6 შვილი პატივს სცემს მამას და ყმა – თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი კრძალვა? თქვენ გეუბნებათ ყოვლისშემძლე უფალი: ჰოი მღვდლებო, ჩემი სახელის შეურაცხმყოფელნო! თქვენ კი ამბობთ: რითი შეურაცხვყავითო შენი სახელი? 7 მოგაქვთ წაბილწული პური ჩემს სამსხვერპლოზე და ამბობთ: რითი წაგბილწეთო? იმით, რომ ფიქრობთ: უფლის ტაბლა რა პატივის ღირსიაო. 8 ბრმას რომ მწირავთ მსხვერპლად, ცუდი არ არის? კოჭლი და სნეული რომ მოგყავთ, ცუდი არ არის? აბა, მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონებს ან თუ კეთილად შემოგხედავს? – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – 9 ახლა კი ევედრეთ ღმერთს, ვინძლო, შეგვიწყალოს. როგორღა შემოგხედავთ კეთილად, როცა თქვენი ხელიდან გამოდის ეს ძღვენი? – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. 10 რატომ არცერთი თქვენგანი არ დახშავს კარიბჭეებს, რომ ფუჭად აღარ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე?! არ მეთნევით, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი და არ მივიღებ თქვენი ხელით მორთმეულ ძღვენს. 11 რადგან დიდია ჩემი სახელი ხალხებში, მზის აღმოსავალიდან მის დასავალამდე. ყოველ ადგილას უკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს მწირავენ, რადგან დიდია ჩემი სახელი ხალხებში, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – 12 თქვენ კი შელახეთ ჩემი სახელი იმით, რომ ამბობთ: უფლის ტაბლა წაბილწულიაო და მასზე შეწირული ძღვენი საკვებად საძულველიო. 13 ამბობთ: აჰა, რა დამქანცველიაო ეს საქმე. და გძულთ იგი, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – მოგყავთ ნატაცები, კოჭლი და სნეული და ეს არის თქვენი ძღვენი – როგორ მივიღებ მას თქვენი ხელიდან?! – ამბობს უფალი. – 14 წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც საღი მამალი პირუტყვი ჰყავს სამწყსოში და შეუთქვამს მას, მაგრამ მის ნაცვლად, ხინჯიანს სწირავს უფალს მსხვერპლად! რადგან დიდებული მეფე ვარ მე, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – და შიშის მომგვრელია ჩემი სახელი ხალხებში.