1 და იყო აბრამი ოთხმოცდაცხრამეტი წლისა, როცა გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: „მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი. იარე ჩემს წინ და იყავი უმწიკვლო. 2 და დავდებ ჩემს აღთქმას შენსა და ჩემს შორის, და გაგამრავლებ დიდად.” 3 და დაემხო აბრამი პირქვე და უთხრა მას ღმერთმა: 4 „აჰა, ჩემი აღთქმა შენთან: იქნები მრავალი ხალხის მამა. 5 და აღარ გერქმევა შენ სახელად აბრამი (ამაღლებული მამა), არამედ აბრაამი (მრავალთა მამა), რადგან მრავალი ხალხის მამად გაქცევ. 6 და დიდად გაგამრავლებ და მრავალი ერი გამოვა შენგან, და მეფენი გამოვლენ შენგან. 7 და დავამყარებ ჩემს აღთქმას ჩემსა და შენს, და შენს შემდგომ, შენს შთამომავლობას შორის, მათ მოდგმაში, საუკუნო აღთქმად, რათა ვიყო შენი და, შენს შემდგომ, შენი შთამომავლობის ღმერთი. 8 და მოგცემთ შენ და, შენს შემდგომ, შენს შთამომავლობას, შენი ხიზნობის ქვეყანას – მთელი ქანაანის ქვეყანას – საუკუნო საკუთრებად, და მე ვიქნები მათი ღმერთი.”