საქმეები 20:22
და აჰა, ახლა სულში შეკრული მივდივარ იერუსალიმში და არ ვიცი, იქ რა შემემთხვევა.
მარკოზის 13:32-36
მაგრამ იმ დღესა და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. აჰა, იფხიზლეთ და ილოცეთ! ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი. ისევე, როგორც შორ გზაზე მიმავალმა კაცმა მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს ფხიზლად ყოფნა უბრძანოს. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი – საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას. რათა მოულოდნელად არ მოვიდეს და მძინარეებს არ წაგასწროთ.
მათეს 24:36-44
მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც. რადგან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე კიდობანში შევიდოდა ნოე, და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა – ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც. მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და მეორე დარჩება. ორნი დაფქვავენ დოლაბით: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ეს კი გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, ღამის რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა, და თავისი სახლის ძირს არავის გამოათხრევინებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
იაკობის 4:13-16
ახლა თქვენ, ვინც ამბობთ – დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო; თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ – თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო. თქვენ კი ამპარტავნობაში ტრაბახობთ; ყოველი ასეთი ტრაბახი ბოროტებაა.
ფსალმუნები 38:6
ნამდვილად აჩრდილივითაა ადამიანი, ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.
იგავები 27:1
ნუ დაიკვეხნი ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას მოიტანს ის დღე.
იგავები 20:24
ადამიანს უფალი წარუმართავს ნაბიჯებს, როგორღა გაიგოს კაცმა თავისი გზა-კვალი?
იერემია 10:23
ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არ არის მისი გზა, რომ მოარული კაცი ვერ განსაზღვრავს თავის ნაბიჯებს.
1 თესალონიკელთა 4:13-18
რ გვსურს, ძმებო, უცოდინარნი იყოთ განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, იმედი რომ არ გააჩნიათ. ვინაიდან, თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს ღმერთი მასთან ერთად. რადგან ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვისამებრ, რომ ჩვენ, ცოცხლად დარჩენილნი, უფლის მოსვლისას, განსვენებულებს ვერ დავასწრებთ. ვინაიდან თვითონ უფალი ჩამოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმით და ღვთის საყვირით; და ჯერ ქრისტეში განსვენებულნი აღდგებიან; შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად, უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით.
1 კორინთელთა 1:1-10
არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვა. ყველანი მოსეს მიერ მოინათლნენ ღრუბელსა და ზღვაში. ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ; ხოლო ის კლდე იყო ქრისტე. მაგრამ მათგან უმრავლესობა როდი მოიწონა ღმერთმა; ამიტომ უდაბნოში მიმოიფანტა მათი გვამები. და ნიმუშად მოგვეცა ეს, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც ისინი შენატროდნენ. არც კერპთაყვანისმცემლები გახდეთ, ზოგიერთი მათგანივით, როგორც წერია: დასხდა ხალხი საჭმელ-სასმელად, და წამოდგა სათამაშოდ. ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძავობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა. ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა, და გველებისგან დაიღუპნენ. არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა, და დაიღუპნენ მომსვრელისგან.
1 კორინთელთა 12:28
და დააყენა ღმერთმა ეკლესიაში, პირველად მოციქულები, მერე წინასწარმეტყველნი, მერე მოძღვრები; შემდეგ ძალნი, განკურნების ნიჭი, შეწევნა, მართვა და სხვადასხვა ენები.