დაბადება 6:5
და იხილა უფალმა, რომ გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე, და მისი გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო.
მსაჯული 21:25
იმ დღეებში მეფე არ ჰყავდა ისრაელს; ვისაც როგორ უნდოდა, ისე იქცეოდა.
რომაელთა 13:4
ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე.
რომაელთა 13:1-2
ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე.
დაბადება 9:5-6
და თქვენს სისხლს მოვიკითხავ ყოველი ცხოველისაგან და ადამიანის ხელისაგან, მისი ძმის ხელისაგან მოვიკითხავ ადამიანის სულს. და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.
დანიელი 2:21
იგი ცვლის დრო-ჟამს, ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს. ბრძენკაცთ სიბრძნეს აძლევს, გონიერთ – ცოდნას.
დანიელი 4:17
ეს სასჯელი არის მღვიძარეთა ბრძანებით, და წმიდათა სიტყვით, რათა ცოცხლებმა იცოდნენ, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე, ვისაც უნდა, იმას აძლევს მას და კაცთაგან ყველაზე დამცირებულს აღაზევებს მასზე.
დანიელი 5:18-21
მეფეო, მაღალმა ღმერთმა უბოძა მამაშენს, ნაბუქოდონოსორს, სამეფო, სიდიადე, პატივი და დიდება. ღვთის მიერ ნაბოძები სიდიადის გამო ყველა ხალხი, ტომი და ენა მის წინაშე ძრწოლასა და შიშში იყო. ვინც მას უნდოდა, ჰკლავდა, ვინც მას უნდოდა, ცოცხალს ტოვებდა, ვისაც უნდოდა, აღამაღლებდა და ვინც მას უნდოდა, დაამდაბლებდა. მაგრამ, როდესაც გული აღუმაღლდა და სული ისე გაუმქისდა, რომ გაკადნიერდა, სამეფო ტახტიდან ჩამოგდებული და პატივაყრილი იქნა. მოკვეთილი იყო კაცის ძეთაგან, მისი გული მხეცისას დაემსგავსა და ველურ ვირებთან დაიდო ბინა. ბალახს აჭმევდნენ, როგორც ხარს და მისი ტანი ციური ცვარ-ნამით სველდებოდა, ვიდრე არ შეიგნო, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და, ვისაც უნდა, იმას აძლევს მეფობას.
იოანეს 19:11
მიუგო იესომ: „არავითარი ხელმწიფება არ გექნება ჩემზე, მაღლიდან თუ არ მოგეცა. ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა შენ, უფრო დიდი ცოდვა აქვს.”
1 პეტრეს 2:13
დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას უფლის გულისათვის, თუნდ მეფეს, როგორც უმაღლეს ხელისუფლებას,
ესაია 45:1
„ასე ეუბნება უფალი თავის ცხებულს, კიროსს: რომლის მარჯვენაც მე მიჭირავს, რომ დამორჩილდნენ ხალხები შენს წინაშე; და მე სარტყელს შევხსნი მეფეებს წელზე, რათა გავაღო შენს წინაშე კარები და ჭიშკრები აღარ დაიკეტოს.
იერემია 25:9
აჰა, გავგზავნი და წამოვიყვან ჩრდილოეთის ყველა ტომს!” – სიტყვა უფლისა, – „და ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორს, ჩემს მსახურს, და მოვიყვან მათ ამ ქვეყანაზე და მის მცხოვრებლებზე და ყველა ამ ხალხებზე ირგვლივ, გავანადგურებ მათ, გავხდი უკაცრიელად, დასაცინად და საუკუნო ნანგრევებად.
იერემია 27:6
და ახლა მე მივეცი ყველა ეს ქვეყნები ჩემს მსახურს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს ხელში, და მინდვრის ცხოველნიც მივეცი მას, რომ ემსახურონ.
იერემია 43:10
და უთხარი მათ: ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘მე მოვავლენ და მოვიყვან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, ჩემს მსახურს, და დავდებ მის ტახტს ამ ქვებზე, რომლებიც დავმალე, და გადაჭიმავს თავის სამეფო კარავს მათზე.
რომაელთა 13:6
სწორედ ამისათვის იხდით ხარკს, ვინაიდან ისინი ღვთის მსახურები არიან და დღენიადაგ ამას აკეთებენ.
1 ტიმოთეს 2:2
მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით,
1 პეტრეს 2:14
განმგებელთ, როგორც მის მოვლინებულთ, ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა სადიდებლად.
მათეს 22:17-21
ჰოდა, გვითხარი ჩვენ: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?” იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: „რატომ მცდით, თვალთმაქცნო? მიჩვენეთ სახარკო მონეტა.” და მიუტანეს მას დინარი. უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?” უთხრეს მას: „კეისრისა!” მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა – ღმერთსა!”
მარკოზის 12:14-17
მივიდნენ და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ წრფელი ხარ და ყველას მიმართ მიუკერძოებელი, რადგან კაცთა მდგომარეობას არ უყურებ, არამედ სიწრფელით ასწავლი ღვთის გზას. უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?” მან იცოდა მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო.” მიუტანეს და მაშინვე უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?” კეისრისაო, უთხრეს მას. იესომ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა – ღმერთს.” და უკვირდათ მისი.
რომაელთა 13:5-7
ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის გამო, არამედ სინდისის გამოც. სწორედ ამისათვის იხდით ხარკს, ვინაიდან ისინი ღვთის მსახურები არიან და დღენიადაგ ამას აკეთებენ. ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, ვისაც შიში – შიში, ვისაც პატივი – პატივი.
ტიტეს 3:1
შეახსენე მათ: დაემორჩილონ და მოუსმინონ განმგებელთ და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის.
იგავნი 24:21
გეშინოდეს უფლისა, შვილო, და მეფისა, და მეამბოხეებში ნუ გაერევი,
საქმეები 16:35:39
რომ გათენდა, მთავრებმა გაგზავნეს მსახურნი და უთხრეს: „გაუშვი ის კაცები.” შეატყობინა საპყრობილის ზედამხედველმა ეს ამბავი პავლეს და უთხრა: „მთავრებმა კაცი გამოგზავნეს თქვენს გასაშვებად. ახლა გამოდით და მშვიდობით წადით.” მაგრამ პავლემ უთხრა მათ: „ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, განუკითხავად გვცემეს სახალხოდ და საპყრობილეში ჩაგვყარეს, და ახლა ფარულად გვიშვებენ? არა, მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ.” მოახსენეს მსახურებმა მთავრებს ეს სიტყვები. ხოლო მათ შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელნი ყოფილანო. და მოვიდნენ, მოუბოდიშეს, გამოიყვანეს საპყრობილიდან და სთხოვეს, ქალაქს გასცლოდნენ.
საქმეები 22:22-29
ამ სიტყვამდე უსმენდნენ მას, და აღიმაღლეს ხმა და თქვეს: „აღიგავოს ასეთი კაცი მიწისაგან, ვინაიდან არ არის სიცოცხლის ღირსი!” როცა ისინი ყვიროდნენ, ტანისამოსს იგლეჯდნენ და ჰაერში მტვრის კორიანტელს აყენებდნენ, ათასისთავმა ბრძანა ბანაკში შეეყვანათ იგი და უთხრა, შოლტის ქვეშ დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რისთვის ყვიროდნენ ასე მის წინააღმდეგ. როცა გაჭიმეს ღვედებით, პავლემ უთხრა იქვე მდგომ ასისთავს: „რა უფლება გაქვთ, რომ გაუსამართლებლად გაშოლტოთ რომაელი კაცი?” ეს რომ ასისთავმა გაიგო, მივიდა ათასისთავთან და მოახსენა და უთხრა: „რას აპირებ, რომაელი ყოფილა ეს კაცი!” მივიდა ათასისთავი და უთხრა მას: „მითხარი, რომაელი ხარ?” მიუგო: „ჰო.” მიუგო ათასისთავმა: „მე დიდი თანხით მოვიპოვე ეს მოქალაქეობა.” ხოლო პავლემ თქვა: „მე კი – დაბადებით.” მყისვე მოეშვნენ, ვინც მას დაკითხვას უპირებდნენ. ხოლო ათასისთავს შეეშინდა, როცა გაიგო, რომ იგი რომაელი ყოფილა, მან კი შეაბორკინა იგი.
საქმეები 25:1-12
სამთავროში რომ მივიდა ფესტოსი, სამი დღის შემდეგ კესარიიდან იერუსალიმში ავიდა. აცნობეს მას მღვდელმთავარმა და იუდეველთა მთავრებმა თავიანთი სარჩელი პავლეს წინააღმდეგ და ევედრებოდნენ, სთხოვდნენ წყალობას, რათა გამოეძახა იგი იერუსალიმში, რომ გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ. მაგრამ ფესტოსმა მიუგო, რომ პავლე კესარიაშია დაპატიმრებული და რომ მალე თვითონაც იქ მიემგზავრება. უთხრა მან: „ახლა რომელ თქვენგანსაც შეუძლია, წამომყვეს და, თუ რაიმე აქვს ამ კაცს დანაშაული, ბრალი დასდოს.” მათ შორის ათი თუ რვა დღე დაჰყო და ჩამოვიდა კესარიაში. მეორე დღეს დაჯდა მსაჯულის ადგილზე და პავლეს მოყვანა ბრძანა. როცა ის მოვიდა, მის ირგვლივ დადგნენ იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველნი, ბევრი და მძიმე ბრალდება წაუყენეს, რომელთა დამტკიცება ვერ შესძლეს. პავლემ კი თავის გასამართლებლად თქვა: „არაფერი შემიცოდავს არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრის, არც კეისრის წინააღმდეგ.” ფესტოსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და მიუგო პავლეს და უთხრა: „გინდა იერუსალიმში ასვლა, რომ იქ განიკითხო ამის გამო ჩემს წინაშე?” უთხრა პავლემ: „კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სადაც ჯერ არს ჩემი განკითხვა. იუდეველთათვის ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება. თუ მართალი არა ვარ და სიკვდილის ღირსი რაიმე ჩამიდენია, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ ყველაფერი ტყუილია, რაშიც ესენი ბრალს მდებენ, არავის შეუძლია, მათ ხელში მიმცეს. კეისრის სამსაჯავროს მოვითხოვ.” მაშინ ფესტოსი მოეთათბირა თავის საბჭოს და მიუგო: „კეისრის სამსჯავროს მოითხოვ და კეისართანვე წახვალ.”