იერემია 46:25
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე დავსჯი ამონს თებედან, ფარაონსა და ეგვიპტეს, მის ღმერთებსა და მის მეფეებს, ფარაონსა და მასზე დაიმედებულებს!
გამოსვლა 34:13-14
დაანგრიეთ მათი სამსხვერპლონი, შემუსრეთ მათი ძეგლები, აჩეხეთ მათი აშერები. რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი და ეჭვიანია იგი.
მეორე რჯული 7:5
ასე მოექეცი მათ: სამსხვერპლოები დაუნგრიეთ, სვეტები დაუმსხვრიეთ, აშერები აუკაფეთ და ცეცხლში დაწვით მათი ქანდაკებანი.
მსაჯული 6:25-30
უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: „აიყვანე მამაშენის მოზვერი და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი, დაანგრიე ბაყალის სამსხვერპლო, რომელიც მამაშენს უდგას, აშერა კი, მის გვერდით რომაა, აჩეხე. და სამსხვერპლო აუშენე უფალს, შენს ღმერთს ამ კლდეზე, იმ ადგილზე, რომელზეც მიგითითებ; მერე აიღე და სრულადდასაწველად აღავლინე მეორე მოზვერი იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ”. წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან და ისე მოიქცა როგორც უთხრა უფალმა; მაგრამ თავის მამისსახლისა და ქალაქის მკვიდრთა შიშის გამო, ვერ გაბედა დღისით გაეკეთებინა ეს საქმე, ამიტომ ღამით გააკეთა. ადგნენ დილით ადრე იმ ქალაქის მკვიდრნი, და აჰა, დანგრეულია ბაყალის სამსხვერპლო, გვერდით აშერა რომ იყო, აჩეხილია, ხოლო მოზვერი ახლად აშენებულ სამსხვერპლოზეა აღვლენილი. ჰკითხეს ერთმანეთს: „ვინ ჩაიდინა ეს საქმე?” გამოიძიეს, გამოიკითხეს და თქვეს: „გედეონმა, იოაშის ძემ, ჩაიდინა ეს საქმე”. 30 უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: „გამოიყვანე შენი ძე და მოკვდეს, რადგან ბაყალის სამსხვერპლო დაანგრია და აშერა კი გვერდით რომ იყო, აჩეხა”.
4 მეფეთა 17:35
ვისთანაც აღთქმა დადო უფალმა და ამცნო: „ნუ გეშინიათ უცხო ღმერთებისა, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ მათ;
3 მეფეთა 14:15
შემუსრავს უფალი ისრაელს, წყალზე მოქანავე ლერწამივით და ამოძირკვავს ისრაელს ამ ნოყიერი მიწიდან, რომელიც მისცა მათ მამებს და მიმოაბნევს მდინარის გაღმა, რადგან კერპები გაიკეთეს თავისთვის და განარისხეს უფალი.
4 მეფეთა 23:4-7
უბრძანა მეფემ ხილკიაჰუ მღვდელმთავარს, მეორე საფეხურის მღვდლებსა და კარიბჭის მცველთ, რომ გამოეტანათ უფლის სახლიდან ბაყალისთვის, აშერისთვის და მთელი ციური ლაშქრისთვის გაკეთებული ჭურჭელი და ცეცხლს მისცა ისინი იერუსალიმის გარეთ, კედრონის ველზე, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო. გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც საკმეველს აკმევდნენ მაღლობებზე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის შემოგარენში; და ბაყალს, მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებსა და ცის მთელ მხედრობას უკმევდნენ; გაიტანა აშერი უფლის სახლიდან იერუსალიმის გარეთ, კედრონის ხევისკენ, დაწვა კედრონის ხევში, მტვრად აქცია და ხალხის ძეთა საფლავებზე გააბნია. დაანგრია უფლის სახლთან მდგარი მეძავთა სახლები, სადაც დედაკაცები საფარველს უქსოვდნენ აშერს;
მსაჯულნი 2:12-13
და მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და გაჰყვნენ სხვა ღმერთებს, იმ ხალხთა ღმერთებს, მათ ირგვლივ რომ იყვნენ, თაყვანს სცემდნენ მათ და აჯავრებდნენ უფალს. მიატოვეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაყალსა და ყაშთაროთებს.
1 მეფეთა 7:3-4
ასე ელაპარაკა სამუელი ისრაელის მთელ სახლს: „თუ მთელი გულით მობრუნდებით უფლისკენ, მოიშორებთ უცხო ღმერთებსა და ყაშთაროთებს, უფლისკენ მიმართავთ გულებს და მხოლოდ მას ემსახურებით, მაშინ ისიც გიხსნით ფილისტიმელთა ხელიდან”. განიშორეს ისრაელიანებმა ბაყალები და ყაშთაროთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ.
მათეს 12:24
ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს.
4 მეფეთა 1:1-6
აუმხედრდა მოაბი ისრაელს ახაბის სიკვდილის შემდეგ. ჩამოვარდა ახაზია თავისი ზედათვალის სარკმლიდან სამარიაში და დასნეულდა. გაგზავნა მოციქულები, თან უთხრა: „წადით, დაეკითხეთ ბაყალ-ზებუბს, ყეკრონის ღმერთს, გამოვჯანსაღდები თუ არა ამ სნეულებისგან?” უთხრა უფლის ანგელოზმა ელია თიშბელს: „წადი, დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და უთხარი, ნუთუ აღარ არის-თქო ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან მიდიხართ საკითხავად? ამიტომ ამბობს უფალი: ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები!” წავიდა ელია. დაბრუნდნენ მოციქულნი ახაზიასთან. ჰკითხა: „რატომ დაბრუნდით?” უთხრეს: „კაცი გამოვიდა შესახვედრად და გვითხრა: წადით, დაბრუნდით მეფესთან, რომელმაც გამოგგზავნათ და გადაეცით: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუთუ აღარ არისო ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან ბაყალ-ზებუბთან მიდიხართ საკითხავად? ამიტომ ვეღარ ადგები საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდებიო”.
იერემია 50:2
„გამოაცხადეთ და აუწყეთ ხალხებს, ალამი ასწიეთ და აუწყეთ, ნუ დაფარავთ, თქვით: დაპყრობილია ბაბილონი, შერცხვენილია ბელი, დალეწილია მარდუქი, გაწბილებულია მისი კერპები და დამსხვრეულია მათი ქანდაკებები!
იერემია 48:7
იმის გამო, რომ შენი შრომისა და საგანძურის იმედი გქონდა, შენც შეგიპყრობენ და ქემოშსაც გადაასახლებენ თავის მღვდლებთან და მთავრებთან ერთად.
1 მეფეთა 5:2-7
აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი, მიიტანეს დაგონის საკერპეში და დადგეს დაგონთან. დილაადრიანად ადგნენ აშდოდელნი მეორე დღეს და აჰა, ნახეს, პირქვე აგდია დაგონი უფლის კიდობნის წინაშე. აიღეს და დააბრუნეს დაგონი თავის ადგილზე. დილაადრიანად ადგნენ აშდოდელნი მომდევნო დღეს, და აჰა, ნახეს, პირქვე დაცემულა დაგონი უფლის კიდობნის წინაშე, ხოლო დაგონის თავი და ორივე ხელის მტევანი მოკვეთილი ეყარა ზღურბლთან; მხოლოდ ტანიღა შერჩენოდა დაგონს. ამიტომ ერიდებიან აშოდში დაგონის ქურუმები და დაგონის ტაძარში შემსვლელნი დაგონის ზღურბლზე დაბიჯებას დღემდე. დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე, გვემდა და სპობდა მათ ბუგრებით, მთელ აშდოდსა და მის შემოგარენს. დაინახეს აშდოდელმა კაცებმა ყოველივე და თქვეს: „არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღმერთის კიდობანი, რადგან სასტიკია მისი ხელი ჩვენზე და ჩვენს ღმერთზე – დაგონზე”.
3 მეფეთა 11:4-5
სიბერის ჟამს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ და ისე სრულად მიძღვნილი აღარ იყო მისი გული უფლის, თავისი ღმერთის მიმართ, როგორც დავითის, მამამისის გული. მიჰყვა სოლომონი აშთორეთს, ციდონელთა ქალღმერთს და მილქომს, ყამონელთა სიბილწეს.
ლევიანნი 20:2-5
„უთხარი ისრაელის ძეებს: ყოველი, ვინც თავის ნაშიერს მოლოქს მისცემს, ისრაელის ძე იქნება თუ მწირი ისრაელში, უსათუოდ მოკვდეს; მთელმა ხალხმა ჩაქოლოს იგი. მოვმართავ ჩემს სახეს იმ კაცის წინააღმდეგ და მოვკვეთ მისი ხალხიდან, რადგან მოლოქს შესწირა თავისი ნაშიერი, რათა შეებილწა ჩემი საწმიდარი და შეებღალა ჩემი წმიდა სახელი. თუ ხალხი თვალს აარიდებს იმ კაცს, რომელიც თავის ნაშიერს მოლოქს მისცემს და არ მოკლავს მას, ჩემს სახეს მოვმართავ იმ კაცისა და მისი სახლეულის წინააღმდეგ და მოვკვეთ მას და ყოველს, მისი და მოლოქის კვალდაკვალ მემრუშეს, მათი ხალხიდან.
იერემია 32:35
ბაყალის მაღლობებს აშენებდნენ ბენ-ჰინომის ჭალაში, რათა ცეცხლში გაეტარებინათ მოლოქისთვის საკუთარი ძენი და ასულნი, რაც არ მიბრძანებია მათთვის, ფიქრადაც არ მომსვლია, რომ ასეთი სისაძაგლე გაეკეთებინათ და ცოდვაში შეეყვანათ იუდა”.
სოფონია 1:5
მათ, ბანებზე რომ სცემენ თაყვანს ციურ ლაშქარს და უფალსა და მილქომს რომ იფიცებენ.
საქმეები 7:43
მოლოქის კარავს დაატარებდით და რომფა-ღმერთის ვარსკვლავს, გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ გააკეთეთ, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; მეც გაგასახლებთ ბაბილონს იქით.
3 მეფეთა 19:18
მაგრამ, მე მოვიტოვე შვიდი ათასი კაცი ისრაელში: ვისი მუხლიც არ მოდრეკილა ბაყალის წინაშე და არ უკოცნია მისთვის”.
ფსალმუენბი 39:4
ნეტარია კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს და არ მიმართავს ამაყებს და სიცრუის მოყვარულებს.
დანიელი 3:29
ამიტომ ვბრძანებ, თუ რომელიმე ხალხიდან, ტომიდან ან ენიდან ვინმე აუგს ილაპარაკებს შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს ღმერთზე, ასო-ასო აიკუწოს, მისი სახლი კი ნანგრევებად იქცეს, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, ასე რომ შეეძლოს ხსნა!”
იერემია 16:19
ოჰ, უფალო, ძალავ ჩემო და სიმაგრევ ჩემო, ჩემო თავშესაფარო გაჭირვების დღეს! ქვეყნის კიდეებიდან მოვლენ შენთან ხალხები და იტყვიან: „მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრეს ჩვენმა მამებმა, მხოლოდ ამაოება, რომელთაგანაც სარგებელი არ არის”.
ამოსი 2:4
ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ იუდას სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, – რადგან უკუაგდეს უფლის რჯული და არ იცავდნენ მის დადგენილებებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამები მიჰყვებოდნენ.
სოფონია 1:4
ხელს მოვუღერებ იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთ; მოვსპობ ამ ადგილიდან ბაყალის ნატამალს და ქურუმთა სახსენებელს, მღვდლებთან ერთად.
საქმეები 12:21-23
დაწესებულ დღეს ჰეროდემ სამეფო სამოსი ჩაიცვა, ტახტზე დაჯდა და მათ მიმართა. ხალხი კი ღაღადებდა: „ღმერთის ხმაა და არა კაცისა”. მაგრამ მოულოდნელად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, ვინაიდან დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულს, სული ამოხდა.
ესაია 45:5
მე ვარ უფალი და არავინაა სხვა, ჩემს გარდა არ არის ღმერთი; მე შემოგარტყამ სარტყელს, თუმცა არ მიცნობ.