ეზეკიელი
401 ოცდამეხუთე წელს ჩვენი განდევნისა, წლის დასაწყისში, თვის მეათე დღეს, მეთოთხმეტე წელს ქალაქის დაცემის შემდეგ, ზუსტად იმ დღეს იყო ჩემზე ხელი უფლისა და მიმიყვანა მე იქ. 2 ღმერთის ჩვენებებში მომიყვანა მე ისრაელის ქვეყანაზე და დამსვა ძალიან მაღალ მთაზე და მასზე იყო ქალაქის მსგავსი ნაშენები, სამხრეთის მხრიდან. 3 და მიმიყვანა იქ და ვნახე კაცი, რომლის შესახედაობა სპილენძისავით იყო და ხელში საზომი ლერწამი ჰქონდა და იდგა იგი კარიბჭეში. 4 და მელაპარაკა ის კაცი: „ძეო კაცისავ! ნახე შენი თვალით და შენი ყურით მოისმინე და შენი გული დაუდე ყოველივეს, რასაც მე გიჩვენებ, რადგან მოყვანილი ხარ აქ, იმისათვის, რომ გიჩვენო. ყოველივე, რასაც შენ ნახავ, უთხრა ისრაელის სახლს. 5 აჰა, გალავანი სახლის ირგვლივ გარედან და იმ კაცის ხელთ საზომი ლერწამი ექვსი წყრთისა, წყრთაში – წყრთა და მტკაველი. და გაზომა სიგანე ამ შენობისა – ერთი ლერწამი და სიმაღლე – ერთი ლერწამი. 6 და მივიდა კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთის გზისაკენ იყო მიმართული, და ავიდა მის საფეხურებზე და გაზომა კარიბჭის ზღურბლი: ერთი ლერწამი სიგანე და მეორე ზღურბლი: ერთი ლერწამი სიგანე. 7 და ოთახი – ერთი ლერწამი სიგრძე და ერთი ლერწამი სიგანე, და ოთახებს შორის – ხუთი წყრთა, და კარიბჭის ზღურბლი, რომელიც ჭიშკრის დარბაზის ახლოს იყო, შიგნით – ერთი ლერწამი. 8 და გაზომა კარიბჭის დარბაზი შიგნით – ერთი ლერწამი. 9 და გაზომა კარიბჭის დარბაზი – რვა წყრთა და მისი სვეტები – ორი წყრთა და ჭიშკრის დარბაზი შიგნით. 10 და კარიბჭის ოთახი აღმოსავლეთის გზიდან: სამი – ერთ მხარეს და სამი – მეორე მხარეს. ერთი ზომა ჰქონდათ სამივეს, და ერთი ზომა სვეტებს ორივე მხრიდან. 11 და გაზომა სიგანე კარიბჭის შესასვლელისა – ათი წყრთა. სიგრძე კარიბჭისა – ცამეტი წყრთა, 12 და საზღვარი ოთახების წინ – ერთი წყრთა და ერთი წყრთაც იქიდან, და ოთახი – ექვსი წყრთა ერთი მხრიდან და ექვსი წყრთა – მეორე მხრიდან. 13 და გაზომა მან ის კარიბჭე ერთი ოთახის სახურავიდან მეორის სახურავამდე; სიგანე – ოცდახუთი წყრთა, შესასვლელი შესასვლელის პირდაპირ იყო. 14 და გაზომა მან სვეტები და კარიბჭის ეზოს სვეტისა: სამოცი წყრთა ირგვლივ. 15 და შემოსასვლელის კარიბჭის წინა ნაწილიდან შიგნითა კარიბჭის დარბაზის წინა ნაწილამდე – ორმოცდაათი წყრთა. 16 და სარკმელნი დახშულნი ოთახებსა და მათ სვეტებში კარიბჭის შიგნით ირგვლივ და ასევე დარბაზები, სარკმელნი ყოველი მხრიდან შიგნით და სვეტებზე – პალმები. 17 და მიმიყვანა მე გარეთა ეზოში და ვნახე ოთახები და ქვაფენილი, დაგებული ეზოს ირგვლივ, ოცდაათი ოთახი ამ ქვაფენილზე. 18 და ეს ქვაფენილი კარიბჭის გვერდებზე კარიბჭის სიგრძის შესაბამისად; ეს იყო ქვემო ქვაფენილი. 19 და მან გაზომა სიგანე ქვემო კარიბჭის წინიდან შიგნითა ეზოს გარეთა მხარემდე: ასი წყრთა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით. 20 გაზომა კარიბჭე გარეთა ეზოსი, რომელიც ჩრდილოეთის გზისკენაა მიმართული, მისი სიგრძე და სიგანე. 21 და მისი ოთახები – სამი ერთი მხრიდან და სამი მეორე მხრიდან. სამი სვეტი და მისი დარბაზები იმავე ზომისა იყო, რაც პირველი კარიბჭისა, ორმოცდაათი წყრთა იყო მათი სიგრძე და ოცდახუთი წყრთა – მათი სიგანე. 22 და მისი სარკმელნი, დარბაზები და პალმები იმ ჭიშკრის ზომისა იყო, რომელიც აღმოსავლეთის გზისკენ იყო მიმართული და შვიდი საფეხურით ადიოდნენ მასზე, და მათი დარბაზნი მათ წინაშე. 23 და იყო კარიბჭე შიგნითა ეზოსი ჩრდილო კარიბჭის, ასევე აღმოსავლეთის პირისპირ. და გადაზომა ჭიშკრიდან ჭიშკრამდე ასი წყრთა. 24 და წამიყვანა მან სამხრეთის გზაზე და ვნახე კარიბჭე სამხრეთის გზისა. და გაზომა მისი სვეტები და მისი დარბაზები – იგივე ზომები, რაც სხვა კარიბჭეებს ჰქონდათ. 25 და ჰქონდა სარკმელნი მას და მის დარბაზებს ირგვლივ, იმ სარკმელთა მსგავსი. ორმოცდაათი წყრთა სიგრძე და სიგანე ოცდახუთი წყრთა, 26 შვიდი საფეხური იყო მასზე ასასვლელი და მათი დარბაზები მათ წინაშე და პალმები – ერთი ერთი მხრიდან და ერთი მეორე მხრიდან, მის სვეტებზე. 27 და იყო კარიბჭე შიგნითა ეზოსი სამხრეთის გზისაკენ. და გადაზომა იმ კარიბჭიდან მეორე კარიბჭემდე სამხრეთის გზისაკენ – სულ ასი წყრთა. 28 და შემიყვანა სამხრეთის კარიბჭით შიგნითა ეზოში, და გაზომა სამხრეთის კარიბჭე – იგივე ზომები, რაც სხვა კარიბჭეებისა. 29 და მისი ოთახები, მისი სვეტები და მისი დარბაზები, იმავე ზომისა იყო. და ჰქონდა სარკმელები მას და მის დარბაზებს ირგვლივ, ორმოცდაათი წყრთა იყო სიგრძე და სიგანე – ოცდახუთი წყრთა. 30 და დარბაზები ეზოს ირგვლივ – სიგრძე ოცდახუთი წყრთა და სიგანე ხუთი წყრთა. 31 მისი დარბაზები გადიოდა გარეთა ეზოსაკენ; და პალმები იყო დახატული მის სვეტებზე და რვა საფეხური იყო მასზე ასასვლელი. 32 და შემიყვანა აღმოსავლეთის კარიბჭით შიგნითა ეზოში და გაზომა ის კარიბჭე – იგივე ზომები, რაც სხვა კარიბჭეებისა. 33 მისი ოთახები, მისი სვეტები და მისი დარბაზები იმავე ზომისა იყო. და სარკმელები მისი დარბაზების ირგვლივ – სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა. 34 მისი დარბაზები გადიოდა გარეთა კარიბჭისაკენ. და მისი სვეტები პალმებით იყო მოხატულნი ორივე მხრიდან და რვა საფეხური ჰქონდა მასზე ასასვლელი. 35 მომიყვანა მე ჩრდილოეთის კარიბჭესთან და გაზომა – იგივე ზომები იყო. 36 მისი ოთახები, მისი სვეტები, მისი დარბაზები და სარკმელნი მის გარშემო იყო – სიგრძით ორმოცდაათი წყრთა და სიგანით ოცდახუთი წყრთა. 37 მისი სვეტები მიმართული იყო გარეთა ეზოსაკენ. ისინი პალმებით იყო მოხატული ორივე მხრიდან და რვა საფეხური ჰქონდათ ასასვლელი. 38 და სენაკი და მასში შესასვლელი იყო კარიბჭეთა სვეტებთან. იქ ასუფთავებდნენ სრულადდასაწველს. 39 და კარიბჭის დარბაზში იყო ორი მაგიდა ერთი მხრიდან და ორი მაგიდა მეორე მხრიდან, რათა დაეკლათ მათზე სრულადდასაწველი და ცოდვის შესაწირავი და დანაშაულის შესაწირავი. 40 და გვერდით, გარედან, ჩრდილო კარიბჭის შესასვლელში ასასვლელთან იდგა ორი მაგიდა, და ასევე მეორე გვერდზე, რომელიც კარიბჭის დარბაზს ჰქონდა, იყო ორი მაგიდა. 41 ოთხი მაგიდა ერთი მხრიდან და ოთხი მაგიდა მეორე მხრიდან კარიბჭის გვერდით – სულ რვა მაგიდა, რომლებზეც უნდა დაეკლათ მსხვერპლი. 42 და ოთხი მაგიდა სრულადდასაწველისათვის გამოთლილი ქვისაგან. სიგრძე ერთნახევარი წყრთა, სიგანე ერთნახევარი წყრთა და სიმაღლე ერთი წყრთა. მასზე აწყობდნენ იარაღს, რომლითაც უნდა დაეკლათ სრულადდასაწველი და სხვა მსხვერპლი. 43 და ორმაგი კაუჭები, ერთი მტკაველი სიგრძისა, მიმაგრებული იყო სახლზე ირგვლივ. მაგიდებზე კი სამსხვერპლო ხორცი ეწყო. 44 შიგნითა კარიბჭის გარედან იყო მომღერალთა ოთახები შიგნითა ეზოში, ჩრდილო კარიბჭის მხარეს, სამხრეთისკენ მიქცეული, და ერთი აღმოსავლეთის კარიბჭის მხარეს, ჩრდილოეთისკენ მიქცეული. 45 და მითხრა მან: ‘ეს ოთახი, რომელიც სამხრეთისკენ არის მიქცეული მღვდლებისათვისაა, რომლებიც სახლის სამსახურს ეწევიან. ოთახნი მომღერლებისა და მღვდლებისათვის 46 და სენაკი, რომელიც ჩრდილოეთისკენ იყო მიქცეული, მღვდლებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც სამსხვერპლოს სამსახურს ეწევიან. ისინი ცადოკის ძენი იყვნენ, ლევის ძეთაგან, უფალთან ახლოს მყოფნი მის სამსახურად.’ 47 და გადაზომა მან ოთხკუთხედი ეზო: სიგრძე ასი წყრთა და სიგანე ასი წყრთა. სამსხვერპლო სახლის წინ იყო. 48 და მიმიყვანა სახლის დარბაზში და გადაზომა დარბაზის სვეტები: ხუთი წყრთა ერთი მხრიდან და ხუთი წყრთა მეორე მხრიდან. და კარიბჭის სიგანე სამი წყრთა ერთი მხრიდან და სამი წყრთა მეორე მხრიდან. 49 დარბაზის სიგრძე იყო ოცი წყრთა და სიგანე თერთმეტი წყრთა; და ჰქონდათ საფეხურები, რომლითაც მასზე ადიოდნენ, და საყრდენები სვეტებთან, ერთი ერთი მხრიდან და ერთი მეორე მხრიდან.