ეზეკიელი 39

By
აგვისტო 24, 2015
ძველი აღთქმა
ეზეკიელი

391 „და შენ, ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე გოგზე და თქვი: ასე თქვა უფალმა ღმერთმა: გაფრთხილდი, შენს წინააღმდეგ ვარ, გოგ, უმაღლესო მთავარო როშისა, მეშექისა და თუბალისა. 2 და წაგათრევ და წაგიძღვები, და ამოგიყვან ჩრდილოეთის კიდეგანიდან და მოგიყვან ისრაელის მთებზე. 3 და დაგაგდებინებ მშვილდს შენი მარცხენა ხელიდან და შენს ისრებს – შენი მარჯვენა ხელიდან. 4 ისრაელის მთებზე დაეცემი შენ და მთელი შენი რაზმები და ხალხები, რომლებიც შენთან არიან. მტაცებელ ფრინველს, ყველა ფრთოსანს და მინდვრის ცხოველს მიგცემ შესაჭმელად. 5 მინდვრის პირზე დაეცემი, რადგან მე ვთქვი, სიტყვა უფალი ღმერთისა. 6 და მივუგზავნი ცეცხლს მაგოგსა და კუნძულებზე უსაფრთხოდ მცხოვრებთ, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. 7 და ჩემს წმიდა სახელს გამოვაცხადებ ჩემს ერს შორის, ისრაელს შორის, და აღარ შეიბღალება ჩემი წმიდა სახელი, და მიხვდებიან ხალხები, რომ მე, უფალი, წმიდა ვარ ისრაელში. 8 აჰა, მოდის და ახდება!’ სიტყვა უფალი ღმერთისა, ‘ეს ის დღეა, რომელზეც ვლაპარაკობდი. 9 და გამოვლენ ისრაელის ქალაქების მცხოვრებნი და გააჩაღებენ ცეცხლს და დაწვავენ იარაღს, ფარსა და ჯავშანს, მშვილდსა და ისრებს, ხელის ჯოხებსა და შუბებს და გააჩაღებენ ყველაფერი ამით ცეცხლს შვიდ წელს. 10 და აღარ გაზიდავენ მინდვრიდან და აღარ გაჩეხავენ ტყეებს, რადგან იარაღით გააჩაღებენ ცეცხლს. და გაძარცვავენ თავიანთ გამძარცველებს და წაართმევენ თავიანთ წამართმეველთ,’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 11 ‘და იმ დღეს მივცემ გოგს იქ ადგილს – საფლავს ისრაელში, ყობრიმის ხეობას ზღვის აღმოსავლეთით, და წინაღობად იქნება ის გამვლელთათვის. და დამარხავენ იქ გოგს და მთელ მის ხალხს და უწოდებენ ჰამონ-გოგის ხეობას. 12 შვიდ თვეს მოუნდება მათ დამარხვას ისრაელის სახლი, რათა განწმიდოს ეს ქვეყანა. 13 და დამარხავს მათ ამ ქვეყნის მთელი ერი. და იქნება მათთვის სახელად ჩემი დიდების დღე, უფალი ღმერთისა. 14 და მუდმივ კაცებს დანიშნავენ, შემომვლელთ ამ ქვეყანაში, გამვლელთა დახმარებით დამარხავენ მიწის პირზე დარჩენილთ, რათა განწმიდონ იგი. შვიდი თვის ბოლოს დაიწყებენ ძებნას. 15 და გაივლიან ქვეყანაში გამვლელნი და დაინახავს ვინმე ადამიანის ძვალს, დადგამს მის გვერდით ნიშანს, სანამ დამარხავენ მას მესაფლავენი ხამონ-გოგის ხეობაში, 16 და ქალაქს უწოდებენ სახელად ხამონას, და განწმედენ ამ ქვეყანას.’ 17 და შენ, ძეო კაცისავ! უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: უთხარი ჩიტს, ყოველ ფრთოსანს, და მინდვრის ცხოველს, შეგროვდით და მოდით, შეიკრიბეთ ყოველი მხრიდან ჩემს მსხვერპლთან, რომელსაც მე გწირავთ თქვენ, დიდ მსხვერპლს ისრაელის მთებზე, და შეჭამთ ხორცს და შესვამთ სისხლს. 18 ძლიერთა ხორცს შეჭამთ და შესვამთ ამ ქვეყნის მთავართა სისხლს, ვერძთა, ბატკანთა და ვაცთა, მოზვერთა სისხლს – ყველას ბაშანში გამოკვებილთა. 19 შეჭამთ გაძღომამდე ქონს და შესვამთ დათრობამდე სისხლს ჩემი მსხვერპლისა, რომელიც მსხვერპლად შემოგწირეთ თქვენ. 20 და გაძღებით ჩემს სუფრაზე ცხენით და ძლიერი მხედრებით და ყოველი მეომრით!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 21 ‘და გამოვაჩენ ჩემს დიდებას ხალხებში და დაინახავს ყველა ხალხი ჩემს სამართალს, რომელიც აღვასრულე, და ჩემს ხელს, რომელიც დავდე მათზე. 22 და მიხვდება ისრაელის სახლი, რომ მე ვარ მათი უფალი ღმერთი იმ დღიდან და შემდგომაც. 23 და მიხვდებიან ხალხები, რომ თავისი ურჯულოების გამო განიდევნა ისრაელის სახლი: იმის გამო, რომ მიმუხთლეს და მე დავფარე ჩემი პირი მათგან და მივეცი ისინი შემჭირვებელთ და მახვილით დაეცნენ ყველანი. 24 მათი სიბილწისამებრ და დანაშაულისამებრ მოვექეცი მათ და დავფარე ჩემი პირი მათგან.’” 25 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ეხლა დავაბრუნებ იაკობს ტყვეობიდან და შევიწყნარებ მთელ ისრაელის სახლს, და მოშურნე ვიქნები ჩემი წმიდა სახელისა. 26 და ატარებენ ისინი თავიანთ სირცხვილს და მთელ თავიანთ სიმუხთლეს, რომლითაც მიმუხთლეს მე, როდესაც დასახლდებიან თავიანთ მიწაზე უსაფრთხოდ და არავინ იქნება მათი შემშინებელი. 27 როდესაც დავაბრუნებ მათ ხალხებიდან და შევკრებ მათ მათი მტრების ქვეყნებიდან, და წმიდად გამოვცხადდები მათში მრავალი ხალხის თვალწინ, 28 და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი მათი ღმერთი, რომელმაც განვდევნე ისინი ხალხებისაკენ და შევკრიბე თავიანთ მიწაზე. და არ დავტოვებ იქ არც-ერთ მათგანს. 29 და აღარ დავფარავ მეტად ჩემს პირს მათგან, რადგან გადმოვღვარე ჩემი სული ისრაელის სახლზე!” – სიტყვა უფალი ღმერთისა.

თავი ოცდამეთვრამეტე                                                                                                                     თავი მეორმოცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close