მათეს 24:5-26
ვინაიდან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს; იცოდეთ, ნუ შეშინდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. რადგან ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია. მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ; და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო. მრავალნი ცდუნდებიან მაშინ; ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი-მეორეს. მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს აცდუნებს. და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. მაგრამ ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, ის გადარჩება. და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული. ამრიგად, როცა იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველ დანიელის მიერ ნათქვამს – წამკითხველმა გაიგოს; მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს; ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად; ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ დაბრუნდება თავისი ტანისამოსის წასაღებად. მაგრამ ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში! ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს. რადგან იქნება მაშინ დიდი გასაჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და არც არასოდეს იქნება. ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები. მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან იქო, არ ერწმუნოთ, რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ. აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ. თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ; აჰა, შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით.
მარკოზის 13:6
რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის, რომ ‘მე ვარ’ და მრავალს შეაცდენენ.
ლუკას 21:8
მან კი უთხრა: „იფხიზლეთ, რომ არ შეცდეთ, რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის, მე ვარ და მოახლოებულიაო ის ჟამი. ნუ გაჰყვებით მათ.
2 კორინთელთა 11:4
ვინაიდან სიხარულით იწყნარებთ მათ, რომლებიც მოდიან და გიქადაგებენ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია; და ღებულობთ სხვა სულს და სხვა სახარებას, რომელიც ჩვენგან არ მიგიღიათ.
მარკოზის 13:6-22
რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის, რომ ‘მე ვარ’ და მრავალს შეაცდენენ. თქვენ კი, როცა მოისმენთ ომების შესახებ და ომების ამბებს, ნუ შეძრწუნდებით, ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ და შიმშილობანი. ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია. თქვენ კი გაფრთხილდით, ვინაიდან გადაგცემენ სამსჯავროებზე, სინაგოგებში გცემენ, და გამგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემ გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად. მაგრამ ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს. როცა წაგიყვანენ გადასაცემად, წინასწარ ნუ იდარდებთ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა. ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა – შვილს; აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. და ყველანი შეგიძულებენ ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება. ხოლო როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, იქ მდგომს, სადაც არ უნდა იყოს, წამკითხველმა გაიგოს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს. ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა და ნურც შინ შევა სახლიდან რაიმეს გამოსატანად. ველზე მყოფიც ნუ დაბრუნდება უკან, თავისი სამოსლის ასაღებად. ხოლო ვაი ორსულებსა და მეძუძურებს იმ დღეებში! ილოცეთ, რომ ზამთარში არ მოხდეს ეს. ვინაიდან ისეთი გასაჭირი იქნება იმ დღეებში, რომლის მსგავსიც დღემდე არ ყოფილა დასაბამიდან ქვეყნიერებისა, რომელიც შექმნა ღმერთმა და აღარც ოდესმე იქნება. და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, არავინ გადარჩებოდა ხორციელთაგან. მაგრამ შეამოკლა ის დღეები რჩეულთათვის, რომლებიც ამოირჩია. მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არისო ქრისტე, ან: აჰა, იქო, ნუ ერწმუნებით. ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.