დაბადება
311 და მოისმინა იაკობმა ლაბანის ძეთა სიტყვები, რომლებიც ამბობდნენ: „წაიღო იაკობმა ყოველივე, რაც ეკუთვნოდა მამაჩვენს, და იმით, რაც მამაჩვენს ეკუთვნოდა, შექმნა მთელი ეს დოვლათი.” 2 და დაინახა იაკობმა სახე ლაბანისა და აჰა, ის არ იყო ისეთი, როგორც გუშინ და გუშინწინ. 3 და უთხრა უფალმა იაკობს: „დაუბრუნდი შენი მამების ქვეყანას და შენს სანათესაოს; მე შენთან ვიქნები.” 4 და გააგზავნა იაკობმა და მოუხმო რახელსა და ლეას ველზე, თავის ფარასთან. 5 და უთხრა მათ: „მე ვხედავ თქვენი მამის სახეს, რომელიც ისეთივე არაა ჩემს მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ, მამაჩემის ღმერთი კი ჩემთან არის. 6 და თქვენ იცით, რომ მთელი ძალით ვემსახურებოდი მამათქვენს. 7 ხოლო მამათქვენმა შეურაცხმყო მე და ათჯერ შეცვალა ჩემი საზღაური. ღმერთმა კი არ დაანება ებოროტნა ჩემთვის. 8 როცა იტყოდა: ‘დაწინწკლული იყოსო შენი გასამრჯელო,’ მაშინ მთელი პირუტყვი დაწინწკლულს იგებდა; და თუ იტყოდა: ‘ზოლიანი იყოსო შენი გასამრჯელო’, მთელი საქონელი ზოლიანს იგებდა. 9 ასე წაართვა ღმერთმა ფარები მამათქვენს და მე მომცა. 10 და იყო ცხვრის ახურების ჟამს, ავაპყრე თვალი და ვიხილე სიზმრად, რომ ვაცები და ვერძები ნერბავენ ფარას და სულ ჭრელი, დაწინწკლულები და ხალიანები იყვნენ. 11 და მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: ‘იაკობ’, და მე ვუპასუხე ‘აქა ვარ’, 12 და თქვა: ‘აღაპყრე თვალები და შეხედე – ყველა ვაცი და ვერძი ფარაზე ამავალი, ჭრელი, დაწინწკლული და ხალიანებია, რადგან ვხედავ ყველაფერს, რასაც ლაბანი გიკეთებს შენ. 13 მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც სვეტს სცხე ზეთი, სადაც აღმითქვი მე აღთქმა. ახლა, ადექი, გადი ამ ქვეყნიდან და დაუბრუნდი შენი შობის ქვეყანას.” 14 და მიუგეს რახელმა და ლეამ, და უთხრეს მას: „ნუთუ კიდევ გვიძევს ჩვენ წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში? 15 განა უცხოებად არ გვთვლის ის? რადგან გაგვყიდა ჩვენ და შეჭამა ჩვენი ვერცხლი. 16 ამიტომ მთელი სიმდიდრე, რომელიც წაართვა ღმერთმა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. და ახლა გააკეთე ყოველივე, რაც გითხრა შენ ღმერთმა.” 17 და ადგა იაკობი და შესხა თავისი შვილები და თავისი ცოლები აქლემებზე, 18 და გზას გაუყენა მთელი თავისი სამწყსო და მთელი თავისი ქონება, რაც შეძენილი ჰქონდა, თავისი საკუთარი ფარა, რაც შეიძინა შუამდინარეთში, რათა წასულიყო ისაკთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში. 19 ლაბანი კი წასული იყო თავისი ცხვრის გასაპარსად; და რახელმა მოიპარა თავისი მამის საოჯახო კერპები. 20 და იაკობმა გული მოპარა ლაბან არამელს – არ განუცხადა მას, რომ გარბოდა მისგან. 21 და გაიქცა იგი და ყველაფერი, რაც კი ებადა, თან წაიღო. და გადავიდა მდინარეზე, და პირი გილყადის მთისაკენ ქნა. 22 და ეუწყა ლაბანს მესამე დღეს, რომ იაკობი გაიქცა. 23 და თან წაიყვანა თავისი თანამოძმენი და სდია მას შვიდი დღის სავალზე, და დაეწია მას გილყადის მთაზე. 24 და მივიდა ღმერთი არამელ ლაბანთან სიზმარში ღამით და უთხრა მას: „ფრთხილად იყავი, ნუ ეტყვი იაკობს ნურც კარგსა და ნურც ავს.” 25 და როცა დაეწია ლაბანი იაკობს, იაკობს გაშლილი ჰქონდა კარავი მთაზე, და ლაბანმაც გაშალა კარავი გილყადის მთაზე თავის თანამოძმეებთან ერთად. 26 და ლაბანმა უთხრა იაკობს: „რატომ გაძვერი და წაასხი ჩემი ასულნი მახვილის ტყვეებივით? 27 რად გაიქეცი ფარულად, მიმუხთლე და არ განმიცხადე, რომ გამესტუმრებინე მხიარულებით და სიმღერით, ებნითა და ქნარით. 28 და არ მაკოცნინე ჩემი ძეებისა და ასულებისათვის. უგუნურად მოიქეცი. 29 აქვს ჩემს ხელს ძალა, რომ ბოროტი გიყო, მაგრამ მამათქვენის ღმერთმა მითხრა წუხელ: ‘გაფრთხილდი, ნუ ეტყვი იაკობს ნურც კარგსა და ნურც ავსო.’ 30 ახლა კი მიდიხარ, რაკი მოგნატრებია სახლი მამაშენისა, მაგრამ ჩემი ღმერთები რაღად მოიპარე?” 31 და მიუგო იაკობმა და უთხრა ლიბანს: „რადგან მეშინოდა, რომ არ წაგერთმია ჩემთვის შენი ასულნი. 32 ხოლო რაც შეეხება შენს ღმერთებს, ვისთანაც მათ იპოვნი, ნუ იცოცხლოს მან! ჩვენს ძმათა წინაშე ამოიცანი, რაც კი არის ჩემთან, და წაიღე, რაც შენ გეკუთვნის.” და არ იცოდა იაკობმა, რომ რახელმა მოიპარა ისინი. 33 და შევიდა ლაბანი იაკობის კარავში და ლეას კარავში და ორივე მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. და ლეას კარვიდან ის შევიდა რახელის კარავში. 34 და რახელმა აიღო საოჯახო ღმერთები და აქლემის უნაგირს ქვეშ ამოდო ისინი და ზედ დაჯდა. და გაჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი, მაგრამ ვერ იპოვა. 35 და უთხრა თავის მამას: „ნუ განმირისხდება ჩემი ბატონი, მაგრამ არ შემიძლია ადგომა შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს.” და გულდასმით ეძება ლაბანმა, და ვერ იპოვა საოჯახო ღმერთები. 36 და განრისხდა იაკობი და შეედავა ლაბანს. და მიუგო იაკობმა ლაბანს და უთხრა: „რა დავაშავე, რა შევცოდე, რომ ასე გაცეცხლებული დამდევნებიხარ? 37 ხომ გაჩხრიკე მთელი ჩემი ნივთები, რა იპოვე შენი ნივთებიდან? დააწყვე აქ შენს და ჩემს ძმათა წინაშე და მათ განგვსაჯონ! 38 ეს ოცი წელია შენთან ვარ და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდარი არ მოუგიათ, შენი ფარის ვერძები არ მიჭამია. 39 ნამხეცავი შენთან არ მომიტანია – მე ვზარალობდი, ჩემი ხელიდან ითხოვდი საზღაურს, როგორც ღამით მოპარულისას, ისე დღისით მოპარულისას. 40 დღისით ხორშაკი მწვავდა და ღამით ყინვა, და არ მიკარებია ძილი ჩემს თვალებს. 41 აჰა, ეს არის ჩემი ოცი წელი შენს სახლში: გემსახურებოდი თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისათვის, და ექვსი წელი შენი ცხვრებისათვის; და გასამრჯელო ათჯერ შემიცვალე. 42 და რომ არ ყოფილიყო ჩემთან ღმერთი მამაჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისაკისა, შენ ახლა ცარიელს გამისტუმრებდი. ჩემი ტანჯვა და ჩემი ხელების ჯაფა იხილა ღმერთმა და გამხილა წუხელ!” 43 და მიუგო ლაბანმა იაკობს და უთხრა: „ეს ასულები ჩემი ასულები არიან, და ეს ვაჟები ჩემი ძენი არიან, ეს ფარები ჩემი ფარებია. და ყოველივე, რასაც ხედავ, ჩემია. ჩემს ასულებს ან მათ ძეებს, რომლებიც მათ შვეს, რა ვუყო ახლა? 44 ახლა მოდი, დავდოთ აღთქმა მე და შენ; და ეს იყოს მოწმედ ჩემსა და შენს შორის.” 45 და აიღო იაკობმა ქვა და აღმართა იგი ძეგლად. 46 და უთხრა იაკობმა თავის ნათესავებს: „მოაგროვეთ ქვები.” და აიღეს ქვები და აღმართეს ბორცვი, და ჭამეს იქ, ბორცვზე. 47 და უწოდა მას ლაბანმა იეგარ-საჰადუთა. და იაკობმა უწოდა მას გალყადი. 48 და თქვა ლაბანმა: „ეს იყოს მოწმედ დღეს ჩვენს შორის.” და ამიტომ ეწოდა მას გალყადი. 49 და აგრეთვე მიცფა, რადგან თქვა: „მეთვალყურეობდეს უფალი ჩემსა და შენს შორის, როცა მივეფარებით ერთმანეთის თვალს. 50 თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს, თუ მოიყვან სხვა ცოლებს ჩემი ასულების გარდა, რომც არავინ იყოს ჩვენთან, იცოდე, ღმერთია მოწმე ჩემსა და შენს შორის.” 51 და უთხრა ლაბანმა იაკობს: „აჰა, ეს ბორცვი და აჰა, ეს ძეგლი, რომელნიც აღვმართე ჩემსა და შენს შორის – 52 ეს ბორცვი იყოს მოწმე და მოწმეა ეს ძეგლი, რომ მე არასოდეს გადმოვლახავ შენსკენ ამ ბორცვს, და რომ შენც არ გადმოლახავ ჩემსკენ ამ ბორცვს და ამ ძეგლს საბოროტოდ. 53 აბრაამის ღმერთმა და ნახორის ღმერთმა განსაჯოს ჩვენს შორის, მათი მამების ღმერთმა.” და დაიფიცა იაკობმა თავისი მამის, ისაკის შიში. 54 და დაკლა იაკობმა საკლავი, და მოუხმო თავის მოძმეებს პურის საჭმელად; და მათ ჭამეს პური და გაათიეს მთაზე. 55 და ადგა ლაბანი დილაადრიანად და აკოცა თავის შვილიშვილებს და თავის ასულებს, და აკურთხა ისინი, და წავიდა და დაუბრუნდა თავის მხარეს.