ეზეკიელი
411 და მიმიყვანა მან ტაძარში და გაზომა სვეტები: ექვსი წყრთა სიგანე ერთი მხრიდან და ექვსი წყრთა სიგანე მეორე მხრიდან. ეს იყო სიგანე იმ კარვისა, 2 სიგანე შესასვლელისა – ათი წყრთა და გვერდები შესასვლელისა – ხუთი წყრთა ერთი მხრიდან და ხუთი წყრთა მეორე მხრიდან. გაზომა მისი სიგრძე – ორმოცი წყრთა და სიგანე – ოცი წყრთა. 3 და შევიდა ის შიგნით და გაზომა შესასვლელის სვეტები – ორი წყრთა და შესასვლელი – ექვსი წყრთა, და შესასვლელის სიგრძე – შვიდი წყრთა. 4 და გაზომა მისი სიგრძე, რომელიც იყო ოცი წყრთა და სიგანე ოცი წყრთა, ტაძრის პირდაპირ. და მითხრა: ‘ეს წმიდათა წმიდაა.’ 5 და გაზომა სახლის კედელი – ექვსი წყრთა და სიგანე გვერდითი ოთახისა – ოთხი წყრთა გარშემო, სახლის ირგვლივ. 6 და გვერდითი ოთახები – გვერდი-გვერდ – ოცდაცამეტი და აღწევდნენ კედლამდე, რომელიც სახლს ჰქონდა ოთახებისათვის გარშემო, რათა ყოფილიყვნენ ერთმანეთს მიყრდნობილი, მაგრამ არ იყვნენ მიყრდნობილი სახლის კედელს. 7 და ფართოვდებოდა და იხვეოდა მაღლა მიმავალი საფეხურები გვერდითა ოთახებისაკენ, რადგან დახვეული საფეხურები სახლისა მიიწევდნენ მაღლა-მაღლა, სახლის ირგვლივ, ამიტომ განიერდებოდა სახლის სიმაღლის კვალობაზე და, ამგვარად, ქვედა სართულიდან ზედაზე ადიოდნენ შუას საშუალებით. 8 ვნახე, რომ სახლს ირგვლივ ჰქონდა შვერილი, საფუძველი გვერდითი ოთახებისა – მთელი ლერწამი, ექვსი წყრთა. 9 გვერდითი ოთახების გარეთა კედლის სისქე იყო ხუთი წყრთა. 10 ხოლო ხანი სახლის გვერდით ოთახებსა და სენაკებს შორის იყო ოცი წყრთა ირგვლივ. 11 შესასვლელი გვერდითი ოთახისა გადიოდა დატოვებულ ადგილზე: ერთი შესასვლელი ჩრდილოეთით იყო და მეორე შესასვლელი – სამხრეთით. დატოვებული ადგილის სიგანე – ხუთი წყრთა ირგვლივ. 12 ტაძრის დარბაზისაკენ მიქცეული შენობა, სამხრეთის მხარეს მდებარე: სიგანე იყო სამოცდაათი წყრთა. და შენობის კედელი – ხუთი წყრთა სიგანისა და მისი სიგრძე – ოთხმოცდაათი წყრთა. 13 და მან გაზომა ეს სახლი: სიგრძე ასი წყრთა, და ტაძრის დარბაზი და მისი შენობა და მისი კედლები, სიგრძით ასი წყრთა. 14 სიგანე სახლის წინა ნაწილისა და ტაძრის დარბაზისა აღმოსავლეთით – ასი წყრთა. 15 გაზომა მან სიგრძე შენობისა ტაძრის დარბაზის პირდაპირ, რომელიც მის უკან იყო, და მისი დერეფნები ორივე მხრიდან – ასი წყრთა. და შიგნითა ტაძარი და ეზოს დარბაზები, 16 ზღურბლები და დახშული სარკმელები და დერეფნები ირგვლივ, სამივე ზღურბლის საპირისპიროდ, ხის დაფები ირგვლივ და მიწიდან სარკმელებამდე. სარკმელები კი დახურული იყო. 17 შესასვლელის ზემოდან და შიგნითა სახლამდე და გარეთ და ყველა კედლების ირგვლივ და გარეთ ყველაფერი თანაზომიერი იყო. 18 და გამოხატული იყო ეს ქერუბიმები და პალმები. და პალმა იყო ქერუბიმსა და ქერუბიმს შორის და ორი სახე ჰქონდა ქერუბიმს: 19 ადამიანის სახე იყო მიმართული პალმისაკენ ერთი მხრიდან და ლომის ბოკვერის სახე პალმისაკენ მეორე მხრიდან. ასე იყო გაკეთებული მთელ სახლში, ირგვლივ. 20 მიწიდან შესასვლელის ზედა ნაწილამდე ქერუბიმები და პალმები გაკეთებული იყო ტაძრის კედლებზეც. 21 ტაძრის კარის წირთხლი ოთხკუთხედი იყო. და წმიდის წინამო იმავე შესახედაობისა იყო. 22 ხის სამსხვერპლო იყო სამი წყრთა სიმაღლით და მისი სიგრძე იყო ორი წყრთა. მისი კუთხეები, მისი საფუძველი და მისი კედლები ხისა იყო; და მითხრა მან: “ეს არის მაგიდა, რომელიც უფლის წინაშეა.” 23 ორი კარი ჰქონდათ ტაძარსაც და წმიდასაც. 24 თითოეულ კარს ორი ფრთა ჰქონდა, ორივე ტრიალდებოდა. ორი ფრთა ერთ კარს და ორი ფრთა მეორე კარს. 25 ტაძრის კარებზე ქერუბიმები და პალმები იყო გამოხატული, როგორც კედლებზე. ძელი დარბაზის წინ იყო, გარედან. 26 და ცხაურიანი სარკმელნი და პალმები ორივე მხრიდან დარბაზის გვერდებზე და სახლის მონაშენები და ძელები.