4 დალპება ცის მხედრობა, ცა ეტრატივით დაიგრაგნება, და მთელი მისი მხედრობა ჩამოცვივა, როგორც ფოთოლი სცვივა ვაზს, და როგორც დამჭკნარი ფოთოლი სცვივა ლეღვს. 5 ცაში გამოჩნდება ჩემი მახვილი; ედომს დააცხრება – სასჯელს აღასრულებს იმ ხალხზე, რომელიც დასაღუპად დავარისხე. 6 უფლის მახვილი სისხლშია დასვრილი! კრავების, ვაცების სისხლსა და ვერძთა თირკმელების ქონში ცურავს: მსხვერპლს სწირავენ უფალს ბოცრაში, დიდი დაკვლებია ედომელთა მიწაზე. 7 მათთან ერთად ხოცავენ გარეულ ხარებს და მოზვრებს და უშობელებს, მიწა დათვრება სისხლით, და ნიადაგი ქონით გაიპოხება. 8 შურისძიების დღე აქვს უფალს, საზღაურის წელი სიონის გამო. 9 და იქცევა მისი მდინარეები ფისად და მისი ნიადაგი – გოგირდად. და მისი მიწა გავარვარებულ ფისად გადაიქცევა. 10 არც ღამით, არც დღისით არ ჩაქრება; საუკუნოდ იდენს მისი კვამლი; თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება ყოველთვის. უკუნეთიდან უკუნისამდე არავინ გაივლის იქ. 11 და დაიმკვიდრებენ მას ვარხვი და ზღარბი; ჭოტი და ყორანი დაიბუდებენ მასზე; და გადაიზომება ის მოოხრების ლარით და უკაცრიელების შვეულით. 12 მისი დიდებულნი გამოაცხადებენ, რომ იქ აღარაა სამეფო. და მისი მთავარნი არარაობად იქცევიან. 13 მის სასახლეებში ეკალ-ბარდი აღმოცენდება, ციხესიმაგრეებში – ჭინჭარი და კუროსთავი; და იქნება ის ტურების ბუნაგი, სირაქლემათა საყუდელი. 14 და შეხვდებიან იქ უდაბნოს მხეცები აფთრებს, ჭინკები ერთმანეთს გასჩხავლებენ. იქ დაივანებს ალი და ჰპოვებს მშვიდ ადგილს. 15 იქ დაიბუდებს ბუ, კვერცხებს დადებს და ბარტყებს გამოიყვანს, და შემოიკრებს ჩრდილში. იქ შეგროვდებიან ძერებიც, წყვილ-წყვილად მოფრინდებიან.