1 ნეშტთა 21:18-26

By
თებერვალი 10, 2014
18 და უთხრა უფლის ანგელოზმა დავითისთვის სათქმელად გადს: „ადგეს და უფლის სამსხვერპლო ააგოს დავითმა ორნან იებუსელის კალოზე”. 19 და წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, რომელიც უფლის სახელით ჰქონდა ნათქვამი. 20 და გამოიხედა ორნანმა დაინახა ანგელოზი და თავის ოთხ ვაჟთან ერთად დაიმალა. ორნანი იმ დროს ხორბალს ფქვავდა. 21 და მივიდა დავითი ორნანთან. და გამოიხედა ორნანმა და დაინახა დავითი, კალოდან გამოეგება და მდაბლად თაყვანი სცა დავითს. 22 და უთხრა დავითმა ორნანს: „მომეცი შენი კალოს ადგილი და უფლის სამსხვერპლოს ავაშენებ მასზე, სრულ საფასურად მომეცი, რათა განერიდოს ხალხს ჟამი.” 23 და უთხრა ორნანმა დავითს: „აიღოს და გააკეთოს მეფე ბატონმა, რაც ენებოს. აჰა, ხარები სრულადდასაწველად მომირთმევია, კევრები შეშად, ხორბალი საძღვნოდ. ყველაფერს ვიძლევი.” 24 და უთხრა მეფე დავითმა ორნანს: „არა, სრულ საფასურად უნდა ვიყიდო შენგან, რადგან უფალს ვერც შენს საკუთრებას შევწირავ და ვერც მუქთა აღსავლენს.” 25 ამ ადგილის საფასურად დავითმა ექვსასი შეკელი ოქრო მისცა ორნანს. 26 იმ ადგილას აუგო დავითმა უფალს სამსხვერპლო, და მიიტანა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. და მოუხმო უფალს. მან კი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის მოცემით უპასუხა.

კომენტარის დატოვება

Close
Close