ეზეკიელი
421 გამიყვანა მე გარეთა ეზოში ჩრდილოეთის გზით და მომიყვანა სენაკთან, რომელიც ტაძრის დარბაზის მოპირდაპირედ და ჩრდილოეთისაკენ მიქცეული შენობის პირისპირ იყო. 2 ჩრდილოეთის შესასვლელის წინა მხარის სიგრძე ასი წყრთა იყო, სიგანე ორმოცდაათი წყრთა. 3 ოც წყრთაზე შიგნითა ეზოში და ქვაფენილის გასწვრივ, გარეთა ეზოში, დერეფანი დერეფნის პირისპირ იყო სამ სართულზე. 4 და სენაკთა წინ გასავლელი ათი წყრთა სიგანისა ეზოს შიგნით, გზა ერთი წყრთა და მათი შესასვლელები ჩრდილოეთით. 5 ზედა სენაკები იყო მოკლე, რადგან დერეფნებს მათგან უფრო მეტი ადგილი ეჭირათ, ვიდრე ქვემო და შუა სართულებს შენობისას, 6 რადგან სამსართულიანები იყო ისინი და არ ჰქონდათ სვეტები, მსგავსი ეზოს სვეტებისა, და ამის გამო დაშორებული იყო ქვემო და შუა სართულებს ნიადაგიდან. 7 და ზღუდე, რომელიც გარედან იყო სენაკთა პირისპირ გარეთა ეზოსკენ. მისი სიგრძე – ორმოცდაათი წყრთა, 8 რადგან სენაკთა სიგრძე, რომლებიც გარეთა ეზოში იყო, ორმოცდაათი წყრთა იყო, ხოლო ტაძრის პირდაპირ – ასი წყრთა. 9 ამ სენაკთა ქვევით იყო შემოსასვლელი აღმოსავლეთით, გარეთა ეზოდან შესასვლელად. 10 ეზოს ზღუდის სიგანეზე აღმოსავლეთით ტაძრის დარბაზის პირდაპირ და შენობის პირდაპირ სენაკები იყო. 11 გზა მათ წინ იყო მსგავსი იმ სენაკებისა, რომლებიც ჩრდილოეთის გზაზე იყო: სიგრძით, სიგანით, და ყველა მათი შესასვლელ-გამოსასვლელით, 12 და როგორიც იყო შესასვლელები სენაკებისა, რომლებიც სამხრეთის გზაზეა, ისეთივე შესასვლელი იყო გზის დასაწყისში. გზა ამბიონის ზღუდის წინ აღმოსავლეთით მათში შესასვლელად. 13 და მითხრა მან: ‘ჩრდილოეთის სენაკები, სამხრეთის სენაკები, რომლებიც ტაძრის დარბაზის წინაა, წმიდა სენაკებია, სადაც მღვდლები ჭამენ, რომელნიც წმიდათა წმიდის უფალს უახლოვდებიან. იქ ინახავენ წმიდათა წმიდას და ძღვენს და ცოდვის შესაწირავს და დანაშაულის შესაწირავს, რადგან წმიდაა ეს ადგილი. 14 როდესაც მოდიან მღვდლები, არ გადიან ისინი წმიდიდან გარეთა ეზოში და აქ აწყობენ თავიანთ სამოსელს, რომლითაც მსახურობენ, რადგან წმიდაა ისინი, და იცვამენ ისინი სხვა სამოსელს და მერე უახლოვდებიან იმას, რაც ხალხისთვის არის.” 15 დაასრულა მან შიგნითა სახლის გაზომვა და გამომიყვანა კარიბჭის გზით, რომელიც აღმოსავლეთითაა მიმართული, და გაზომა ის ირგვლივ. 16 და გაზომა აღმოსავლეთის მხარე ლერწმის საზომით: ირგვლივ ხუთასი ლერწამი. 17 გაზომა ჩრდილოეთის მხარე: ხუთასი ლერწამი საზომი ლერწმით, ირგვლივ. 18 სამხრეთის მხარე გაზომა: ხუთასი ლერწამი საზომი ლერწმით. 19 მიტრიალდა ზღვის მხარეს, გაზომა ხუთასი ლერწამი საზომი ლერწმით. 20 ოთხივ კუთხით გაზომა მან იგი, გალავანი მის ირგვლივ, სიგრძე – ხუთასი და სიგანე – ხუთასი, რათა გამოეცალკევებინა ერთმანეთისგან წმიდა და სადაგი.