დაბადება 7

By
მარტი 10, 2015
ძველი აღთქმა
დაბადება

71 და უთხრა უფალმა ნოეს: „შედი შენ და მთელი შენი სახლეული კიდობანში, რადგან გიხილე შენ მართალ კაცად ჩემს წინაშე მთელს ამ მოდგმაში 2 ყოველი წმიდა პირუტყვისაგან შეიყვანე შვიდ-შვიდი – მამალი და დედალი, და პირუტყვისაგან, რომელიც არაა წმიდა, ორ-ორს – მამლსა და დედალს. 3 აგრეთვე ცის ფრინველთაგან შვიდ-შვიდს – მამალსა და დედალს, რათა იცოცხლოს მათმა შთამომავლობამ მთელს მიწის პირზე. 4 რადგან შვიდი დღის შემდეგ ვაწვიმებ მიწაზე ორმოც დღესა და ორმოც ღამეს, და პირისაგან მიწისა წარვხოცავ ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.” 5 და გააკეთა ნოემ ყოველივე, რაც უბრძანა მას უფალმა. 6 და ნოე იყო ექვსასი წლისა, როდესაც მოვიდა წარღვნის წყალი მიწაზე. 7 და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავშესაფარებლად ნოე და მისი ცოლი, და მისი ძენი, და მის ძეთა ცოლები, 8 წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ყოველი ფრინველი და ქვეწარმავალი, 9 ორ-ორნი შევიდნენ ნოესთან კიდობანში მამალი და დედალი, როგორც უბრძანა ღმერთმა ნოეს. 10 და შვიდი დღის შემდეგ წარღვნის წყალი მოვიდა ქვეყანაზე. 11 ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს იჩქეფეს უფსკრულის დიდმა წყაროებმა და გაიხსნენ ცის სარკმელნი. 12 და იყო წვიმა მიწაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. 13 და იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი, და ნოეს ცოლი და მისი ვაჟების ცოლები მათთან ერთად, 14 ისინი და ყოველი ცხოველი თავისი გვარისამებრ, ყოველი პირუტყვი თავისი გვარისამებრ, ყოველი ქვეწარმავალი, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე, თავისი გვარისამებრ, და ყოველი ფრინველი თავისი გვარისამებრ, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი. 15 და შევიდნენ ნოესთან კიდობანში ორ-ორი ყოველ ხორციელთაგან, რომელშიც იყო სული სიცოცხლისა. 16 და შემავალი მამალი და დედალი ყოველი ხორციელისაგან შევიდა, როგორც უბრძანა მას ღმერთმა. და დახშა უფალმა კიდობანი. 17 და იყო წარღვნა ორმოცი დღე მიწაზე, და ადიდდა წყალი და მიწიდან მაღლა ასწია კიდობანი. 18 და გაძლიერდა წყალი, და მეტისმეტად ადიდდა მიწაზე, და წავიდა კიდობანი წყლის ზედაპირზე. 19 და წყალი გაძლიერდა მეტისმეტად მიწაზე, და დაიფარა ყოველი მთა მაღალი, რაც კი იყო ცისქვეშეთში. 20 თხუთმეტი წყრთით აიწია წყალმა მათზე და დაფარა მთები. 21 და დაიღუპა ყოველი ხორციელი, რომელიც მოძრაობს მიწაზე: ფრინველთაგან, პირუტყვთაგან, ცხოველთაგან და ყოველ ქვეწარმავალთაგან, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი. 22 ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო, დაიღუპა. 23 აღიგავა ყოველივე არსებული, რაც მიწის პირზე იყო; ადამიანიდან პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე და ცის ფრინველამდე აღიგავნენ მიწიდან. და გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მის კიდობანში მყოფნი. 24 და ძლიერდებოდა წყალი ას ორმოცდაათი დღე.თავი მეექვსე                                                                                                                                                 თავი მერვე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close