4 და მითხრა მან: ‘იწინასწარმეტყველე ამ ძვლებზე და უთხარი მათ: ‘გამხმარო ძვლებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა.’ 5 ასე უთხრა უფალმა ღმერთმა ამ ძვლებს: ‘შემოვიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით თქვენ. 6 მოგცემთ თქვენ ძარღვებს და ამოვიყვან თქვენზე ხორცს, დაგფარავთ კანით და მოგცემთ სულს, და გაცოცხლდებით და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.’” 7 და ვიწინასწარმეტყველე მე, როგორც მქონდა ნაბრძანები. და მესმა ხმა, როდესაც ვწინასწარმეტყველებდი, და ხმაური, და მიუახლოვდნენ ძვლები ერთმანეთს, ძვალი თავის ძვალს. 8 და დავინახე, აჰა, ამოვიდა მათზე ძარღვები და ხორცი და ტყავი გადაეფარა ზედ. სული კი არ იყო მათში. 9 და მითხრა მე: ‘უწინასწარმეტყველე სულს, იწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი სულს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ოთხი ქარიდან მოდი, სულო, და შთაბერე ამ მკვდრებს და გაცოცხლდებიან.’” 10 და მე ვიწინასწარმეტყველე, როგორც მქონდა ნაბრძანები, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ და დადგნენ ფეხზე – ძალზე, ძალზე დიდი ლაშქარი. 11 და მითხრა მან: „ძეო კაცისავ! ეს ძვლები მთელი ისრაელის სახლია. აჰა, ამბობენ: ‘გაშრა ჩვენი ძვლები და დაიკარგა ჩვენი იმედი!’ 12 ამიტომ იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: მე გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ იქიდან, ჩემო ხალხო, და მიგიყვანთ ისრაელის მიწაზე. 13 და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც გავხსნი თქვენს საფლავებს და როდესაც ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო! 14 და ჩავდებ ჩემს სულს თქვენში და გაცოცხლდებით და დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი და გავაკეთე’, – სიტყვა უფლისა. ხილვა ორი ჯოხისა