ლევიანნი 22

By
აპრილი 27, 2015
ძველი აღთქმა
ლევიანნი

221 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „უთხარი აარონსა და მის ძეთ, რომ ეკრძალნენ ისრაელის ძეთა სიწმიდეებს, და არ წაბილწონ ჩემი წმიდა სახელი. ისინი არიან ჩემი შემომწირველნი, მე ვარ უფალი. 3 „უთხარი მათ: ‘თქვენს თაობებში თუ ვინმე თქვენი თესლიდან მიეახლოს სიწმიდეებს, რომლებსაც სწირავენ ისრაელის ძენი უფალს, და მასზე უწმიდურებაა, მოსპობილ იქნება ის სული ჩემს წინაშე. მე ვარ უფალი. 4 „‘არც ერთი კაცი აარონის თესლიდან, თუ ის კეთროვანია, ან აქვს გამონადენი, არ უნდა ჭამდეს სიწმიდეთაგან, სანამ არ გასუფთავდება. და ვინც შეეხება მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც დაემართება თესლდენა, 5 ან ვინც შეეხება რომელიმე ქვემძრომს, რომლისგანაც გაუწმიდურდება, ან კაცს, რომელიც გააუწმიდურებს მას თავისი რომელიმე უწმიდურებით, 6 ვინც კი შეეხება მას, უწმიდური იქნება საღამომდე, და არ შეიძლება ჭამდეს სიწმიდეთაგან, სანამ არ განიბანს სხეულს წყლით. 7 და როცა ჩავა მზე და გასუფთავდება, შეუძლია ჭამოს სიწმიდეთაგან, რადგან ეს მისი საკვებია. 8 მძორი და ნამხეცავი არ ჭამოს, რათა არ წაიბილწოს. მე ვარ უფალი. 9 „‘და დაიმარხონ ჩემი სამარხო, რათა არ ატარონ ცოდვა და არ დაიხოცნენ მასში, როცა წაბილწავენ მას. მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი. 10 „‘და არც ერთმა უცხომ არ ჭამოს წმიდა, არც მღვდლის ხიზანმა და მოჯამაგირემ არ ჭამოს წმიდა. 11 თუ მღვდელი შეიძენს მონას თავისი ვერცხლით, მაშინ მას შეუძლია ჭამოს მისგან. აგრეთვე მის სახლში დაბადებულთ შეუძლიათ ჭამონ მისი პური. 12 და თუ მისი ასული უცხო მამაკაცს გაჰყვა ცოლად, ქალმა არ უნდა ჭამოს სიწმიდეთაგან. 13 და თუ მღვდლის ასული იყოს ქვრივი ან ქმარგაშვებული და შვილი ჰყავდეს მას, და დაუბრუნდეს იგი თავის მამის სახლს, როგორც თავის სიყმაწვილეში, ისე ჭამოს პური თავისი მამისა. უცხოს არ შეუძლია ჭამოს იგი. 14 „‘თუ ვინმემ ჭამოს წმიდა შეცდომით, დაურთოს მისი მეხუთე წილი მას და მისცეს მღვდელს წმიდასთან ერთად. 15 არ წაბილწონ ისრაელის ძეთ სიწმიდენი, რომლებსაც ისინი აღუმართავენ უფალს. 16 და არ დაიდონ ბრალი დანაშაულზე, თუ შეჭამენ მათ სიწმიდეებს, რადგან მე ვარ უფალი, მათი გამწმედელი.’” 17 და ელაპარაკა უფალი მოსეს: 18 „ელაპარაკე აარონს და მის ძეთ, და ყველა ისრაელის ძეს და უთხარი მათ: ‘თუ ვინმემ, ისრაელის სახლიდან და ისრაელში ხიზანთაგან, შესწიროს მსხვერპლი თავისი რომელიმე აღთქმისათვის, ან ამა თუ იმ გულმოდგინებისათვის, რომელსაც სწირავენ უფალს სრულადდასაწველად, 19 იმისათვის რომ წყალობა მოიპოვოთ, უნდა იყოს უმანკო, მამალი, მსხვილფეხა საქონლიდან, ცხვართაგან ან თხათაგან. 20 ყოველი, რომელსაც აქვს ხინჯი, არ შესწიროთ, რადგან ამით თქვენ ვერ მოიპოვებთ წყალობას. 21 თუ ვინმე შესწირავს უფალს სამშვიდობო მსხვერპლს აღთქმის აღსასრულებლად ან ძღვნისათვის მსხვილფეხა ან წვრილფეხა საქონლიდან, მაშინ შესაწირავი უნდა იყოს უმანკო, რათა სათნო იყოს იგი. არავითარი ნაკლი არ ჰქონდეს მას. 22 ბრმა, ან დასახიჩრებული, ან დასერილი, ან დაკოჟრებული, ან ქეციანი არ შესწიროთ უფალს, და საცეცხლო შესაწირავად არ მისცეთ ისინი სამსხვერპლოზე უფლისათვის. 23 მოზვერი ან კრავი, რომელსაც მეტისმეტად გრძელი ან მოკლე ასოები აქვს, შეგიძლიათ ძღვნად შესწიროთ, ხოლო აღთქმისათვის არ იქნება სათნო. 24 და პირუტყვი, რომელსაც აქვს გაჭყლეტილი, გასრესილი, მოგლეჯილი ან ჩამოგლეჯილი ასოები, არ შესწიროთ უფალს. თქვენს ქვეყანაში არ გააკეთოთ ეს. 25 უცხოელის ხელიდან არ შესწიროთ პური თქვენს ღმერთს ამ ყოველთაგან, რადგან ნაკლია მათში. არ იქნებიან მიღებულნი ისინი თქვენთვის წყალობით.’” 26 და უთხრა უფალმა მოსეს: 27 „ხბო, კრავი ან თიკანი რომ დაიბადოს, შვიდი დღე იყოს დედასთან, მერვე დღიდან და მერე კი სათნოა საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის. 28 ძროხა ან ცხვარი არ დაკლათ ერთ დღეს თავის ნაშობთან ერთად. 29 „რომ შესწირავთ სამადლობელო მსხვერპლს უფალს, შესწირეთ იგი იმგვარად, რომ მან შეგძინოთ თქვენ წყალობა. 30 იმავე დღეს შეიჭამოს იგი, არ დატოვოთ მისგან განთიადამდე. მე ვარ უფალი. 31 „დაიცავით ჩემი მცნებანი და აღასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი. 32 არ წაბილწოთ ჩემი წმიდა სახელი, რათა მე ვიყო ისრაელის ძეთა შორის წმიდა. მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი, 33 თქვენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენთვის ღმერთად. მე ვარ უფალი.”

თავი ოცდამეერთე                                                                                                                               თავი ოცდამესამე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close