დაცემული ანგელოზები ბიბლიის მუხლები

ესაია 14:12-15
როგორ ჩამოვარდი ციდან, მნათობო, ძეო განთიადისა; მიწამდე ჩამოემხე, ერთა დამძაბუნებელო. გულში ამბობდი: „ცამდე ავმაღლდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ავიმაღლებ ტახტს, საკრებულო მთაზე დავჯდები, ჩრდილოეთის კიდეებზე. ღრუბლებს ზემოთ ავმაღლდები, უზენაესს დავემსგავსები!” თუმცაღა ქვესკნელში იქნები ჩაგდებული, შავეთის ჯურღმულებში.

ლუკას 10:18
მან კი უთხრა მათ: „ვუყურებდი სატანას ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან.

გამოცხადება 12:7-17
შეიქნა ომი ცაში: და ებრძოდნენ მიქაელი და მისი ანგელოზები გველეშაპს; გველეშაპიც შეებრძოლა თავის ანგელოზებთან ერთად, მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში; და გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, ეშმაკი და სატანა რომ ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი; და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად. და გავიგონე დიდი ხმა, ცაში რომ ლაპარაკობდა: „დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, ცილს რომ სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღმერთის წინაშე; და გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს თავიანთი თავი, თვით სიკვდილამდე. ამიტომ იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვარდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ მცირე დროღა დარჩა. როცა დაინახა გველეშაპმა, რომ მიწაზე იქნა გადმოგდებული, დაედევნა დედაკაცს, რომელმაც ვაჟი შვა; და მიეცა დედაკაცს დიდი არწივის ორი ფრთა უდაბნოში, თავისი ადგილისკენ გასაფრენად, სადაც იკვებებოდა დროის, დროთა და ნახევარი დროის განმავლობაში, გველისგან მიფარებული. ამოასხა გველმა პირიდან წყალი მდინარესავით დედაკაცის კვალდაკვალ, რათა მდინარეს წაელეკა იგი. მაგრამ მიწა დაეხმარა დედაკაცს, და დააღო პირი და შთანთქა მდინარე, გველეშაპმა რომ ამოასხა პირიდან. განრისხდა დედაკაცზე გველეშაპი და წავიდა, დანარჩენებს რომ შებრძოლებოდა მისი თესლიდან, რომლებიც ღვთის მცნებებს იცავენ და იესოს მოწმობა აქვთ. და დადგა ზღვის ქვიშაზე.

2 პეტრეს 2:4
რადგან ღმერთმა ის ანგელოზებიც არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ წყვდიადის ბორკილებს გადასცა და ტარტაროზში ჩაყარა სამსჯავროსთვის შესანახად,

მათეს 25:41
მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის.

იუდას 1:6
ხოლო ანგელოზნი, რომელთაც არ დაიცვეს საკუთარი ღირსება და მიატოვეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შემოინახა წყვდიადში, რათა გაასამართლოს დიად დღეს.

2 კორინთელთა 11:14
თუმცა არ მიკვირს, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს.

ეფესელთა 6:12
რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.

Close
Close