1 შაბათის მომდევნო დღეს, განთიადზე, როდესაც ჯერ კიდევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელი სამარხთან და ხედავს, რომ ლოდი აღებულია სამარხიდან. 2 გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესთან და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: აუღიათ უფალი სამარხიდან და არ ვიცით, სად დადეს. 3 მაშინვე გამოვიდნენ პეტრე და ის სხვა მოწაფე და გაემართნენ სამარხისაკენ. 4 ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფე პეტრეზე სწრაფად გაიქცა და პირველი მივიდა სამარხთან. 5 დაიხარა და დაინახა დაყრილი ტილოები, შიგ კი არ შესულა. 6 მივიდა სიმონ-პეტრეც მის შემდეგ, შევიდა სამარხში და დაინახა დაყრილი ტილოები. 7 სუდარა, რომელიც თავზე ჰქონდა მას, იმ ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იყო დახვეული ერთ ადგილას. 8 მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, სამარხთან რომ მიასწრო პეტრეს, და იხილა და იწამა, 9 რადგან აქამდე ვერ გაეგოთ წერილიდან, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. 10 და დაბრუნდნენ მოწაფეები კვლავ თავისთან სახლში. 11 მარიამი კი იდგა სამარხის გარეთ და ტიროდა. და მტირალი დაიხარა სამარხისაკენ 12 და დაინახა თეთრებით მოსილი ორი ანგელოზი, მსხდომარენი ერთი თავთით და მეორე ფეხთით, სადაც იესოს სხეული ესვენა. 13 და უთხრეს მას: „ქალო, რად ტირი?“ ეუბნება მათ: „წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დადეს.“ 14 ეს რომ თქვა, შემობრუნდა და დაინახა იქ მდგარი იესო, მაგრამ არ იცოდა, რომ ეს იესო არის. 15 ეუბნება მას იესო: „ქალო, რად ტირი, ვის ეძებ?“ მას მებაღე ეგონა იგი და ეუბნება: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დადე, და მე წამოვიღებ.“ 16 ეუბნება მას იესო: „მარიამ!“ შემობრუნდა მარიამი და ებრაულად უთხრა: „რაბუნი!“ რაც ნიშნავს: „მოძღვარო!“ 17 ეუბნება მას იესო: „არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: ‘ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან.’“