ესაია 44:9-20

By
თებერვალი 15, 2014
9 კერპის გამომსახველნი არარაობაა ყველანი და მათი ძვირფასეულობა უსარგებლოა; თავად არიან ამის მოწმენი. ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს მიმხვდარან, ამიტომაც შერცხვებიან. 10 ვინ გამოსახა ღმერთი და ვინ ჩამოასხა ქანდაკი, არაფრის მაქნისი? 11 აჰა, შერცხვებიან მისი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც ადამის მოდგმისანი არიან; შეიკრიბონ ყველანი, გამოცხადდნენ; ზარი დაეცეთ და შერცხვნენ ერთიანად. 12 რკინითხურო ჭედავს მას და ამუშავებს ნაკვერცხლებზე, კვერავს ჩაქუჩებით, ამუშავებს მას თავისი მკლავის ძალით; შივდება და ძალა ეცლება; წყალს არ სვამს და ქანცი წყდება. 13 ხითხურო გაჭიმავს ძაფს და შემოხაზავს წვერმახით, ამუშავებს ხელეჩოთი, ფარგლით შემოხაზავს მას და შექმნის მისგან კაცის სახესავით, ადამიანის სილამაზესავით, სახლში დასადგმელად. 14 კედრებს გაჩეხავს, შეარჩევს ძელქვას ან მუხას და მოიმარაგებს ტყის ხეთა შორის; დარგავს კედარს და წვიმა გაზრდის. 15 დასაწვავად იქცევა ადამიანისთვის: აიღებს მათგან და თბება; ღუმელსაც ახურებს და პურს აცხობს, ღმერთსაც აკეთებს და თაყვანს სცემს, აკეთებს კერპს და განერთხმის მის წინაშე. 16 მის ნახევარს ცეცხლში წვავს, ნახევრით ხორცს ჭამს, მწვადს წვავს და ძღება; თბება კიდეც და ამბობს: ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო! 17 მისი მონარჩენი კი ღმერთად აქცია, თავის კერპად, რომლის წინაშე განრთხმულია, თაყვანს სცემს და ლოცულობს, ეუბნება: დამიფარე, რადგან ღმერთი ხარ ჩემიო. 18 არაფერი ესმით, ვერაფერს ხვდებიან, რადგან ამოუქოლათ თვალები, რომ ვერაფერი დაინახონ, და გულები – რომ ვერაფერს მიხვდნენ. 19 გულისხმაში ვერ მოდიან, არც ჭკუა აქეთ და არც გონება, რომ თქვან: ნახევარი ცეცხლში დავწვი, პურიც გამოვაცხვე ნაკვერცხლებზე, ხორცი შევწვი და ვჭამე; დანარჩენი სიბილწედ უნდა ვაქციო, ხის ნატეხის წინაშე უნდა განვერთხაო? 20 ნაცარს მწყემსავს, მოტყუებული გული გზაკვალს ურევს, ვერ იხსნის თავს და ვერ ამბობს: განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close