1 აი ჩემი მონა, რომელიც ხელით მიჭირავს, ჩემი რჩეული, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა. დავდებ მე მასზე ჩემს სულს და სამართალს გაუჩენს იგი ხალხებს. 2 არ იყვირებს და არ აღიმაღლებს ხმას, ქუჩაში ვერავინ მოისმენს მის ხმას. 3 დაბზარულ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს; სწორ სამართალს გააჩენს. 4 არ დაცხრება და არ გატყდება, ვიდრე არ დაამყარებს ქვეყნად სამართალს. მის განგებულებას მოელიან კუნძულები. 5 ასე ამბობს უფალი ღმერთი, რომელმაც შექმნა ზეცა და განფინა იგი; შექმნა დედამიწა მისი აღმონაცენითურთ; მისცა სუნთქვა ხალხს და სული – ქვეყნად მოარულთ. 6 მე, უფალმა, მოგიწოდე სიმართლით, ხელში გწვდები და დაგიცავ, დაგადგენ აღთქმად ხალხისთვის და წარმართთა სინათლედ, 7 რათა აუხილო ბრმებს თვალები, რათა პატიმარნი ამოიყვანო საპყრობილიდან, და წყვდიადიდან – ბნელში მსხდომნი.