46 როცა შეგცოდავენ, რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, და განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს, 47 და გონს მოვლენ იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან და შემოგღაღადებენ მათი ტყვეობის ქვეყანაში: ‘შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთ;’ 48 როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელთაც ტყვედ წაასხეს, და დაიწყებენ ლოცვას შენდამი იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამებს რომ მიეცი, იმ ქალაქისკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე, 49 მაშინ მოისმინე ციდან, შენი სამყოფლიდან, მათი ლოცვა-ვედრება და სამართალი გაუჩინე. 50 და მიუტევე შენს ერს, შეცოდება და დანაშაული, რაც კი შეუცოდავს შენთვის, და სიბრალულს აღუძრავ მათ დამტყვევებლებს, რომ შეიბრალონ ისინი, 51 რადგან შენი ერია ისინი და შენი სამკვიდრო, რომელიც ეგვიპტიდან, რკინის ღუმლიდან, გამოვიყვანე.