19 იოანემ დაიბარა ორი თავისი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა, რათა ეკითხათ: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას ველოდოთ?“ 20 მივიდნენ მასთან და უთხრეს: „იოანე ნათლისმცემელმა გამოგვაგზავნა შენთან საკითხავად: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას ველოდოთ?“ 21 იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათაგან და სატკივართაგან და ავი სულებისაგან, და მრავალ ბრმას მიმადლა მხედველობა. 22 მიუგო და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ: ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები განიწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და გლახაკებს ეხარებათ. 23 და ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში.“