24 და სამსხვერპლო აუგო იქ გედეონმა უფალს, და უწოდა მას: უფალი მშვიდობაა. იგი ამ დღემდე დგას აბიყეზერელთა ყოფრაში. 25 და იმ ღამეს უთხრა მას უფალმა: „წაიყვანე მოზვერი, მამაშენს რომ ჰყავს, და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი; და დაანგრიე სამსხვერპლო ბაყალისა, მამაშენს რომ აქვს, ხოლო აშერა, რომელიც მის გვერდითაა, აჩეხე. 26 და აუგე უფალს, შენს ღმერთს, სამსხვერპლო ამ კლდის თავზე თავისი წესით, და აიყვანე მეორე მოზვერი და აღუვლინე სრულადდასაწველად იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ.” 27 და წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან, და ისე მოიქცა, როგორც უფალმა უთხრა; და რაკი თავის მამის სახლის და ქალაქის მკვიდრების შიში ჰქონდა, ვერ გაბედა, დღისით გაეკეთებინა, ამიტომ ღამით გააკეთა. 28 და ადგნენ დილით იმ ქალაქის მკვიდრნი და აჰა, ბაყალის სამსხვერპლო დანგრეულია და აშერა, მის გვერდით რომ იყო, აჩეხილი; მეორე მოზვერი კი ახლადაგებულ სამსხვერპლოზეა აღვლენილი სრულადდასაწველად.