გამოსვლა 14:5-9
და ეუწყა ეგვიპტის მეფეს, რომ გაიქცა ხალხი, და შეეცვალათ გული ფარაონსა და მის მსახურებს ხალხის მიმართ, და თქვეს: „ეს რა ვქენით? რატომ გავუშვით ისრაელი ჩვენი მონობიდან?” და შეაბა ფარაონმა ცხენი თავის ეტლში და თან გაიყოლა თავისი ხალხი. წაიყვანა ექვსასი რჩეული ეტლი და ეგვიპტის ყველა ეტლი, და მათი მეთაურები ყველა მათგანზე. და გაამძვინვარა უფალმა გული ფარაონისა, ეგვიპტის მეფისა, და დაედევნა იგი ისრაელის ძეთ; და გამოდიოდნენ ისრაელის ძენი მაღალი ხელით. და დაედევნენ ეგვიპტელნი მათ უკან, და წამოეწივნენ დაბანაკებულთ ზღვასთან ფარაონის ყველა ცხენი და ეტლი, მისი მხედრები და მისი ჯარი, ფი-ჰახიროთთან, ბაყალ-ცეფონის წინ.
იესო ნავეს ძე 3:10
და თქვა იესომ: „ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენს შორის და ის განდევნის თქვენი პირისაგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს და გირგაშელებს, ამორეველებსა და იებუსელებს.
იესო ნავეს ძე 23:9
უფალმა აჰყარა თქვენი პირისაგან დიდი და ძლიერი ხალხები; და ამ დღემდე წინ ვერავინ აღგიდგათ.
მსაჯული 3:1-3
აი, ის ხალხები, უფალმა რომ დატოვა, რათა გამოეცადა მათით ისრაელი, ყველანი, ვინც ქანაანის არც ერთი ომი არ იცოდა, – მხოლოდ იმისათვის, რათა სცოდნოდათ და ესწავლათ ომი ისრაელის ძეთა შემდგომ თაობებს, რომელთაც უწინ არ იცოდნენ ის: ხუთი ფილისტიმელი მთავარი, ყოველი ქანაანელნი, ციდონელნი და ხიველნი, ლიბანის მთაში რომ მკვიდრობდნენ, ბაყალ-ხერმონის მთიდან ვიდრე ხამათის მისადგომამდე.
1 მეფეთა 13:5
და ფილისტიმელებიც შეიკრიბნენ ისრაელის წინააღმდეგ საომრად: ოცდაათი ათასი საომარი ეტლი, ექვსი ათასი ცხენოსანი, ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ხალხი; ამოვიდნენ და მიქმაშში, ბეთ-ავენის აღმოსავლეთით დაბანაკდნენ.
1 მეფეთა 14:20-23
და შეგროვდნენ საული და მასთან მყოფი მთელი ხალხი და მოვიდნენ ბრძოლის ადგილზე. და აჰა, გაიმართა ხელჩართული ბრძოლა და შეიქმნა მეტისმეტი არეულობა. ებრაელები, ადრე რომ ფილისტიმელებთან იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, ახლა ისრაელის ძეთ შეუერთდნენ, რომელნიც თან ახლდნენ საულსა და იონათანს. ეფრემის მთებში მიმალულმა ყველა ისრაელის ძემ გაიგო ფილისტიმელების უკუქცევა და ისინიც გაჰყვნენ მათ ბრძოლაში. იხსნა იმ დღეს უფალმა ისრაელი და ბეთ-ავენს გადასწვდა ბრძოლა.
1 მეფეთა 17:1-3
და შეჰყარეს ფილისტიმელებმა საომრად ლაშქარი, და შეიკრიბნენ იუდეის სოქოთში და დაიბანაკეს სოქოთსა და ყაზეკას შორის, ეფეს-დამიმში, ხოლო საული და ისრაელი შეიყარნენ და დაბანაკდნენ მუხნარის ველზე, და დაეწყვნენ ფილისტიმელებთან საბრძოლველად. ფილისტიმელები ერთი მთის ფერდობზე იდგნენ, ისრაელიანები – მეორე მთის ფერდობზე. და ღელე იყო მათ შორის.
1 ნეშტთა 10:7
როცა ველზე მყოფმა ისრაელის ძეთ დაინახეს, რომ უკუიქცნენ ისრაელის ძენი და, რომ დაიხოცნენ საული და მისი ვაჟიშვილები, დააგდეს ქალაქები და გადაიხვეწნენ. და მოვიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ.
4 მეფეთა 15:29
ისრაელის მეფის, ფეკახის დროს მოვიდა თიგლათ-ფილესერი, აშურის მეფე, და აიღო ყიონი, აბელ-ბეთ-მაყაქა, იანოახი, კედეში, ხაცორი, გილყადი და გალილეა, მთელი ნაფთალის ქვეყანა და აშურში გადაასახლა ხალხი.
4 მეფეთა 17:5-6
და წამოვიდა აშურის მეფე მთელ ქვეყანაზე, მოადგა სამარიას და სამ წელიწადს ალყაში ჰყავდა. ჰოშეაყის მეცხრე წელს აიღო აშურის მეფემ სამარია, აშურში გადაასახლა ისრაელი და ხალახში, ხაბორთან, გოზანის მდინარესთან, და მიდიელთა ქალაქებში დაასახლა.
ესაია 36:1
და იყო, მეფე ხიზკიაჰუს მეთოთხმეტე წელს გამოვიდა აშურის მეფე სანხერიბი იუდას ყველა გამაგრებული ქალაქის წინააღმდეგ და ხელში ჩაიგდო ისინი.
4 მეფეთა 24:1
მის დღეებში გამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და იყო იეჰოიაკიმი მისი მსახური სამ წელიწადს. მერე კვლავ განუდგა მას.
4 მეფეთა 25:1
თავისი მეფობის მეცხრე წელს, მეათე თვის მეათე დღეს, წამოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქუდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმის წინააღმდეგ და შემოადგა მას და მიწაყრილები მოუწყო ირგვლივ.
იერემია 39:1
ციდკიაჰუს, იუდას მეფის მეფობის მეცხრე წლის მეათე თვეს მოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი და მთელი მისი ლაშქარი იერუსალიმთან და ალყა შემოარტყა მას.
იერემია 52:4
მისი მეფობის მეცხრე წლის მეათე თვის მეათე დღეს გამოვიდა იერუსალიმზე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი, ის და მთელი მისი ლაშქარი, და დაბანაკდა იგი მის წინ და ააშენებინა ირგვლივ ალყაშემოსარტყმელი კედელი.
4 მეფეთა 25:10-11
და დაანგრია კედლები იერუსალიმის ირგვლივ ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონდა-ქართუხუცესს მოჰყვა. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა და ისინი, ვინც ბაბილონის მეფეს ჩაბარდნენ სხვადასხვა ჭრელ ხალხთან ერთად აჰყარა ნებუზარდანმა – ქონდაქართუხუცესმა.
2 ნეშტთა 36:17
მოუვლინა მათ ქალდეველთა მეფე და მახვილით ამოხოცა მათი ჭაბუკები საწმიდრის სახლში, არ დაინდო არც ჭაბუკი და არც ქალწული, არც მოხუცი და არც თმაჭაღარა – ყველანი მის ხელში ჩაყარა.