1 კეთილად მიიჩნია დარიოსმა თავის სამეფოში ასოცი სატრაპი დაეყენებინა, რათა მთელს სამეფოში ყოფილიყვნენ. 2 მათ კი სამი მთავარი დაუყენა, მათ შორის ერთი დანიელი, რათა სატრაპებს მათთვის ჩაებარებინათ ანგარიში და მეფეს არ ეზარალა. 3 მაშინ სხვა მთავრებზე და სატრაპებზე მეტად გამოირჩა დანიელი, რადგან მასში საკვირველი სული იყო, და მეფე ფიქრობდა მთელ სამეფოზე დაეყენებინა იგი. 4 მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა. 5 მაშინ ამ კაცებმა თქვეს: „დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვუპოვნით, მისი საწინააღმდეგო მისივე ღმერთის რჯულში თუ არ ვიპოვეთ.” 6 მთავრები და სატრაპები მიადგნენ მეფეს და უთხრეს: „მეფე დარიოს, იცოცხლე უკუნისამდე! 7 სამეფოს ყველა დიდებულმა, მთავრებმა, სატრაპებმა, მრჩევლებმა და მეფისნაცვალებმა მოითათბირეს, რათა გამოცემულიყო სამეფო დადგენილება და შემოღებულიყო მტკიცე აკრძალვა, რომ ყველა, ვინც კი ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენს გარდა, მეფეო, თხოვნით მიმართავს, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული. 8 ახლა კი, მეფეო, დაამტკიცე ეს აკრძალვა და ხელი მოაწერე სიგელს, რომ უცვალებელი იყოს, მიდიელთა და სპარსელთა კანონისამებრ, რომლის გაუქმებაც შეუძლებელია.” 9 ამიტომ ხელი მოაწერა მეფე დარიოსმა სიგელსა და აკრძალვას. 10 როდესაც დანიელმა შეიტყო, რომ ასეთი სიგელი იქნა ხელმოწერილი, შინ წავიდა. მისი ზემოთვალის სარკმლები იერუსალიმის მხარეს იყო გაღებული. დღეში სამჯერ იდრეკდა მუხლს, ლოცულობდა და მადლს სწირავდა თავისი ღმერთის წინაშე, როგორც ამას მანამდე აკეთებდა.