ძველი აღთქმა
დაბადება
დაბადება
201 და გაემგზავრა აბრაამი ნეგების ქვეყნისაკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, გერარში. 2 და თქვა აბრაამმა თავის ცოლზე, სარაზე, რომ მისი და იყო იგი და გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ, და თავისთან მოაყვანინა სარა. 3 და მოევლინა აბიმელექს სიზმარში ღმერთი და უთხრა მას: „აჰა, შენ მკვდარი ხარ იმ ქალის გულისათვის, რომელიც მოიყვანე, რადგან ის ქმრიანია!” 4 მაგრამ აბიმელექი არ მიჰკარებია მას და ამიტომ თქვა: „ბატონო, ნუთუ მართალ ხალხსაც გაწყვეტ? 5 ხომ მითხრა მან ‘ჩემი და არისო?’ და ქალმაც თვითონ თქვა ‘ჩემი ძმა არისო!’ ჩემი გულწრფელობითა და უდანაშაულო ხელით ჩავიდინე ეს.” 6 და უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: „მეც ვიცი, რომ გულწრფელობით ჩაიდინე ეს, და მეც განგარიდე ჩემს წინაშე ცოდვისაგან. ამიტომ არ მიგაკარე მას! 7 და ახლა დაუბრუნე ცოლი ამ კაცს, რადგან წინასწარმეტყველია ის, და ილოცებს შენთვის, და იცოცხლებ. და თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, ნამდვილად მოკვდებით შენ და შენთან ერთად ყველა შენიანი.” 8 და ადგა აბიმელექი დილაადრიანად და მოიწვია ყველა თავისი მსახური, და გაიმეორა ყველა ეს სიტყვა მათ გასაგონად, და შეშინდნენ კაცები დიდად. 9 და მოიხმო აბიმელექმა აბრაამი, და უთხრა მას: „ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე, რომ მოაწიე ჩემზე და მთელ ჩემს სამეფოზე დიდი ცოდვა? საქმე, რომელიც არ ჩადენილა, ჩაიდინე ჩემთან!” 10 და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რა გქონდა განზრახული, ეს საქმე რომ ჩაიდინე?” 11 და უპასუხა აბრაამმა: „მეგონა, არ იყო ღვთის შიში ამ მხარეში, და მომკლავდნენ ჩემი ცოლის გამო. 12 ის კი მართლაც ჩემი და არის, რადგან ასულია მამაჩემისა, თუმცა დედაჩემის ასული არ არის. და გახდა ჩემი ცოლი. 13 და როცა ღმერთმა გამომიყვანა მამაჩემის სახლიდან, ვუთხარი მას: „ეს იქნება შენი მადლი, რომელსაც იზამ ჩემთვის ყოველ უცხო ადგილას, სადაც კი მივალთ. თქვი ჩემზე: ‘ჩემი ძმა არის-თქო’”. 14 და მოასხა აბიმელექმა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, მსახურნი და მხევალნი, და მისცა აბრაამს, და თან დაუბრუნა მას სარა, მისი ცოლი. 15 და უთხრა აბიმელექმა: „აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა. სადაც გნებავს, იქ დასახლდი.” 16 და სარას უთხრა: „აჰა, მივეცი შენს ძმას ათასი შეკელი ვერცხლი. ეს გქონდეს ყველასათვის თვალის ასაფარებლად, ვინც შენთანაა, და ყველას წინაშე გამართლებული ხარ.” 17 და შეევედრა აბრაამი ღმერთს და განკურნა ღმერთმა აბიმელექი და მისი ცოლი, და მისი მხევალნი, და კვლავ შობდნენ ისინი. 18 რადგან დახშული ჰქონდა უფალს აბიმელექის სახლში ყოველი საშო აბრაამის ცოლის, სარას, გამო.თავი მეცხრამეტე თავი ოცდამეერთე