2 როდესაც პავლეს და ბარნაბას უთანხმოება და არამცირედი დავა მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვა მათგანი ამ საკითხის გამო ასულიყვნენ იერუსალიმში მოციქულებთან და უხუცესებთან. 3 გააცილა ეკლესიამ და ფინიკიასა და სამარიაში გავლისას ისინი უამბობდნენ წარმართთა მოქცევაზე, და ყველა ძმათაგანს დიდ სიხარულს ანიჭებდნენ. 4 იერუსალიმში რომ მივიდნენ, მიიღეს ისინი ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა, და აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათი ხელით, 5 წამოდგნენ ზოგიერთნი მორწმუნენი ფარისეველთა დასიდან და თქვეს, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მცნებად დადება, რომ დაიცვან მოსეს რჯული. 6 შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები ამ საქმის გასარჩევად. 7 ხანგრძილივი გამოძიების შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: “კაცნო ძმანო, თქვენ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. 8 და გულთამხილველმა ღმერთმა დაუმოწმა მათ სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ. 9 განსხვავება წაშალა ჩვენსა და მათ შორის, როცა რწმენით განწმიდა მათი გულები. 10 ახლა რატომ გამოსცდით ღმერთს და ქედზე ადგამთ მოწაფეებს უღელს, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს, ვერც ჩვენ? 11 მაგრამ გვწამს, რომ უფალ იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი.” 12 ბევრი დადუმდა და უსმენდა ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც მოუთხრობდნენ, თუ რა ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის.