინი ჩემი რისხვით. 9 ახლა მომაშორებენ თავიანთ სიძვასა და თავიანთ მეფეთა გვამებს, და დავივანებ მათ შორის საუკუნოდ. 10 შენ, ძეო კაცისავ, აუწყე ისრაელის სახლს ამ სახლზე და შერცხვებათ თავიანთი ურჯულოებისა, და გაზომავენ ისინი შენობას. 11 და თუ შერცხვებათ ყოველივესი, რაც ჩაიდინეს, გამოუცხადე მათ სახლის ნახაზი და მისი აგებულება, და მისი გასასვლელები და მისი შესასვლელები, და ყველა მისი ნახაზი და ყველა მისი წესი, და მთელი მისი რჯული და დაწერ მათ თვალწინ და დაიცავენ მთელ მის ნახაზს, და ყველა მის წესს და შეასრულებენ მათ. 12 ეს არის სახლის რჯული: მთის თხემზე მთელი მისი საზღვარი ირგვლივ წმიდათა წმიდაა. აჰა, ეს არის სახლის რჯული. 13 ეს არის სამსხვერპლოს ზომები წყრთითა და მტკაველით: საფუძველი – ერთი წყრთა, სიგანე – ერთი წყრთა და მისი საზღვარი, მის კიდეებზე ირგვლივ – ერთი მტკაველი. ეს არის სიმაღლე სამსხვერპლოსი. 14 მიწის საფუძვლიდან დაბლა შვერილამდე – ორი წყრთა და სიგანე ერთი წყრთა, და მცირე შვერილიდან დიდ შვერილამდე – ოთხი წყრთა და სიგანე – ერთი წყრთა. 15 და სამსხვერპლოს კერა – ოთხი წყრთა და კერიდან და მაღლა – ოთხი რქა. 16 და კერა – თორმეტი სიგრძით და თორმეტი სიგანით და ოთხკუთხედი მის ოთხივე მხარეს. 17 და შვერილი – თოთხმეტი წყრთა სიგრძით, თოთხმეტი სიგანით მის ოთხივე მხარეს, და საზღვარი მის ირგვლივ – ნახევარი წყრთა, და საფუძველი მისი – წყრთა ირგვლივ; და მისი საფეხურები მიქცეული იყო აღმოსავლეთით.” 18 და მითხრა მან: „ძეო კაცისავ, ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ესაა წესები სამსხვერპლოსი მისი გაკეთების დღისათვის, რათა აღავლინონ მასზე სრულადდასაწველი და მოაპკურონ მასზე სისხლი. 19 და მისცემ ლევიან მღვდლებს, ცადოკის შთამომავალთ, ჩემთან დაახლოებულთ,’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘თითო მოზვერს ცოდვის შესაწირავად. 20 და აიღებ მისი სისხლიდან და უწევ მის ოთხ რქას და შვერილს ოთხივე კუთხეში და საზღვარზე ირგვლივ, და განწმედ მას ცოდვისგან და გამოისყიდი. 21 და გაიყვან მოზვერს ცოდვის მსხვერპლად და დასწვავ მას სახლის დანიშნულ ადგილზე, საკურთხევლის გარეთ. 22 და მეორე დღეს შესწირავ უმანკო თიკანს ცოდვის შესაწირავად და განწმედენ ცოდვისგან სამსხვერპლოს, როგორც განწმიდეს მოზვრით. 23 როდესაც დაასრულებ განწმედას, შესწირავ უმანკო მოზვერსა და უმანკო ვერძს ფარიდან. 24 და შესწირავ მათ უფლის წინაშე და მოაყრიან მათ მარილს მღვდლები და აღუვლენენ მათ სრულადდასაწველ მხვერპლად უფალს. 25 შვიდი დღე შესწირე მსხვერპლი ცოდვისათვის, ერთი თხა დღეში და მოზვერი და უმანკო ვერძი ფარიდან. 26 შვიდი დღე გამოისყიდონ სამსხვერპლო, სუფთაჰყონ და აკურთხონ იგი. 27 და როდესაც დაასრულებენ ამ დღეებს, მერვე დღეს, და მერეც, მიიტანენ სამსხვერპლოზე მღვდლები თქვენს სრულადდასაწველთ და თქვენს სამშვიდობო შესაწირავებს; და მე შეგიწყნარებთ თქვენ!’ სიტყვა უფალი ღმერთისა.”

თავი ორმოცდამეორე                                                                                                               თავი ორმოცდამეოთხე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close